Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეხ კაჩინსკის ცხედარი ვარშავაში გადაასვენეს


პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავით ვარშავაში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცხედარი გადაასვენეს. კაჩინსკი შაბათს დასავლეთ რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. კაჩინსკის ცხედარს სამხედრო აეროპორტში დახვდნენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბრონისლავ კომოროვსკი, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და სხვა ოფიციალური პირები. მანამდე, ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე პოლონეთში ორწუთიანი დუმილი დაიცვეს პრეზიდენტ კაჩინსკის და იმ სხვა პოლიტიკოსების თუ ოფიციალური პირების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

პოლონეთი დაღუპულ პრეზიდენტს დასტირის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00

ავარია მოხდა ძლიერი ნისლის პირობებში, როცა ტუ-154, რომელშიც კაჩინსკი იმყოფებოდა, სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. კაჩინსკისთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, პოლონეთის არმიის შტაბის უფროსი, პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები. მათ მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბრონისლავ კომოროვსკის განცხადებით, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ორი კვირის განმავლობაში დადგინდება. რუსეთმა ორშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვის გამო 11 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე ”საქართველოს ინტერესების დაცვაში გამოჩენილი გმირობის გამო”. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სამძიმრის წიგნი გაიხსნა, რომელშიც ჩანაწერის შეტანა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
XS
SM
MD
LG