Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიაში დევნილები დახმარების მოლოდინში არიან


სოფელ ანაკლიაში დევნილთა ე.წ. ახალ დასახლებაში გალელებისა და ოჩამჩირელების 26 ოჯახი ცხოვრობს. ისინი დღემდე დახმარების მოლოდინში არიან.

წვიმის წყლისაგან დაზიანებული ფანჯრები
2003 წელს აშენებულ სახლებში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია. კოტეჯებს დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც სახლების უმრავლესობაში ჩადის წვიმა. ჩამოშლილი და დამპალია კარ-ფანჯარა. ამიტომ, დევნილები პირობების გაუმჯობესებას საკუთარი სახსრებით ცდილობენ, თუმცა შემოსავალი, რომელიც ერთ სულზე ყოველთვიურად 22 ლარია, ამის საშუალებას არ იძლევა.

”სახლები ერთ წელიწადში გაფუჭდა. ნედლი ხის მასალისგან გააკეთეს კარ-ფანჯრები და იატაკი და მალევე დალპა. სახურავი თითქმის ყველა სახლს დაზიანებული აქვს და შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ”, - ამბობენ აფხაზეთიდან დევნილები.

დევნილთა დასახლებაში 50-მდე მოზარდი ცხოვრობს, რომელთა ნაწილი განათლების მიღებას ვერ ახერხებს. მათი მშობლების განცხადებით, დასახლებასთან ახლოს არც საბავშვო ბაღია და არც სკოლა.

”ბავშვები განთლებას ვერ იღებენ, არც ბაღი არის სკოლაში წასვლამდე რაღაცა რომ ისწავლონ ბავშვებმა. სკოლა კიდევ 8 კილომეტრშია და ბავშვები ფეხით სიარულს ფიზიკურად ვერ ახერხებენ. პრეზიდენტი რომ ამბობს - ბავშვებმა პატარაობისას უნდა ისწავლონ ინგლისური ენაო - როგორ და სად ისწავლონ?” - ამბობს ერთერთი მოზარდის მშობელი.

საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თხოვნით დევნილებმა შარშან განცხადებით მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

”პირადად მე ვიყავი სამინისტროში და მინისტრის კობა სუბელიანის სახელზე შევიტანე განცხადება, მაგრამ პასუხი დღესაც არ მიგვიღია”, - ჰყვება გალელი ქალი.

არსებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად რადიო თავისუფლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს ლევან მიქავას დაუკავშირდა, რომელმაც სამინისტროს პრესსამსახურის დაუკითხავად კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. თუმცა, საუბარში აღნიშნა, რომ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, 2013 წლისთვის იძულებით გადაადგილებული ყველა პირი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული იქნება.
XS
SM
MD
LG