Accessibility links

logo-print
პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო სიების მონიტორინგი დასრულდა და წარმოდგენილი მასალა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 აპრილს საზოგადოებას გააცნო. რჩება ბოლო, დასკვნითი, კვირა, როდესაც ცესკო ისაუბრებს იმაზე, თუ რა ხასიათის და რაოდენობის ხარვეზი გამოსწორდა პოლიტიკური ძალების მიერ ბოლო ორი თვის განმავლობაში. თავად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების შემოწმებისას 80 000-მდე დარღვევა აღმოაჩინა.

საარჩევნო სიებში აღმოჩენილი ხარვეზების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ცესკოს მიერ გამოვლენილი 80 000 შემთხვევა, თუმცა საბოლოოდ 18 აპრილს გავიგებთ, როგორ დაამუშავა ცესკომ აღნიშნული ხარვეზები და, რაც მთავარია, როგორ აისახა ისინი საარჩევნო სიებზე. მანამდე კი, რადგან საარჩევნო სიების მონიტორინგის ვადა 10 აპრილს ამოიწურა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქართული არასამთავრობო და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მედიას დღეს ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ვთქვით, ცესკომ სიებში 80 000-მდე დარღვევა აღმოაჩინა. კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, შეცდომები, ძირითადად, სახელებსა და გვარებში, მისამართებსა და თარიღებშია ნაპოვნი. გასწორდა ისეთი შეცდომებიც, როგორიც ერთ ბინაში 20 ან 20-ზე მეტი ადამიანის დარეგისტრირების ფაქტებს ეხებოდა.

”ძირითად ხარვეზად ჩვენ ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილების არსებობას, ასევე დუბლირებას განვიხილავთ. ასევე პოლიტიკური პარტიები მიუთითებენ იმაზე, რომ მოქალაქეები არ ცხოვრობენ იქ, სადაც არიან რეგისტრირებულები და რომ მოქალაქეები იმყოფებიან საზღვარგარეთ.”

80 000 ხარვეზი გასწორდაო, ამბობს ხატარიშვილი. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილ შეცდომებს სიებში, ეს პროცესი დღესაც გრძელდება:

”პოლიტიკური პარტიების მხრიდან წარმოდგენილი ხარვეზების ნაწილი უკვე გასწორებულია სიებში. ასეთია დაახლოებით 2000-მდე მონაცემი, მაგრამ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.”

12 აპრილს ცესკოს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელიც ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ ”საია” ჩართულია ცესკოს საარჩევნო სიების მონიტორინგის ჯგუფში და მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტები გეგმავენ მონიტორინგი ახლა უკვე ცესკოს მიერ ჩატარებულ საქმიანობას გაუწიონ. თამარ ხიდაშელის შეფასებით, ახლა მთავარია დავინტერესდეთ, მაგალითად, დუბლირების პრობლემით - რატომ მოხდა, რომ ათეულობით ამომრჩეველი ერთსა და იმავე მისამართზე, ბინის მფლობელის სურვილის საწინააღმდეგოდ, იყო რეგისტრირებული.

ხარვეზების რაც შეიძლება დროული გამოსწორება მიაჩნია ცესკოს მთავარ ამოცანად „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს ეკა სირაძე-დელონესაც.

12 აპრილს, ცესკოს პრეზენტაციის პარალელურად, მედიას სიების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარუდგინა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ალიანსი საქართველოსთვის”. მათ მიერ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სულ 579 საარჩევნო უბანი გადამოწმდა. მონაცემების დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ შორის ხარვეზიანი 70.018 ჩანაწერი იყო, რაც გადამოწმებული სიის 20.6 პროცენტს შეადგენს.

მონიტორინგის დროს თბილისში გამოვლენილ დარღვევებს შორის „ალიანსმა” აღმოაჩინა 12.195 ხელოვნურად მიწერილი ამომრჩეველი, 2559 გარდაცვლილი პირი, რომელიც საარჩევნო სიიდან ამოღებული არ არის, 13.979 ისეთი პირი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, 35.426 პირი, რომელიც სიაში მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს, 700 ჯარისკაცი ან პატიმარი. საარჩევნო სიაში არ არსებობს 5.160 მისამართი.

„ალიანსი“ ძირითად მოთხოვნებს ორი - სარჩევნო ადმინისტრაციისა და პროკურატურის - მისამართით გზავნის. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე აცხადებს, სწორედ მათ რეაგირებაზე იქნება დამოკიდებული მათი პოლიტიკური ძალის შემდგომი მოქმედება.

„ალიანსს“ იმედი აქვს, რომ 1 მაისამდე ცესკო შეეცდება გასწორდეს „ალიანსის“ მიერ აღმოჩენლი ყველა უზუსტობა, რასაც 1-დან 19 მაისამდე “ალიანსისათვის“ შესწორებული სიების გადაცემა უნდა მოჰყვეს. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება “ალიანსს” ასევე იმის საშუალება, რომ გადაამოწმოს, რამდენად შეასწორა ცესკომ მათ მიერ მითითებული დარღვევები.

დაბოლოს, არჩევნებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლე: როგორც 12 აპრილს გაირკვა, მნიშვნელოვნად მცირდება ვიდეოთვალების რაოდენობა საარჩევნო უბნებზე. ისინი მხოლოდ საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში - დარჩება. ხარატიშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეფუძნება.
XS
SM
MD
LG