Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორმალიზების მცდელობა პოლონეთში


პოლონეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალიზებას ცდილობენ მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფამ სახელმწიფოს პირველი პირისა და ათობით სამოქალაქო და სამხედრო ლიდერის სიცოცხლე შეიწირა. მთავრობა ვარშავაში სწრაფად მოქმედებს, რათა შეძლებისდაგვარად მალე შეავსოს პოსტები, რომლებიც შაბათის ტრაგედიის შედეგად დაცარიელდა.

პოლონეთის პრეზიდენტის ავიალაინერის კატასტროფამ ამ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის ათობით წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად, კიდევ 95 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის პოლონეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილე, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის, სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლები, კათოლიკური ეკლესიის მაღალი რანგის წარმომადგნლები, მეორე მსოფლიო ომის და კომუნისტურ რეჟიმთან ბრძოლის ვეტერანები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრმა, ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში პოლონეთის საელჩოში, სადაც სამძიმრის გამოსახატად იყო მისული, ყურადღება გაამახვილა იმ ადამიანებზე, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდათ მოძრაობა „სოლიდარობის“ ბრძოლაში. კლინტონმა როგორც აღნიშნა, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პოლონეთმა დაკარგა, ბევრი იყო მოძრაობა „სოლიდარობის“ წამყვანი ფიგურა და აქტიური მომხრე, „სოლიდარობა“ კი პოლონეთს, კომუნისტური რეჟიმის წლებში, თავისუფლებისაკენ უძღვებოდაო, დასძინა კლინტონმა. მისივე თქმით, ეს ადამიანები „დიდ მემკვიდრეობას ტოვებენ - მემკვიდრეობას, რომელიც ყოველთვის დარჩება“.

პოლონეთის მთავრობა სწრაფად მოქმედებს ტრაგედიით გამოწვეული აუცილებელი საკადრო ცვლილებების განსახორციელებლად. კვირას, ანუ ავიაკატასტროფის მომდევნო დღეს, უკვე დანიშნული იყვნენ სამხედრო სარდლების მოვალეობის შემსრულებლები. დასახელებულია გარდამავალ პერიოდში ცენტრალური ბანკის დირექტორის ვინაობაც - მასთან, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის თავმჯდომარე ბრონისლავ კომოროვსკის ორკვირიანი ვადა აქვს საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად. არჩევნების ჩასატარებლად 60-დღიანი ვადაა განსაზღვრული.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“ მოჰყავს პოლონელი ექსპერტის, კაზიმეჟ კიკის მოსაზრება, რომ პოლიტიკური, სამხედრო და რლიგიური ელიტის ათობით წარმომადგენლის დაკარგვა მძიმე გამოცდის წინაშე აყენებს ახალგაზრდა დემოკრატიას. დემოკრატიული ინსტიტუტები, მისი შეფასებით, უკვე ძლიერია, მაგრამ ავიაკატასტროფის შედეგად მთლიანად, ხალხია ტრავმირებული. მითუმეტეს, რომ 10 აპრილის, სმოლენსკის ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ, კატინის ტრაგედიას გადაეჯაჭვა: პოლონეთის უმაღლესი რანგის დელეგაცია პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით რუსეთში მიემგზავრებოდა, რათა პატივი მიეგო 60 წლის წინ, სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში დახოცილი პოლონელების - სამხედრო და ინტელექტუალური ელიტის ათასობით წარმომადგენლის ხსოვნისთვის.
XS
SM
MD
LG