Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ყირგიზეთისგან მადლობა და საყვედური მიიღო


საქართველოს მიერ ყირგიზეთში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი, რაც, ძირითადად, მედიკამენტებს შეადგენს, გასული კვირის სისხლიანი მოვლენების შედეგად დაშავებული ადამიანებისთვის არის გამიზნული. თბილისის ამ ჰუმანიტარულ ნაბიჯს ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მხრიდან მოჰყვა როგორც გულითადი მადლობა, ასევე ერთგვარი საყვედური ქვეყანაში 7 აპრილის შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა არ ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში გარეშე ძალა მონაწილეობს.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ამ ეტაპზე ასევე დროებითი მთავრობა აკონტროლებს, განუმარტავს საქართველოს, რომ ყირგიზეთში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მისამართით ხალხში დაგროვილმა უკმაყოფილებამ გამოიწვია, უკმაყოფილება კი გაუსაძლისმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, გაბატონებულმა კლანურმა მმართველობამ და კორუფციამ დააგროვა. დროებითი მთავრობის საგარეო უწყება დარწმუნებით აცხადებს, რომ სისხლისმღვრელ პროცესებთან, რამაც დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, არავითარი კავშირი არ აქვს გარეშე ძალას. ხსენებული უწყება განმარტებებს იმ განცხადების საპასუხოდ აკეთებს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. 8 აპრილს მანჯგალაძემ თქვა, რომ ”საქართველოს ხელისუფლება დიდი შეშფოთებით უყურებს ბიშკეკში განვითარებულ მოვლენებს”, რომ ”მხოლოდ ყირგიზი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ უნდა იყოს ყირგიზეთის მთავრობაში” და რომ აშკარაა რუსეთის მიზნებიც:

”...ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უხეშად ერევა ყირგიზეთის შიდა საქმეებში და ცდილობს ითამაშოს გეოპოლიტიკური თამაშები ყირგიზი ხალხის ხარჯზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც დედაქალაქს აკონტროლებს, არ გამოაყენებინონ გარე ძალებს თავი ხალხისა და ქვეყნის ფუძემდებლური ინტერესების საწინააღმდეგოდ.”

გეოპოლიტიკური ინტერესების გამო რუსეთი ყირგიზეთზე მეტი ზეგავლენის მოპოვებას აქტიურად რომ ცდილობს, ეს ირაკლი სესიაშვილისთვისაც ცხადია, თუმცა სახელმწიფო გადატრიალების მთავარ მიზეზად ის ხალხის უკმაყოფილებას ასახელებს:

”ფაქტია, რომ ყირგიზეთის მოსახლეობა გამოხატავდა დიდ უკმაყოფილებას არსებული ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ძირითადი ამოსავალი, თუ ვინმე ეძებს რატომ განმეორდა იქ რევოლუცია, ალბათ, მიზეზები ისევ იმ ხელისუფლების ქმედებებში უნდა ვეძებოთ და არა გარე ფაქტორებში, რითაც ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ პარალელებს ავლებს... ჩვენი ხელისუფლება, თავის მხრივ, ცდილობს გაექცეს იმ რეალურ მიზეზებს, რის გამოც ხალხი პროტესტს გამოთქვამს...”

ირაკლი სესიაშვილისგან განსხვავებით, ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, პირველ რიგში, რუსეთის ფაქტორს უსვამს ხაზს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი. ის ამბობს, რომ ბაკიევის რეჟიმმა ყირგიზეთში მართლაც შექმნა ნიადაგი ხალხის ძლიერი უკმაყოფილებისთვის, მაგრამ ეს უარყოფითი მუხტი სათავისოდ გამოიყენა რუსეთმა:

”პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რუსეთის პირდაპირი გეგმა და მათი განხორციელებულია. მოტივიც გასაგებია - მათ უნდათ, რომ ექსკლუზივი აიღონ ავღანეთისკენ მიმავალი ტვირთების ტრანზიტის საქმეში და ამით ნატო გახადონ ძალიან დამოკიდებული მათზე. გადატრიალება პირველ რიგში შიდა პრობლემებით რომ ყოფილიყო გამოწვეული, მაშინ მანასი გაახსენდებოდათ მინიმუმ ერთი თვის შემდეგ...”

ანდრო ბარნოვის მსგავსად, ბევრ სხვა ანალიტიკოსსაც საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ ყირგიზეთში განვითარებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ საკმაოდ სწრაფად დაიწყო საუბარი მანასის ამერიკულ საჰაერო ბაზაზე, საიდანაც შეერთებული შტატები ავღანეთში განლაგებულ სამხედრო ძალებს ამარაგებს. მანასის ბაზაზე მალევე ალაპარაკდნენ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლები და გამოთქვამდნენ ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავ ვარაუდებს ამ ობიექტის სამომავლო ბედთან დაკავშირებით. ამავე თემაზე არაერთი განცხადება გაკეთდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატების მხრიდანაც და ძირითადი შინაარსი ის იყო, რომ ბაკიევის რეჟიმი ორმაგი თამაშის გამო დაისაჯა. ცნობილია, რომ შარშან კრემლის დახმარების სანაცვლოდ ბიშკეკმა მანასის ბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა იჯარის თანხა გაუსამმაგა და ქვეყანას დამატებითი ფინანსები გამოუყო, ყირგიზეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მანასის საჰაერო ბაზას ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება მისცა.

თუმცა, აი, 7 აპრილიდან კვლავ გაჩნდა კითხვის ნიშნები და სწორედ ამ სისხლიანი თარიღის შემდეგ მანასის ბაზა, გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდულ რეჟიმში მოქმედებს. მართალია, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერის როზა ოტუნბაევას განცხადებით, ის არ აპირებს ამერიკული ბაზის დახურვას და ეს მან რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბაზის მომავალზე ანალიტიკოსები მაინც კითხვის ნიშნების თანხლებით ლაპარაკობენ. ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთი საკუთარი ბაზის გაძლიერებას ყირგიზეთში ამერიკული ბაზის შევიწროების პარალელურად შეეცდება.

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ გაკეთებულა ვაშინგტონის სახელით. მეტიც, თეთრი სახლი არ იზიარებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ყორგიზეთში მიმდინარე მოვლენები ერთგვარი ”ანტიამერიკული გადატრიალება” იყოს. ამ შინაარსის განცხადება რუსეთის საკითხებში ბარაკ ობამას მთავარმა მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმა გააკეთა 8 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრაღაში. მისი განცხადების მიხედვით, გადატრიალება ყირგიზეთში რუსეთის დაფინანსებული არ არის. ”ჩვენ საერთო ინტერესებსა და ყირგიზეთში უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ და ეს საუბარი უნაშთო თამაშის პრინციპს არ ეფუძნება. ჩვენ აქ არსებულ საერთო ინტერესებზე ვმსჯელობთ“, - თქვა პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ამ შინაარსის განცხადებებით ამერიკა თავს იკავებს სიტუაციის გართულებისგან ყირგიზეთში. ხოლო რაც შეეხება მანასის ბაზასთან დაკავშირებულ ინტერესებს, ვაშინგტონი ამ ინტერესებს ასე იოლად არ დათმობს.

ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების კონკრეტული შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თავშეკავება გაგრძელდება მანამ, ვიდრე ყირგიზეთში შექმნილი სიტუაცია დასტაბილურდება და ქვეყნის სამომავლო გეგმები გამოიკვეთება.

შესაბამისად, ამ ფონზე, ექსპერტების აზრით, ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების შეფასება არც საქართველოს სახელმწიფომ უნდა იჩქაროს და მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ასეთები იხსენებენ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითს, როდესაც ერთი კანდიდატის წინასწარმა მყვირალა მხარდაჭერამ მეორის გამარჯვების შემდეგ საქართველოს არცთუ სახარბიელო შედეგები მოუტანა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG