Accessibility links

47 სახელმწიფოს მეთაური ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტს მასპინძლობს. სამიტზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ბარაკ ობამას პირადად არ შეხვდება.

კვირას ბარაკ ობამამ ასე ჩამოაყალიბა ის თემა, რომლის განსახილველადაც მიიწვია მან მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები:

„ამ ბირთვული სამიტის მთავარი თემაა ფაქტი, რომ აშშ-ის უსაფრთხოებას უახლოეს, ახლო თუ შორეულ მომავალში ემუქრება იმის შესაძლებლობა, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ხელში ჩაიგდონ ატომური იარაღი.“

როგორც ითქვა, სტუმართა რიცხვი 47-ია. სამ მათგანს - სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს, ზუმას, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, სინგხს, და ყაზახეთის პრეზიდენტს, ნაზარბაევს, - ობამა უკვე კვირას შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ მან სამიტის მიზნებზე ილაპარაკა და დასძინა:

„სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში დიდი რაოდენობით დაუცველი ბირთვული მასალაა. ამდენად, სამიტის მთავარი თემაა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმართვა იქითკენ, რომ ზუსტად დადგენილ ვადებში, სრულიად გარკვეული გეგმით განხორციელდეს ბირთვული მასალების დაცვა.“

ეს საგანგებო შეხვედრა ობამას იმ დიდი მიზნის ნაწილია, რომ მსოფლიო ბირთვული იარაღისგან განთავისუფლდეს. თუმცა ობამამ თვითონ აღიარა, რომ ის შეიძლება ამ მიზნის საბოლოოდ მიღწევას ვერც მოესწროს. 9 აპრილს პრესკონფერენეციაზე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენ როდისმა განაცხადა, სამიტზე 47 სახელმწიფოს მეთაურების ჩამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ტერორისტებისგან მოსალოდნელი საფრთხე მართლაც დიდიაო:

„ამდენი სახელმწიფოს შეხვედრა ამ თემაზე უპრეცედენტოა. უპრეცედენტოა იმიტომ, რომ ბირთვული უსაფრთხოების საკითხის გამო ადრე ამდენი სახელმწიფო ამ დონეზე არასოდეს შეკრებილა. ათწლეულების მანძილზე ეს ერთი საკითხის გარშემო უდიდესი შეხვედრაა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი მასპინძლობს. ბოლო ასეთი სამიტი სან-ფრანცისკოში მოეწყო გაეროს შესახებ 1946 წელს. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ფაქტი ხაზს უსვამს ბირთვული ტერორიზმის საფრთხის სერიოზულობას.“

ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მოსდევს პრაღაში ბირთვული იარაღის შესახებ რუსეთსა და აშშ-ს შორის შეთანხმების ხელმოწერას. ახლახანვე ობამამ გამოაქვეყნა ახალი ბირთვული სტრატეგია, რომელიც ამცირებს აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს. ამ სამი მოვლენის ერთობა, როდისის აზრით, ობამასთვის წარმოადგენს შესანიშნავ იმპულსს, წინ წასწიოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის იდეა.

სამიტის მონაწილეები იმსჯელებენ ბირთვული მასალების უსაფრთხოებაზე, ანუ როგორ შეიძლება მოხერხდეს, რომ ისინი ხელში არ ჩაუვარდეთ ტერორისტებს. ეს არის მასალები, რომელთა მეშვეობითაც ბირთვული იარაღის შექმნა შეიძლება. ლაპარაკია დაშლილ პლუტონიუმსა და ზეგამდიდრებულ ურანზე. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტერორისტული ჯგუფები, ალ ყაიდის ჩათვლით, ცდილობენ შეიძინონ ბირთვული იარაღი და მისი გამოყენების განზრახვაც აქვთ. ამაზე კონკრეტულად სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც ილაპარაკა მედიით - თქვა, ობამამ სამიტი მოაწყო იმ მიზნით, რომ მსოფლიოს ყურადღება მიექცია ალ ყაიდისა და სხვათა მცდელობისთვის, მოიპოვონ ბირთვული იარაღიო.

ჩარლზ ფერგიუსონი, ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თავმჯდომარე, ფედერაციისა, რომელიც 1945 წელს შეიქმნა და აშშ-ის ბირთვული ბომბის შექმნაში მონაწილე სწავლულებს აერთიანებს, ობამას განზრახვას სანაქებოდ, მაგრამ რთულ მიზნად მიიჩნევს:

„დავფიქრდეთ და ვიკითხოთ: რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? შესანიშნავად ჟღერს, შეგიძლიათ სტიკერზე დაწეროთ და მანქანაზე მიიკრათ, მაგრამ, თუკი მართლაც კარგად გააანალიზებთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რაზეა ლაპარაკი? ბირთვულ მასალებზე, რომლებსაც ბირთვული იარაღისთვის ვიყენებთ, თუ იმ მასალებზე, რომლებიც არასამხედრო ბირთვულ პროგრამებში იხმარება? და თუ ეს ასეა, მართლაც სერიოზული უთანხმოება გვექნება ჩვენს მოკავშირეებთანაც კი.“

სამიტზე არ არის მიწვეული ირანი, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეა. თეირანის მიმართ სანქციები მზადდება საკითხისადმი მისი დესტრუქციული დამოკიდებულების გამო, იმის გამო,რომ ის სათანადოდ არ თანამშრომლობს ბირთვული კონტროლის უწყებასთან. ორივე ეს სახელმწიფო არღვევს გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. ასევე არაა მიწვეული შეხვედრაზე სირია. ისრაელი, რომელსაც არასოდეს უღიარებია, რომ აქვს ბირთვული იარაღი, აღარ გზავნის ვაშინგტონში პრემიერ ნეტანიაჰუს. მის ნაცვლად სამიტს მისი მოადგილე დან მერიდორი დაესწრება. კვირას ობამა ორი ბირთვული სახელმწიფოს - ინდოეთის და პაკისტანის - ლიდერებს შეხვდა. ამ მეზობლებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ობამა შეხვდა ყაზახ კოლეგას, ნაზარბაევს, რომელმაც შეაჩერა ბირთვული პროგრამა, რაც აშშ-ში სანიმუშო საქციელად აღიქმება. სამიტის განმავლობაში ბარაკ ობამა არაერთ ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრას გამართავს. როგორც თავშიც ითქვა, ის პრეზიდენტ სააკაშვილს არ მიიღებს.
XS
SM
MD
LG