Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ტუღუში - სახალხო დამცველი


7 მარტი, კვირა
მთელი დღე გზაში ვარ, მატარებლით მივდივარ ჟენევაში სტრასბურგიდან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი: ორშაბათს დილით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მეცამეტე სესიაზე ორი მოხსენებით უნდა გამოვიდე. ორივე მოხსენება მომზადებული მაქვს, თუმცა მერამდენეჯერ ვკითხულობ გზაში, უკვე თვლა ამერია. თითო მოხსენებისთვის სულ სამი წუთია გამოყოფილი და ძალიან რთულია, ამ დროში ჩაეტიო და ის თქვა, რისი სურვილიც გაქვს. აქედან გამომდინარე, მიწევს გადაკითხვა და ვუყურებ საათს, თუ რა დროში ჩავეტევი. როგორც იქნა, მატარებელმა ჟენევაში ჩააღწია, გადმოვედი სადგურში, მივედი სასტუმრომდე. უკვე საღამოა და გავაგრძელე ჩემი მოხსენებების კითხვა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოხსენება, ვინაიდან ეს ჩემი პირველი გამოსვლაა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე და მინდა, ჩემი მოხსენება ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. მით უმეტეს, რომ მოხსენებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის წამების აკრძალვა და დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ.
თავისუფლების დღიურები - გიორგი ტუღუში
please wait

No media source currently available

0:00 0:09:44 0:00

წინა დღით, საღამოს, შემატყობინეს, რომ ქსნის კოლონიაში ხანძარი გაჩენილა. ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმის გასარკვევად, რეალურად რა მოხდა. სანამ ჩემი აპარატის თანამშრომლები კოლონიაში არ შევიდნენ, ვერაფერი დავადგინე. ბოლოს მათგან გავიგე, რომ ერთი პატიმარი დაღუპულა, რის გამოც ძალიან შევწუხდი. მით უმეტეს, რომ ეს პატიმარი იყო ჩვენი განმცხადებელი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა მთელი ჩვენი აპარატი. მისი და ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიოდა. ჩემი თანამშრომლები გუშინ, გვიანობამდე დარჩნენ კოლონიაში. მაინტერესებს, რა ხდება იქ დღეს. ვურეკავ, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობენ. როგორც წესი, როდესაც დაწესებულებაში შედიან, ძალიან რთულია მათთან ტელეფონით დაკავშირება. ბოლოს მომდის ესემესი ერთ-ერთი თანამშრომლისგან - მოკლე შეტყობინება, რომელიც მეუბნება, რომ ქსნის კოლონიაში მოხერხდა ის, რომ რამდენიმე კარავი მიიტანეს და პატიმრების ნაწილს თავშესაფარი მისცეს. ზოგადად სიმშვიდეა, ატარებენ გამწმენდ სამუშაოებს. ასე რომ, შემიძლია დავიძინო.

ორშაბათი, 8 მარტი
ძალიან ადრე გავიღვიძე, ჩავედი სასტუმროს პირველ სართულზე, სადაც საუზმეა გაშლილი. თან ჩავიტანე ჩემი მომზადებული სიტყვა, რომელიც პირველ დღეს უნდა წარვადგინო. უკვე ვხვდები, რომ ეს ყველაფერი რაღაც მარაზმში გადამივიდა: გამუდმებით ვკითხულობ, უკვე, მგონი, დავიზეპირე კიდეც. აზრიც აღარ აქვს წაღებას. გადავწყვიტე, თავი დავანებო ამ სიტყვის კითხვას და ველოდები, როდის მოვა გაეროს ოფისში წასვლის დრო.

გამაფრთხილეს, რომ ძალიან დიდი რიგი იქნება, რადგან სესიის დროს საშვის აღება ხანგრძლივი პროცედურაა: უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან. არადა, ჟენევაში ცივა, ქარია, ტემპერატურა ნულ გრადუსს არ აღემატება, მე კი თბილისიდან საგაზაფხულო ტანსაცმლით წამოვედი. ბუნებრივია, შემცივდა, შეიძლება ითქვას, გავიყინე და დიდ რიგშიც ჩავდექი.

ბოლოს, როგორც იქნა, შევაღწიე! გადამიღეს სურათი, მომცეს ნანატრი საშვი, შევედი შენობაში, სადაც ბევრი ნაცნობი დამხვდა: როგორც ჩემი ყოფილი თანამშრომლები ეუთოდან, რომლებიც მერე გაეროში გადავიდნენ სამუშაოდ, ისე რამდენიმე ჩემი კოლეგა სტრასბურგიდან, ასევე ნაცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან. შევედი დარბაზში, რომელიც ძალიან ლამაზია, ესპანეთის მთავრობის მიერ ბოლო დროს გარემონტებული და საკმაოდ თანამედროვე. სესია დაიწყო, გამოვიდა მომხსენებელი, მას მოჰყვნენ სხვა მომხსენებლები. საინტერესო გამოსვლები იყო. მე, რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის გამოსვლა, შეერთებული შტატების პოზიცია მთელ რიგ საკითხებზე, ბრიტანეთის დელეგაციის გამოხმაურება, სხვადასხვა ქვეყნის მომხსენებელთა გამოსვლები, ვინაიდან განიხილება არაერთი მოხსენება ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, მომზადებული, ვთქვათ, ერთი წლის წინ. ჩემი გამოსვლა დაახლოებით ერთ საათშია, თუმცა დრო ძალიან გაიჭიმა: წევრი ქვეყნები რეგლამენტს არღვევენ. როგორ წესი, რეგლამენტის დაცვას მკაცრად სთხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, იმავე ომბუდსმენებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებს წარმოადგენენ.

მოხდა ისე, რომ ჩემი გამოსვლა გადაიდო სადილის შემდეგ. ამან ჩემი დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ორსაათიან შესვენებაზე წასვლა მომიხდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩემი სიტყვის დროც მოვიდა! სიტყვა გამოდგა საკმაოდ წარმატებული, ჩავეტიე სამ წუთსა და 18 წამში. არავის ჩემთვის ჩაქუჩი არ დაურტყამს მაგიდაზე და დარბაზი კმაყოფილმა დავტოვე. ქებაც დავიმსახურე გაეროს ერთ-ერთი თანამშრომლისგან. მითხრა, რომ ჩემი მოხსენება ძალიან კარგი იყო და საგანს ზუსტად შეეხებოდა. სასტუმროში დაღლილი წავედი, საღამოს ვნახე მეგობრები, რომლებიც ჟენევაში ცხოვრობენ. ეს არის ქართველი ფიზიკოსი, რომელსაც ცოლად ჰყავს ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი. მათთან და მათს ბავშვთან ერთად ვიყავით ერთ ლამაზ ადგილას ყავის დასალევად.

9 მარტი, სამშაბათი
დღეს სესიის მეორე დღეა, და ისევ ჩემი მოხსენება! უკვე მგონია, რომ ეს ყველაფერი დაუმთავრებელია და ჩემ თავს ვეუბნები, რად გინდოდა, რომ ორივე მოხსენებით ჩაეწერე გამომსვლელებში-მეთქი. დღეს იმდენად აღარ ვღელავ: მივხვდი, რომ საერთოდ არ ღირდა სანერვიულოდ და ჩვეულებრივად ჩაიარა ყველაფერმა. მივხვდი იმასაც, რომ გაცილებით რთულია, ვთქვათ, იმავე საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგე მოხსენებით, ვიდრე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, სადაც შეკითხვებს არავინ გისვამს.

სანამ მოხსენება დაიწყებოდა, მითხრეს, რომ ვალტერ კელინმა გამონახა დრო ჩემთან შესახვედრად - გაეროს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებების საკითხებში. ჩავრბივარ კაფეტერიაში მასთან შესახვედრად: მისმა თანაშემწემ მითხრა, ბატონ კელინს დრო ძალიან შეზღუდული აქვს და უნდა ეცადო, მაქსიმალურად მოკლედ ესაუბროო. შეხვედრა საინტერესო გამოდგა. ვბრუნდები და კიდევ ერთხელ ვკითხულობ ჩემს მოხსენებას, რომელიც წინაზე კიდევ უკეთესი გამოდგა, ვინაიდან, მართალია რეგლამენტს ორი წუთით გადავაჭარბე, უფრო თავდაჯერებული ვიყავი გამოსვლის დროს.

იმავე დღეს ვბრუნდები საქართველოში. ფრენა ძალიან მღლის. რა თქმა უნდა, არ არის პირდაპირი ფრენა თბილისზე. ვერაფერს ვასწრებ, გარდა იმისა, რომ მივიდე სასტუმროში და ბარგი ავიღო (12 საათზე ყველას ასახლებენ ნომრებიდან) და პირდაპირ წავიდე აეროპორტში.

10 მარტი, ოთხშაბათი
ჩამოვედი თბილისში. 11 საათია, მივედი სამსახურში. ვერ გამოვიძინე, რის გამოც ცოტა უხასიათოდ ვარ. თანამშრომლები ამას ყოველთვის ამჩნევენ. კვლავ ვიკითხე, რა ხდება ქსნის კოლონიაში-მეთქი. მეუბნებიან, სიმშვიდეაო, თუმცა ძალიან ბევრი პატიმარი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამკურანალო დაწესებულებაში გადაყვანილია პატიმარი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. არასამთავრობოები ითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო სექტორში. პრობლემა ის არის, რომ ექიმის აზრით, ამ პატიმრის გადაყვანა ძალიან სარისკოა, ვინაიდან მისი მდგომარეობა კრიტიკულია. გარდა ამისა, რიგ-რიგობით შემოდიან თანამშრომლები, რომლებიც მელოდებოდნენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მაგიდაზე დამხვდა უამრავი ქაღალდი, ფოსტა, რომელიც დაგროვდა, და ვცდილობ, ყველაფერს ერთად გავართვა თავი. დღის ბოლომდე უნდა მივიღო ოთხი მოქალაქე, რომელიც ვიცი, რომ რამდენიმე დღეა, ჩემთან შეხვედრას ელოდება. შუადღისთვის თითქმის ნახევარი საქმე გაკეთებულია. მოდიან მოქალაქეები, რასაც ყოველთვის დიდი დრო მიაქვს, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსმენა და მათთვის დახმარების გაწევა.

მარტის ბოლოს პარლამენტში შედის ჩვენი ანგარიში და ეს პერიოდი ყოველთვის ყველაზე მძიმეა სახალხო დამცველისთვის - მძიმე არა ცუდი გაგებით, არამედ, უბრალოდ, განსაკუთრებით დატვირთული პერიოდი, როდესაც ყველაფერი ანგარიშზეა კონცენტრირებული და მთელი აპარატი მობილიზებულია. აქედან გამომდინარე, საღამო უნდა დაეთმოს ანგარიშის უკვე მომზადებული თავების განხილვას და მე მთელი მასალა შინ მიმაქვს - უნდა ჩავუჯდე, წავიკითხო და დილით სამსახურში მოვიდე.

11 მარტი, ხუთშაბათი
სამსახურში ვარ, ღამით წავიკითხე ანგარიშის თითქმის ყველა ის ნაწილი, რომელიც თან მქონდა წაღებული და ახლა ველოდები თანამშრომლებს, რომ ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ კონკრეტულად რა შენიშვნები მაქვს, რა არის შესაცვლელი, რა - დასამატებელი. რიგ-რიგობით შემოდიან ჩემი თანამშრომლები, ნაწილ-ნაწილ განვიხილავთ ანგარიშს.

პირველ საათზე ჩვენს დარბაზში მორიგი შეხვედრა ეწყობა. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად მართავენ ასეთ შეხვედრებს. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ეძღვნება „მედიის განვითარების ფონდის“ თაოსნობით ჩატარებულ გამოკვლევას ქართულ მედიაში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საკითხების გაშუქების შესახებ. შეხვედრა საინტერესო გამოდგა, მას ბევრი ჟურნალისტი დაესწრო. ვიმსჯელეთ სხვადასხვა თემაზე, რომლებიც უკავშირდება ჟურნალისტების საქმიანობას და მათს როლს მსგავსი საკითხების გაშუქებაში.

საღამოს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დანიშნულია შეხვედრა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას. ამ ანგარიშის დაწერაში ჩვენც დიდი სამუშაო გვაქვს გაწეული. ელჩისგან ვიღებთ პირად მადლობას დახმარებისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის. სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდები.

12 მარტი, პარასკევი
ცოტა დამაგვიანდა, სამსახურში 11 საათზე მივედი და ვცდილობ, კონცენტრაცია კვლავ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე მოვახდინო. 61-გვერდიანი ანგარიში ღამით გამოქვეყნდა, დილის 5 საათამდე ვკითხულობდი, მოვასწარი მისი ამობეჭდვა და ვიცი, რომ რთული დღე იქნება. ბევრმა ჟურნალისტმა დარეკა - რამდენიმე რადიომ, რამდენიმე ტელევიზიამ, რამდენიმე საგაზეთო ჟურნალისტმა. მთხოვეს კომენტარები დასკვნასთან დაკავშირებით. 4 საათზე ეწყობა შეხვედრა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სადაც მოდის შეერთებული შტატების ელჩი და არასამთავრობოებთან და ჩემთან ერთად აპირებს მსჯელობას მთლიანად დასკვნის შინაარსზე.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოდგა, ესწრებოდნენ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 5 საათზე პირდაპირი ეთერი მაქვს რადიო „იმედში“, უნდა გავიქცე, მეჩქარება. შეხვედრას ადრე ვტოვებ, თუმცა ქვემოთ კვლავ ჟურნალისტები მხვდებიან, მცირე კომენტარი უნდათ. აღმართზე სირბილით ავდივარ - მე და ჩემი თანამშრომელი რადიოში გავრბივართ.

ეთერში არ დავაგვიანე, მიშა ფეიქრიშვილი ძალიან კმაყოფილი დარჩა, რომ დროზე მივაღწიე. ძალიან რთული რადიოეთერი გამოდგა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ძალიან ბევრმა მოქალაქემ დარეკა სხვადასხვა პრობლემით, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, ყველა მოქალაქისთვის ჯეროვანი პასუხი გამეცა.

13 მარტი, შაბათი
10 საათია. ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა დავაგვიანო რადიო თავისუფლების ეთერში. მძღოლი 9:45-ისთვის დავიბარე, თუმცა, რა თქმა უნდა, ცოტა გვიან ჩავდივარ, ეს კი, როგორც ყოველთვის, მძღოლის უკმაყოფილებას იწვევს. რაც მთავარია, ქალბატონი მარინა კმაყოფილია, ვინაიდან თვლის, რომ მე მაინც არ დამიგვიანია.

შაბათია, მაგრამ, შაბათი და კვირა ჩემთვის რამდენიმე თვეა, აღარ არსებობს: ეთერის დასრულების მერე უნდა წავიდე სამსახურში, სადაც მოვა ჩემი რამდენიმე თანამშრომელი, რომლებთან ერთადაც უნდა „ჩავიარო“ ანგარიშის ორი თავი. ამის შემდეგ გადაწყვეტილი მაქვს, დავისვენო. მინდა, მეგობრებთან ერთად ერთი დღით ავიდე გუდაურში, თუმცა ვფიქრობ იმაზე, ღირს თუ არა თხილამურების წაღება: სრიალის თავი რამდენად მაქვს, არ ვიცი. ანუ, არის ორი არჩევანი: ან კარგად გამოვიძინო იქ და მეგობრებს დაველაპარაკო რამდენიმე საინტერესო საკითხზე (დიდი ხანია, არ მქონია ამის საშუალება), ან კვირას ვისრიალო და დავბრუნდე სამსახურში, რომ ორშაბათს დილიდან, თანამშრომლებთან ერთად, ანგარიშზე მუშაობა გავაგრძელო.
XS
SM
MD
LG