Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ბირთვული უსაფრთხოების სამიტი გახსნა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ვაშინგტონში გახსნა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი, რომელსაც 47 სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. ობამამ ორდღიანი შეკრება შეხვედრებით დაიწყო. ის შეხვდა იორდანიის მეფე აბდულა მეორეს - შეხვედრაზე გამოითქვა მოწოდება, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. ამასთან, ობამა შეხვდა უკრაინის და სომხეთის მეთაურებს. დღესვე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლისთვის მის განკარგულებაში მყოფი მაღალგამდიდრებული ურანის განადგურების თაობაზე. როგორც მოელიან, ობამასა და ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს შეხვედრის მთავარი თემა იმის დადგენა იქნება, არის თუ არა მზად ჩინეთი შეუერთდეს შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთს და გერმანიას ირანისთვის გაეროს სანქციების მეოთხე რაუნდის დაწესების საქმეში. სამიტზე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მასთან ობამას შეხვედრა არ გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის გამგზავრებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგებოდა. კალანდაძის თქმით, ამის გამო, პრეზიდენტ ობამას ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელშიც ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG