Accessibility links

logo-print
14 მარტი, კვირა
კვირაობით ვცდილობ დავისვენო და მაქსიმალურად მოვწყდე ყოველდღიური მუშაობის ტემპს, თუმცა ეს იშვიათად გამომდის. გამონაკლისი არც ეს კვირადღეა.

დილაუთენია მძლეოსნობის ფედერაციიდან მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ბირთვის მკვრელმა მარიამ ქევხიშვილმა ამერიკის ზამთრის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მოიგო, ბირთვი 18,59 მეტრზე ჰკრა და საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა.
უწინ ქართველი სპორტსმენების წარმატებებს რაღაცნაირად გამორჩეულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ახლა ეს ყოველივე ჩემთვის ყოველდღიური საქმიანობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კიდევ ერთი წარმატების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უნდა მოვიძიო, რელიზი მოვამზადო, საიტზე განვათავსო, ჟურნალისტებს შევატყობინო.

ცოტა ხანში, ნორვეგიიდან ნინო სალუქვაძის მესიჯი მომდის. ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ნინოსა და მსოფლიო დონის რამდენიმე სხვა სპორტსმენის ტურნირზე მიყვანა დააგვიანეს, რის გამოც ნინომ კარგად მომზადება ვეღარ მოასწრო და მხოლოდ მე-18 ადგილი დაიკავა.

სალუქვაძე ევროპის 12-გზის ჩემპიონია და მე-18 ადგილი მისთვის შეუფერებელია, თუმცა წარუმატებლობის მიზეზი ამ შემთხვევაში ორგანიზატორთა უყურადღებობაა. მოკლედ, ესეც მეორე მნიშვნელოვანი ამბავი. მე კი იგივე პროცედურა მელის, ჟურნალისტებს ეს ამბავიც სწრაფად უნდა შევატყობინო.

არადა, უკვე მერამდენე კვირაა, ნინოსთან და მარიტასთან ერთად გეგმებს ვაწყობ. ზოოპარკში გასეირნების, მთაწმინდაზე ასვლის ან, უბრალოდ, ქუჩაში სეირნობის გადადება ამჯერადაც მომიწევს, სხვანაირად არ გამოდის, საქმეს ვერ გადავდებ. შვიდი წელია ცოლ-ქმარი ვართ და ნინო დღემდე ვერ შეეგუა ჩემს სამუშაო გრაფიკს. რამდენიმეწუთიანი გაბუტვის შემდეგ, იმ პირობით მირიგდება, რომ იმ კვირას არა და, იმის შემდეგ კვირას აუცილებლად ერთად გავატარებთ. ერთი კვირის შემდეგ რაგბია ტრაბზონში!

15 მარტი, ორშაბათი
სპორტის დეპარტამენტში 10 საათზე უნდა ვიყო, მანამდე მარიტა სკოლაში მიმყავს, ნინო - სამსახურში. დღეს დუშეთში ავდივართ. იქ ახალი ოლიმპიური ბაზა და სასტუმრო გაიხსნა. ფოტოები უნდა გადავიღოთ და რეპორტაჟი მოვამზადოთ. ბაზაზე ემზადებიან ძიუდოს, ჭიდაობის, ტანვარჯიშის ნაკრები გუნდების წევრები. ლამაზი და თანამედროვე ბაზა გამოსულა. მშენებლობა ორ წელიწადს გაგრძელდა.

დუშეთში კარგი ამინდი დაგვხვდა. ფოტოები გადავიღეთ, ინტერვიუები ჩავწერეთ, სასტუმრო დავათვალიერეთ. ჭიდაობის, კრივისა და ძიუდოს გარდა აქ შენდება ძალოსნობის დარბაზი და ფეხბურთისა და რაგბის მოედნები. მთლიანობაში საქართველოს ოლიმპიური გუნდისათვის მართლაც საუკეთესო პირობები იქნება.

მოჭიდავეები დარბაზში არიან და ვარჯიშობენ. გიორგი გოგშელიძეს გამოველაპარაკე. ტრავმა მოიშუშა და ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება. გიორგისთან ყოველი შეხვედრისას პეკინის ოლიმპიადა და ის კადრი მახსენდება, როდესაც გოგშელიძეს ნახევარფინალურ შეხვედრაში ყაზახმა თეიმურაზ ტიგიევმა თვალი განზრახ დაუზიანა, რაც გიორგის, საბოლოოდ, ოქროს მედლის ფასად დაუჯდა. თვალზე ახლა აღარაფერი ეტყობა, თუმცა, მაშინდელი იმედგაცრუება დღემდე ვერ მოიშუშა, ის ბრინჯაოს მედალზე მეტს იმსახურებდა.

დარბაზში რამდენიმე დღეა, ახალი ბაგირები დაკიდეს. ფიზკულტურის გაკვეთილების შემდეგ, ბაგირზე ასვლა აღარც მიცდია. კარგი შანსი მომეცა. ხომ არ ვცადო? რამდენიმე წამში ბაგირზე მივცოცავ, გულშემატკივრები კი ქვევიდან მამხნევებენ!
დუშეთიდან თბილისის გზაზე მცხეთის სალობიეში შევიარეთ. ოლიმპიური ბაზიდან კარგი რეპორტაჟი მოგვაქვს, მცხეთური ლობიო და ხინკალიც არ არის ურიგო, უფრო სწორად ძალიან გემრიელია. მით უმეტეს, მთელი დღეა, არაფერი გვიჭამია. თბილისში ვართ. კომპიუტერებთან ვსხდებით და ერთ საათში ახალი რეპორტაჟიც მზადაა. სახლში დაბრუნებულს მარიტა დაძინებული მხვდება. მგონი, უკვე მიეჩვია უჩემობას...

16 მარტი, სამშაბათი
„ჭანო, ადექი, გვაგვიანდება, საუზმე გაცივდა“ - ნინოს ხმა ძილში ჩამესმის. უკვე ცხრის ნახევარია. სახლი ყუმბარადაცემულს ჰგავს, „სპანჩბობი“ დამთავრდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახლიდან გასვლა ორი წუთით დავაგვიანეთ. კიდევ ორი წუთი - მანქანის გასახურებლად და... მარიტას სკოლაში ზუსტად ოთხი წუთით დააგვიანდა. ისევ ჩემი ბრალია.

პრესკონფერენციისთვის ვემზადებით. ცნობილი მოჭადრაკის, ზურაბ აზმაიფარაშვილის 50 წლის იუბილეზე თბილისში გარი კასპაროვი და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ. 3 საათზე ჭადრაკის სასახლეში შეხვედრაა. კასპაროვი მხოლოდ ტელევიზორით მყავდა ნანახი, კარპოვისა და მისი დაპირისპირებები ბავშვობიდან მაინტერესებდა, მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკის დიდი მოყვარული არ ვარ.

ჭადრაკის თამაშთან ახლა პეკინის ოლიმპიადიდან ჩამოტანილი ფაიფურის ჭადრაკის დაფა და ფიგურები მაკავშირებს, მარიტას ვეთამაშები ხოლმე, ჩვენივე გამოგონილი სვლებით.

კასპაროვი სიტყვით გამოდის. „პირველი მნიშვნელოვანი ტიტული 1976 წელს, თბილისში მოვიპოვე, ამიტომ თბილისი ჩემთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან ასოცირდება“, - ამბობს კასპაროვი და კიდევ ერთხელ ულოცავს იუბილეს აზმაიფარაშვილს.

17 მარტი, ოთხშაბათი
დილა - ტრადიციული. აჩქარებული კადრი.

11 საათზე ვხვდები პიარ-კომპანია „ჯეპრას“, კომპანია „ნატახტრისა“ და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს. საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, რომელიც ტრაბზონში გაიმართება, ჟურნალისტების აკრედიტაციის პროცესს ვასრულებთ. რამდენიმე ცვლილებაა და დროულად უნდა მივხედოთ. ეს სიჩქარე და ექსტრემალური ცხოვრების ტემპი ხანდახან ისე მღლის, რომ ვნატრობ, ორი ღამე გადაებას ერთმანეთს და მეძინოს და მეძინოს.

რეალობას დავუბრუნდეთ. ტელეფონი არ ჩერდება, დღეში მობილურის ორი დატენილი ელემენტიც კი ვეღარ მიძლებს. უკვე დიდი ხანია, მეორე ელემენტს ჯიბით დავატარებ. ნინოსთან დარეკვა საღამოს რვის ნახევარზე მახსენდება. ვეკითხები: „სად ხარ?“ ნინო, რა თქმა უნდა, ისევ გაბუტულია, მთელი დღე ისევ ისე გავიდა, რომ ერთხელაც ვერ შევეხმიანე. მეორე დღისთვის პრესკონფერენცია დაგეგმილია. სპორტის დეპარტამენტში ჩემი და დაცვის ბიჭების გარდა, მგონი, ისევ აღარავინაა.

შუქს ვაქრობ და დაცვას ვთხოვ, საპრესკონფერენციო დარბაზში დილის 9 საათზე ჩართონ გათბობა. თბილისში სუსხიანი მარტია. პრესკონფერენცია 11 საათზე გვაქვს. ჟურნალისტებს და რაგბის ქომაგებს ცივ დარბაზს ვერ დავახვედრებ. ახლა საღამოს 9 საათია. სახლში მიმეჩქარება, იქნებ მარიტას ჯერ კიდევ ეღვიძოს. ნინოსთვის და მისთვის შოკოლადებს ვყიდულობ. გამიმართლა! მე და მარიტამ კარტი ვითამაშეთ. მისი ახალი გატაცებაა.

18 მარტი, ხუთშაბათი
ათის ნახევარზე სპორტის დეპარტამენტში ვარ. დაცვის ბიჭებს პირობა შეუსრულებიათ, დარბაზი თბება. პრესკონფერენციისთვის ვემზადები. პრეს-რელიზებს ვბეჭდავ.

მალე „ჯეპრადან“ კახა მაღრაძე მოდის, ბანერები და პროექტორი მოაქვს. 11 საათი სრულდება, ჟურნალისტებს ტრაბზონში გამგზავრების დეტალებზე უნდა ვესაუბროთ. ვიცი, ბევრ კითხვას დასვამენ. პირველად ხდება, რომ საქართველოდან სხვა ქვეყანაში ამდენი გულშემატკივარი და ჟურნალისტი ერთად მიემგზავრება, ამის გამოცდილება ჯერ არ გვაქვს. ამიტომ ცოტას ყველა ნერვიულობს.

პრესკონფერენციის დასრულებას ხუთი წუთი აკლდა, რაგბის კავშირის გაქურდვის ამბავი რომ გავიგეთ. რაგბის კავშირი სპორტის დეპარტამენტის გვერდითაა, რამდენიმე წამში ყველანი იქ აღმოვჩნდით. პოლიცია და კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები შიგნით არავის უშვებენ. რაგბის კავშირის თანამშრომლები ამბობენ, რომ გვიან ღამემდე იმუშავეს და კარი ჩვეულებისამებრ ჩაკეტეს, დილას კი დამტვრეული გისოსები და გაქურდული ოფისი დახვდათ. ამაზრზენი ფაქტია, ხელმძღვანელობა ტრაბზონშია, მატჩის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს. როგორც ჩანს, კრიმინალებმა ამით ისარგებლეს.
ტელეფონი ისევ არ ჩერდება, ყველა ზარი რაგბის უკავშირდება, მარტო ნინოს ზარია განსხვავებული, „ქორთიარდ მარიოტში“, 6 საათზე, „‘თავისუფლების’ დღიურების“ პრეზენტაციაა. ერთად უნდა წავიდეთ. ინტერესით ვუსმენ დღიურების ავტორებს, კარგია რომ ეს დღე ჩემი დღიურების წერის პერიოდს დაემთხვა. გამიმართლა. ახლა ზუსტად ვიცი, როგორი იქნება ჩემი დღიური. პრეზენტაციაზე დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვიპოვე. რამდენი ხანია, მათთან ერთად არსად წავსულვარ. აი, ჩაიაროს ამ სარაგბო მატჩმა და აუცილებლად დავგეგმავთ სადმე ერთობლივ გასვლას.

19 მარტი, პარასკევი
თბილისში ისევ ცივი ქარი ქრის, ნინომ მარიტა სკოლაში არ გაუშვა და ნახევარი საათით მეტ ხანს შემიძლია ვიძინო. 11 საათზე ჟურნალისტები და რაგბის გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე ვიკრიბებით. პირდაპირი ჩართვისთვის ვემზადებით. ტრაბზონში ამ საღამოს მივდივართ. საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩი დღის მთავარი თემაა.

ყველა საინფორმაციო გამოშვებაში რაგბიზე საუბრობენ. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად იყოს. ამ თამაშისათვის მთელი საქართველო ემზადება. მართალია, რუსებთან მატჩს რამდენიმე წამყვანი მორაგბის გარეშე ვხვდებით (არ გვეყოლება მამუკა გორგოძე, აქვსენტი გიორგაძე, ბიძინა სამხარაძე), მაგრამ მაინც უნდა მოვიგოთ. რუსეთთან მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს, დავმარცხდით და მას მერე მეტოქეს 11-ჯერ ვაჯობეთ. გამარჯვება ახლაც რეალურია.

საღამოს 9 საათია, ჯერ კიდევ რესპუბლიკის მოედანზე ვართ. „ნატახტარი კასრს“ და ტურკომპანიებს – „აჭარატურსა“ და „მილენიუმ ტრეველს“ - ტრაბზონში ათასობით გულშემატკივარი და ჟურნალისტი მიჰყავთ. მთლიანობაში კი თურქეთისკენ რაგბის 6000-მდე ქართველი ქომაგი მიემართება.

ფანტასტიკური განწყობა! საქართველოს დროშები, სარაგბო შარფები და სხვადასხვა ატრიბუტები ჩვენს მსვლელობას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. პირველი შემთხვევაა, როდესაც სხვა ქვეყნაში ამდენი ქართველი გულშემატკივარი ერთ მუშტად შეკრული მიემგზავრება.

20 მარტი, შაბათი
თურქეთის ტერიტორიაზე დილაადრიან შევედით. საბაჟოზე დიდხანს არ დაუყოვნებივართ, მხოლოდ პასპორტები შეამოწმეს. ტრაბზონამდე კიდევ ორი საათის სავალია, ცოტა გამოძინებაც შეიძლება.

ტრაბზონში სუსხიანი დილა გვხვდება, თუმცა მზე ანათებს და სასიამოვნოდ გვათბობს. ავტობუსების კოლონა ქალაქის გარეუბანში ჩერდება. ტრაბზონში აქამდე გავლით ვარ ნამყოფი, ახლა კი შანსი მაქვს, ქალაქი დავათვალიერო. მეგობრებთან ერთად ჯერ ტრაბზონის აია სოფიას ტაძრის სანახავად მივდივარ. იქვე ახლოსაა საფეხბურთო კლუბ „ტრაბზონსპორის“ სტადიონი, სადაც 90-იან წლებში შოთა და არჩილ არველაძეები თამაშობდნენ და, რაღა თქმა უნდა, ეს სტადიონიც უნდა ვნახოთ.

ქუჩებში ხალხი ხვდება, ქართველები რომ ვართ და ისიც კარგად იციან, რისთვის ვართ ჩამოსულები. დღევანდელ სარაგბო მატჩზე ყველგან გვეკითხებიან - მაღაზიაში, თევზის დახლებთან, საჩაიეებთან, სამარშრუტო ტაქსიში... მოკლედ, ყველგან. ტრაბზონელებს სპორტი ნამდვილად უყვართ. მართალია, რაგბი აქ ეგზოტიკაა, მაგრამ გურჯები რუსებს რომ უნდა შეერკინონ, ყველამ კარგად იცის. ამასობაში დრო გადის, თამაშის დაწყებამდე ორიოდე საათი რჩება.

„ნატახტრის“ გოგონები არიგებენ დროშებს, შარფებს, სტიკერებსა და ბანერებს. დროშა მაქვს, სტიკერს ქურთუკზე ვიკრავ, შარფს მკლავზე ვიბამ. მოკლედ, ვემზადები! „აქჩააბათის“ სტადიონი, სადაც დღევანდელი მატჩი უნდა გაიმართოს, ტრაბზონის გარეუბანშია და 6000-მდე მაყურებელს იტევს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ტრიბუნებზე ქართველთა სრული ანშლაგი იქნება.

სტადიონის მისადგომებთან დიდი ჩოჩქოლი და აურზაურია. არენის გაბარიტები ქართველთა მოზღვავებას ვეღარ უძლებს. წარმომიდგენია, რა ხდება ტრიბუნებზე! ქომაგების შეძახილები თანდათან სულ უფრო ომახიანად ისმის. დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ, როგორც იქნა, შევდივართ. ჟურნალისტის აკრედიტაციით ვსარგებლობ და პირდაპირ არენაზე გავდივარ - სარბენ ბილიკებზე. ტრიბუნები სავსეა, ქომაგი თეთრ-წითელ ფერებშია გაწყობილი, ყველგან საქართველოს დროშა ფრიალებს. საოცარი მუხტი მოდის, ამინდიც კარგია. მოკლედ, ყველაფერი იდეალურადაა!

გუნდები მწყობრად გამოდიან. საქართველო მასპინძლად ითვლება და ამიტომ ჯერ რუსეთის ჰიმნი სრულდება. ტრიბუნებიდან გამაყრუებელი სტვენა და ღრიანცელი მოდის, რუსეთის ჰიმნი საერთოდ არ ისმის და რაგბის ქომაგთა კლუბის მიმართვა გულშემატკივარს – რუსეთის ჰიმნზე პროტესტი სიჩუმით და თვალებზე ხელის მიფარებით გამოვხატოთო, სრულიად ამაოა.

საქართველოს ჰიმნს სოფო ნიჟარაძე ასრულებს, სტადიონი ერთხმად მღერის...

მატჩი იწყება, მოედანზე საოცარი ენერგეტიკა ტრიალებს, ტრიბუნები წუთითაც არ ჩერდებიან, მაგრად ქომაგობენ, მოედანზე კი 30 გულანთებული მეომარი, რასაც ჰქვია, სულსა და გულს დებს თამაშში. ფანტასტიკური სანახაობაა!

პირველი ქულები ჩვენია: კვირიკაშვილს არეკნით გააქვს. თუმცა, რუსები თავიდან უფრო აქტიურები ჩანან, მწყობრად და სწრაფად გვიტევენ და მალე ლელოსაც გვიდებენ. გაშვებული ლელო ალბათ საჭიროც იყო - მხეცს შეგნებულად რომ გააღიზიანებ, ასე გამოუვიდა ჩვენს მოწინააღმდეგეს. ქართველი მორაგბეები ერთ მუშტად იკვრებიან და იწყება, მაგრამ, რა იწყება!

ჯერ ზირაქაშვილს გააქვს ულამაზესი ლელო, შემდეგ ნატრიაშვილს, ჩხაიძეს... კვირიკაშვილიც ზუსტად ურტყამს გარდასახვებს და ტაიმს უკვე სოლიდური ანგარიშით ვიგებთ – 22:5.

ტრიბუნები ზანზარებს ათასობით ქართველი ქომაგის ემოციით და სიხარულით. მატჩზე მყოფი სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები „ტალღებს“ ქომაგებთან ერთად აკეთებენ, ყველა ბედნიერია, ყველას უხარია. მეორე ტაიმში რუსებს კიდევ ორ ლელოს ვუტანთ, ეს უკვე სრული განადგურებაა! საბოლოოდ - 36:8 საქართველოს სასარგებლოდ.

გამარჯვების შეგრძნება მართლა საოცარია რამეა. თან რუსეთისათვის ასეთი სხვაობით ჯერ არ მოგვიგია. ამდენი გახარებული და ბედნიერი ქართველი ერთად ბოლოს როდის ვნახე, აღარც მახსოვს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენი მორაგბეები ნამდვილი გმირები არიან!

ტრიბუნები ნელ-ნელა იცლება. საქართველოში გვიან ღამით ვბრუნდებით და ქობულეთის სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ ვჩერდებით. დაღლილობისაგან ფეხზე ძლივს ვდგავარ, მაგრამ ნეტა ხშირად დავიღალო ხოლმე ასეთი ემოციური დღეებით!
სპორტის დეპარტამენტის საიტზე ინფორმაციას და ფოტომასალას ვტვირთავ, ღამის 4 საათისათვის ვიძინებ, მიუხედავად იმისა, რომ დილას ადრე უნდა ავდგე. „‘თავისუფლების’ დღიურები“ ქობულეთის სასტუმროს ნომერში უნდა ჩავწერო, სხვანაირად არ გამოდის, ძალიან ცოტა დრო გვაქვს.

სასტუმროში რადიო თავისუფლების ბათუმელი კორესპონდენტები მოდიან, მიკროფონისა და ჩამწერის დასადგამად ვარიანტებს ვარჩევთ. ბოლოს ვთანხმდებით, რომ კარადა, სადაც ტელევიზორი დგას, იდეალური ვარიანტია იმიტირებული სტუდიის მოსაწყობად. ყველაფერი მზადაა, ჩაწერას ვიწყებ...
XS
SM
MD
LG