Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 13 აპრილი 2010


”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ნახავთ სათაურს: ”ლევან გაჩეჩილაძე კენჭს ოქრუაშვილის პარტიიდან იყრის?!”. ავტორი წერს, რომ „ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება და ამის თაობაზე დამაჯერებელი განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა პრესაში გაჩნდა დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს და რომ პარტიის მერობის კანდიდატი, შეიძლება, სწორედ ლევან გაჩეჩილაძე იყოს”. ”ახალი თაობის” კორესპონდენტმა პოლიტიკური მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსთვის” ყოფილ გენერალურ მდივანს, ეკა ბესელიას, ჰკითხა გაჩეჩილაძის შესახებ. ბესელია ამბობს, რომ მისთვის არაფერია ცნობილი და დასძენს: ”ჩემთვის მოულოდნელი თავისთავად ის იყო, რომ პარტია დარეგისტრირდა არჩევნებზე. იმიტომ რომ, როცა მე ოქრუაშვილის პარტიაში ვიყავი, ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებდით”, - აცხადებს ბესელია. ”ახალ თაობაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ რესპუბლიკელ თინა ხიდაშელთან. ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტი გაჩეჩილაძის პოზიციაზე ეკითხება: ”მე არ ვიცი, რა პოზიცია აქვს გაჩეჩილაძეს და, სიმართლე რომ გითხრათ, არანაირად არ მაინტერესებს. თუ გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ის ჩადგება იმ გრძელ სიაში, რომელიც იქნება მერობის კანდიდატების არჩევნებისთვის, მეტი არაფერი”, - ამბობს ხიდაშელი.

”24 საათი” ცესკოს მიერ ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე წერს, რომ, ცესკოს თავმჯდომარის შეფასებით, ამ პროცესში განსაკუთრებით ”მრეწველები” აქტიურობდნენ და ”ყველაზე მწვავე რეაქციით ”ალიანსი საქართველოსთვის” გამოირჩეოდა - გუშინ მათ კონკრეტული დარღვევების გამო პროკურატურას განცხადებით მიმართეს”. - ”24 საათის” კორესპონდენტი ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძესაც დაუკავშირდა. ვეფხვაძეს განსაკუთრებით აინტერესებს რამდენად აისახება სიებში ბათუმში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. ”შენიშვნები და უზუსტობები წარმოადგენდა ორ დიდ შეკვრას. იგი ცესკოში ბოლო დღეს, 10 აპრილს, წარვადგინეთ იმის გამო, რომ რეგიონებთან კომუნიკაცია გართულებულია”, - უთქვამს ”24 საათისთვის” ლევან ვეფხვაძეს.

”რისთვის სჭირდება გიორგი თარგამაძეს ახალი ალიანსი?” - კითხულობს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი და ასე იწყებს სტატიას: ”პასუხი მარტივია - გამარჯვებისთვის! წინასაარჩევნოდ უსახელო ალიანსის შექმნამ უკვე გამოიწვია რეზონანსი”. ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება ინტერვიუ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამშრომელ დევიდ სატერსთან, რომელიც ამბობს: ”ძალიან მიჭირს დავინახო რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების პერსპექტივა, თუ რუსეთი თავად არ შეცვლის საქართველოსადმი დამოკიდებულებას. ვიმეორებ, არანაირი მოლაპარაკებები საჭირო აღარ იქნება, თუ რუსეთი საქართველოსადმი თავის დამოკიდებულებას შეცვლის.”

”რატომ დააკავეს ბაჩო ახალაიას მეგობარი?” - ეს ”ალიას” სათაურია. ავტორი წერს, რომ ”ახალაიას დაცვის ყოფილი წევრი, ერთ-ერთი დასაყრდენი ძალა და სანდო პირი, დააპატიმრეს”. გაზეთის ინფორმაციით, ეს არის ბათუმის ციხის ყოფილი უფროსი ჯამბულ ზაქარაიძე. ”ალიას” წყაროს ცნობით, ის ორ სხვა პირთან ერთად ბათუმში დააკავეს, სავარაუდოდ, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის გამო.

”რეზონანსში” წაიკითხავთ: ”პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტს დაესწრება, თუმცა ამერიკელ კოლეგას პირისპირ აღარ შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამის მიზეზად პრეზიდენტ ობამას მოუცლელობას ასახელებს, ქართველი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველო ამერიკისთვის პრიორიტეტულ ქვეყანას აღარ წარმოადგენს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG