Accessibility links

logo-print
კახეთში მოსულმა სეტყვამ გურჯაანის და ყვარლის რაიონებში რამდენიმე სოფელი მოსავლის გარეშე დატოვა, ბევრ სოფელში კი ხეხილის ბაღები 20-70 %-ით განადგურდა. სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დააზარალა. როგორც ყვარლის მუნციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გია ცინცაძე აცხადებს, გავაზში მთლიანად განადგურდა ატმის და მარწყვის ბაღები.

სეტყვამ ასევე კვირტები გაარიდა საფერავის ვაზს და სოფელს დიდი ზიანი მიაყენა. შედარებით ნაკლებია ზარალი სოფელ ჭიკაანში, ბალღოჯიანსა და კუჭატანაში. ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალური კომისია მუშაობს.

სტიქიის შედეგად მუდმივად ზარალდება კახეთის ის რაიონები, სადაც ღვარცოფული მდინარეები მოედინება. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით, მდინარეებზე მუდმივად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.

მოსახლეობა კი მუდმივად ჩივის მიყენებულ ზარალსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე, ხოლო გურჯაანელების ის ნაწილი, რომელიც მდინარე ახტალამ წელს ყველაზე მეტად აზარალა, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სოლიდური თანხებია საჭირო და სამხარეო ადმინისტრაცია ამ თანხების მოძიებაზე მუშაობს.

კახეთის სამხარეო ადმინსიტრაცია სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას კიდევ ერთხელ ჰპირდება.
XS
SM
MD
LG