Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უმცირესობების როლი საარჩევნო პროცესში


საქართველოში ჩატარებული არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ ეროვნული უმცირესობები არჩევნების პროცესში, როგორც წესი, სრულფასოვნად ვერ მონაწილეობენ, რის მიზეზადაც ექსპერტები სახელმწიფო ენის უცოდინრობას, ინფორმაციის სიმწირესა და პოლიტიკური პარტიების ზერელე დამოკიდებულებას ასახელებენ. როგორ აპირებს ცენტრალური სარჩევნო კომისია ვითარების შეცვლასა და ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში სრულფასოვან ჩართვას?

სარეკლამო რგოლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეკვეთით, თითქმის ყველა ცენტრალურ და რეგიონალურ არხზე ვრცელდება, თუმცა უპირატესად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცესკოს ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის. მარნეულის რაიონში მცხოვრები ალი მამედოვი ქვემო ქართლში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს წარმოადგენს:

„ტელვევიზიის ტრანსლირება ყველგან ვერ ხერხდება. მხოლოდ მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებში. კარგი იქნება, თუკი საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთათვის ტრენინგები გაიმართება. ხალხი გაიგებს, რატომ ტარდება არჩევნები და რატომ უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა.“

ალი მამედოვი იმასაც შენიშნავს, რომ ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში მცხოვრები ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ ვერ ფლობს სახელმწიფო ენას და, შესაბამისად, მათთვის ბურუსითაა მოცული როგორც არჩევნები, ასევე არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესები. ზაურ ხალილოვიც - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ამბობს, რომ, სახელმწიფოს მრავალწლიანი ძალისხმევის მიუხედავად, ენის ცოდნის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას.

„არაქართულენოვან ამომრჩეველს, პირველ რიგში, ის პრობლემა აქვს, რომ გასაგებ ენაზე არ ეძლევათ სათანადო ინფორმაცია. ზოგადად ეს შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც, როგორც წესი, ქართულ ენაზე წარმოებს. სრული ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა ამ ადამიანების ინტეგრაცია და მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში იყოს მაქსიმალურად მიღწეული“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალი მამედოვმა.

ამისათვის კი ზაურ ხალილოვი და ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებზე მომუშავე სხვა არსამთავრობო ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შექმნილ სპეციალურ ჯგუფთან, რომლის დანიშნულება ეგრეთ წოდებული „მოწყვლადი კატეგორიის ამომრეჩეველთა“ ხელშეწყობაა. ჯგუფის ხელმძღვანელი ნუგზარ კუპრეიშვილი განმარტავს:

„დაგეგმილი გვაქვს მასალების გაკეთება მათ მშობლიურ - აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ - ენებზე. ის ვიდეოკლიპები, რომლებიც იქნება ცესკოს მიერ გამოშვებული და ტრანსლირებული ტელევიზიებით და რადიოებით, ყველა გადაითარგმნება ეთნიკურად არაქართველი რეგინებისათვის. ასევე დაგეგმილი გვაქვს ამომრჩეველთა სიების თარგმნა არჩევნებისთვის.“

ნუგზარ კუპრეიშვილის თქმით, ყველაფერი ეს საჭიროა იმისთვის, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა, როგორც საქართველოს სრულფასოვანმა მოქალაქეებმა, ეფექტიანად განახორციელონ კონსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო ხმის უფლება. მერაბ ბასილაია კი , ფონდ ალპეს პროგრამების მენეჯერი, ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია აუცილებელი ინფორმაციით უზრუნველყოს ამომრჩეველი, თუმცა, მისივე თქმით, თავად ამომრჩეველიც უნდა აქტიურობდეს.

„მე რომ დღეს მკითხოთ, რაიმე კონკრეტულ პრობლემას, რომელიც მკვეთრად შეცვლიდა საარჩევნო ვითარებას ამ რეგიონებში, ვერ ვხედავ. ამასთან, თუ ეს ჯგუფი დარჩა ასევე დისტანცირებული საარჩევნო პროცესიდან, მაშინ საზოგადოებაში ინტეგრაცია ვერ მოხდება. თუ ადამიანი არ ირჩევს თავის თვითმმართველ ხელისუფლებას, ის რჩება გაუცხოებულად. აი, ეს, როგორც ჩანს, უნდა დაძლიოს ჩვენმა თაობამ, რათა ჩვენს შემდგომ თაობებში ასეთი კითხვები არ ჩნდებოდეს“, უთხრა მერაბ ბასილაიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG