Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


პოლონეთის პრეზიდენტის გარდაცვალებას „ნოვაია გაზეტა“ კატინის რეპრესიების შესახებ სტატიით უპასუხებს. გაზეთი აქვეყნებს ისტორიულ დოკუმენტებს, საბჭოთა ლიდერების ხელმოწერებით, მათ შორის, სტალინისა და ბერიას მიმოწერას, სადაც საუბარია ოცდაორამდე ათასი პოლონელის ლიკვიდაციაზე. საქმე, „ნოვაია გაზეტას“ მიხედვით, დღემდე არაა გამოძიებული. 2004 წელს რუსეთის პროკურატურას, გაზეთის მიხედვით, საქმის გამოძიება შეუწყვეტია და ყველა ძირითადი მასალა გაუსაიდუმლოებია. გაზეთი აქვეყნებს რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტისადმი ორგანიზაცია „მემორიალის“ წერილს, რომელიც 2010 წლის 2 მარტით თარიღდება. წერილში ორგანიზაციის წევრები საქმის გამოძიებას ითხოვენ და ნახევარსაუკუნოვან ფალსიფიკაციაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, პოლონელები ჰიტლერელებმა დახვრეტეს. ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებას, „ნოვაია გაზეტას“ აზრით, რუსულმა მხარემ ამ საქმის სამართლიანი გამოძიებით უნდა უპასუხოს.

კატინის თემა „ვედომოსტიმაც“ წამოსწია. გაზეთი კითხულობს, პოლონელების დახვრეტით სტალინმა შური ხომ არ იძია იმ წითელარმიელების გამო, რომლებიც პოლონელებმა 1920 წლის ომში დახოცესო. „ვედომოსტის“ მიმომხილველი პაველ აპტეკარი იხსენებს საბჭოთა კავშირ-პოლონეთის 1920 წლის ომს, რომელშიც პოლონეთმა საბჭოთა ჯარი დაამარცხა. აპტეკარის თქმით, სტალინი ამ ბრძოლებში თავად მონაწილეობდა, რაც მას, სავარაუდოდ, შურისძიებით გამსჭვალავდაო. მეორე მომენტი, რაზეც გაზეთი ყურადღებას ამახვილებს, არის საბჭოთა იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც, არა მარტო ეგრეთ წოდებული მტრის, არამედ პოტენციური მტრის ლიკვიდაციაც უნდა მომხდარიყო. პოლონელების მიმართ ნდობა კი სისტემას არ ჰქონდა და, შესაბამისად, ისინი, შესაძლოა, პოტენციური მტრის სტატუსით გასამართლებულიყვნენ.

ამ კვირაში რუსული პრესა ბევრს წერს ტოტალიტარულ განწყობებსა და ქსენოფობიაზე, როგორც მის ერთ-ერთ გამოვლინებაზე. „გაზეტა რუ“ რუსეთში ქსენოფობიური განწყობების ზრდაზე წერს. ჰყვება, როგორ გალახეს გოგონა ქუჩაში მოქალაქეებმა მხოლოდ იმის გამო, რომ მან ტელეფონს მუსულმანური მისალმებით უპასუხა. ტერაქტები, გაზეთის თქმით, ამ პრობლემებს ამძაფრებს, თუმცა პრობლემის ფესვები, გაზეთის აზრით, გაცილებით ღრმადაა საზოგადოებასა და მმართველ ელიტაში.

„ნოვაია გაზეტა“ ამ თემაზე საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს ნობელის პრემიის ლაურეატ გერმანელ მწერალთან, გიუნტერ გრასთან. გრასი საუბრობს ტოტალიტარულ სისტემებსა და ადამიანთა პასუხისმგებლობაზე ამ სისტემების შიგნით. გრასს მიაჩნია, რომ მმართველობის რეალური კრიტიკა გერმანიაშიც საშიშია, თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, ჟურნალისტებს იქ არ ხოცავენ და, მით უმეტეს, ამ საქმეების გამოძიებას არ აფერხებენ. ამის მიზეზი, გრასის თქმით, ისაა, რომ არ ისმება კითხვები საკუთარი იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის ირგვლივ. გრასი თვლის, რომ გერმანელმა ხალხმა კარგად გაიაზრა, რომ ფაშიზმი კაცობრიობის წინაშე დანაშაულია, რაც არ მომხდარა პოსტტოტალიტარულ რუსეთში. აქ, პირველ რიგში, პოლიტიკურ ელიტებს არ ჰყოფნით ნება პასუხისმგებლობა იტვირთონ და აღიარონ ტოტალიტარიზმის მმართველობისას ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაული. ის საზოგადოება კი, ამბობს გრასი, რომელიც არ აღიარებს საკუთარ სისხლიან შეცდომებს წარსულში, განწირულია საკუთარ დღევანდელობაში.
XS
SM
MD
LG