Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ობამა უკვე წარმატებას იმკის


ამერიკის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მაღალი ნოტით დაიწყო ორშაბათს, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ 2012 წლისთვის უკრაინა აღარ მოიხმარს მის ხელთ არსებულ მაღალგამდიდრებულ ურანს. ამ განცხადებამ მეტი მნიშვნელობა მიანიჭა ისტორიულ სამიტს, რომელმაც, თეთრი სახლის რწმენით, მთელ მსოფლიოში უნდა შეცვალოს უსაფრთხოების მდგომარეობა.

ვაშინგტონში 50-მდე სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბა, რაც შეხვედრას ისტორიულ ხასიათს აძლევს. ამდენი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა იქ ობამას მიწვევით, რომელსაც სურს მომავალში მსოფლიო ბირთვული იარაღისგან თავისუფალი იყოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადება ვაშინგტონში მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის ქვეყნიდან გატანის შესახებ მასპინძლის მიერ შეფასდა, როგორც „ისტორიული ნაბიჯი“. თეთრი სახლის წარმომადგენლის რობერტ გიბსის თქმით:

„ეს ის არის, რისი მიღწევაც აშშ-ს ათ წელზე მეტი ხნის წინ სურდა. ეს მარაგი საკმარისია არაერთი ბირთვული ბომბის შესაქმნელად. ეს აჩვენებს უკრაინის უწყვეტ მონაწილეობას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საქმეში. და ეს ხდება მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც, როგორც ვიცით, უხვად არის მაღალგამდიდრებული ურანი.“

იანუოკივიჩის განცხადება ზუსტად ისაა, რისი იმედიც აქვს ბარაკ ობამას ამ სამიტზე, იმედი, რომ მიაღწევენ შეთანხმებას კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისათვის, რომ ბირთვული მასალები არ მოხვდეს ტერორისტთა და არასახელმწიფო ორგანიზაციების ხელში. სამიტამდე ვაშინგტონმა სხვა ნაბიჯები გადადგა, როგორიც იყო მოსკოვთან ბირთვული იარაღის შემცირებაზე შეთანხმების გაფორმება და გამოცხადება ახალი ბირთვული სტრატეგიისა, რომელიც ამცირებს უსაფრთხოების საქმეში აშშ-ის დამოკიდებულებას ბირთვულ იარაღზე.

ბარაკ ობამას სურს, რომ ამ სამიტზე შეთანხმდნენ, როგორც მან თქვა, საგანგებო, ყველა ქვეყნისთვის მისაღები კონკრეტული მოქმედებების შესახებ, რაც მსოფლიოს უსაფრთხოებას გაზრდის. ობამამ გაიხსენა ალბერტ აინშტაინის ნათქვამი, კაცისა, რომელმაც ბირთვული ბომბის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ახლა ყველაფერი შეიცვალა, უთქვამს აინშტაინს, ჩვენ კატასტროფისკენ მივემართებით და სრულიად ახლებურად უნდა დავიწყოთ აზროვნება, თუკი გვსურს კაცობრიობა გადარჩესო. ობამას აზრით, ახლა ეს სიმართლე ძალაშია და არა მარტო ფიქრი, მოქმედებაც საჭიროა.

ობამას სურს, რომ ვაშინგტონში მოხდეს შეთანხმება კონკრეტულ ზომებზე. მან 13 აპრილს დღის მიზანზე ილაპარაკა:

„თითოეულ ქვეყანას შესაძლებლობა გვეძლევა, გადავდგათ საგანგებო და კონკრეტული ნაბიჯები, რათა ჩვენი ქვეყნების ბირთვული მასალები დავიცვათ და თავიდან ავიცილოთ მათი უკანონო ტრანსპორტირება და სხვა ქვეყნებში გატანა. ეს იქნება ჩვენი ამოცანა დღეს. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გავაძლიეროთ ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო რესურსებითა და უფლებამოსილებით, რომელიც საჭიროა მისი მიზნის შესასრულებლად. ეს იქნება ჩვენი სამუშაო დღე.“

ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარემ იუკია ამანომ ბირთვულ სახელმწიფოებს მოუწოდა, დაიცვან თავიანთი ბირთვული მასალები. მისი თქმით, სააგენტო, საშუალოდ, ყოველ მეორე დღეს იღებს ცნობას, რომ მსოფლიოს რომელიმე კუთხეში ბირთვული მასალები ან მოიპარეს, ან უკანონოდ გადაიტანეს საზღვარზე.

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო „DPA“ იუწყებოდა, რომ ნიკოლა სარკოზიმ უარი უთხრა ობამას განიარაღების გეგმებზე. სარკოზის თანახმად, იუწყება „DPA“ , საფრანგეთს არ შეუძლია ბირთვულ იარაღზე უარის თქმა. კონრკეტული წინადადებით გამოვიდა ნიდერლანდი, რომლის პრემიერ-მინისტრმა იან პეტერ ბლანკენენდემ თქვა, საგანგებო სასამართლო უნდა შეიქმნას, რომელიც იმ სახელმწიფოებს განსჯის, რომლებიც ტერორისტებს საშუალებას მისცემენ მოიპოვონ ბირთვული მასალებიო.

ვაშინტოგნის სამიტის თემაა ასევე ირანი. ბარაკ ობამა ცდილობს მიიმხროს სტუმრები, მხარი დაუჭირონ მას ირანის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებაში, რადგან თეირანი არ იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის პრეტენზიას, რომ ბირთვული პროგრამები უნდა გაკონტროლდეს შესაბამისი საერთაშორისო უწყების მიერ. დასავლეთში ეჭვი აქვთ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. ამ საკითხში გარკვეული წინსვლა გამოიკვეთა ობამასა და ჩინეთის ლიდერის, ჰუს, საუბრისას. თეირანისთვის სანქციების დაწესების სფეროში მხარდაჭერას აშშ რუსეთისგანაც მოელის. თურქეთი ამჟამად გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა და ობამას იმედი აქვს, რომ ანკარა ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას მიემხრობა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG