Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატიაშ ეორში: ჩვენ არ ვაპირებთ ფარ-ხმლის დაყრას


მატიაშ ეორში და დეივიდ ვილშაიერი ცხინვალში არ შეუშვეს და ისინი ერგნეთში დაბრუნდნენ
მატიაშ ეორში და დეივიდ ვილშაიერი ცხინვალში არ შეუშვეს და ისინი ერგნეთში დაბრუნდნენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მატიაშ ეორში და დეივიდ ვილშაიერი სამშაბათს ცხინვალში არ შეუშვეს. სტუმრებს დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში შესვლა რუსეთის მხრიდან მოსთხოვეს, რაზეც დიპლომატებმა უარი განაცხადეს.

მათი ვიზიტი შიდა ქართლში წეროვანის დევნილთა დასახლების მონახულებით დაიწყო. შემდეგ ისინი რეგიონის გუბერნატორს ვლადიმერ ვარძელაშვილს ესტუმრნენ და მისგან მოისმინეს კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში არსებული მდგომარეობა. ამის შემდეგ ევროსაბჭოს დეპუტატები ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ.

სტუმრები ერგნეთის საგუშაგოდან რუსულ საგუშაგომდე ფეხით მივიდნენ და ნახევარ საათს ცხინვალიდან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მოსვლას ელოდნენ. ბოლოს მათ დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი დავით სანაკოევი შეხვდა, რომელმაც ევროსაბჭოს წარმომადგენლები ცხინვალში არ მიიწვია.

ერგნეთის საგუშაგოზე დაბრუნებულმა მატიაშ ეორშიმ განაცხადა, რომ მომავალ რეზოლუციაში სამხრეთ ოსეთის პოზიცია ვეღარ დაფიქსირდება. „სულ მალე ჩვენ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგენთ ანგარიშს. ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს მხარეს, იმედი გვაქვს, რომ მოვუსმენთ აფხაზურ მხარეს. მომდევნო კვირაში მოსკოვს მივდივართ და მოვუსმენთ რუსეთის ხელისუფლებას. ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა მოგვესმინა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისათვის. ეს კი საწყენია, რადგან როდესაც ანგარიშს ვამზადებთ, ჩვენ გვინდა, რომ იგი ეყრდნობოდეს ყველა მხარის მოსაზრებას. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს მათთვის [ცხინვალისთვის] არ იქნება სასარგებლო. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ფარ-ხმლის დაყრას, მონიტორინგი გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მომავალში მოიძებნება გამოსავალი. და მომხსენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ყველა ლიდერს სამეზობლოში და შეხვდნენ იმდენ ადამიანს, რამდენიც იქნება საჭიროა,“ – განაცხადა მატიაშ ეორშიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის დღის წესრიგით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მსჯელობა 28 აპრილს გაიმართება. მანამდე მონიტორინგის კომიტეტი განიხილავს მატიაშ ეორშისა და დეივედ ვილშაიერის მიერ მომზადებულ ანგარიშს. სწორედ ანგარიშის შინაარსსა და სიმწვავეზე იქნება დამოკიდებული პლენარული სხდომის გადაწყვეტილებაც.

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მიღებული რეზოლუციების შესრულების მდგომარეობის შეფასებისას, კრიტიკის ობიექტი, ძირითადად, რუსეთია. ამის შესახებ მატიაშ ეორშიმ თბილისში შეხვედრების დაწყებისთანავე განაცხადა.

მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციები, მთლიანობაში, რუსეთს ავალდებულებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაუქმებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის დაშვებას ოკუპირებულ რეგიონებში, ეგრეთწოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე მოსახლეობისათვის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას, დევნილთა საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უზრუნველყოფას და ასე შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს და ყველას დასანახად ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს აშენებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ერგნეთში, რუსი ეგრეთწოდებული მესაზღვრეების მიერ დაკავებული ქართველების ოჯახის წევრები დახვდნენ. მატეაშ იორში მათ დაჰპირდა, რომ დაკავებულების გათავისუფლების საკითხს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დააყენებს.

როგორც მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა აღნიშნა, ოკუპანტები პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად უქმნიან და მათ უფლებებს არღვევენ.

ოთხშაბათს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებიან, დაგეგმილია შეხვედრები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოდან კი ისინი რუსეთში გაემგზავრებიან და იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხავენ რეზოლუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზებს.

აპრილის ბოლოს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება, სადაც ერ-ერთი საკითხი რუსეთ – საქართველოს ომის შედეგები და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება იქნება.
XS
SM
MD
LG