Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკარაგუამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა და ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა დღეს ხელი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დეკლარაციას მოაწერეს. სააგენტო ”რეს”-ის ცნობით, ცხინვალში ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ედუარდ კოკოითი, რომელმაც დოკუმენტს მნიშვნელოვანი უწოდა და სამუელ სანტოს ლოპესი ”მეგობრობის ორდენით” დააჯილდოვა. კოკოითის განცხადებით, ნიკარაგუის პრეზიდენტ ორტეგას გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, ვაჟკაცობა იყო, რადგან მან წინააღმდეგობა მსოფლიო იმპერიალიზმს გაუწია. სააგენტო ”რესს” მოჰყავს ლოპესის სიტყვებიც იმის შესახებ, რომ საქართველოს უკმაყოფილების და ზოგადად, ნებისმიერი მუქარის მიუხედავად, ნიკარაგუა სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას განაგრძობს. ნიკარაგუასთან ცხინვალის დიპლომატიური ურთიერთობის სერიოზულად შეფასებას შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი. ჟურნალისტებთან საუბრისას მინაშვილმა ცხინვალში ხელმოწერილ დოკუმენტს ფარატინა ქაღალდი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მსოფლიოს სახელმწიფოთა 99% აღიარებს.
XS
SM
MD
LG