Accessibility links

logo-print
ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ”სტანდარდ ენდ პურსმა” (Standard & Poor's) საქართველოს სუვერენული რეიტინგი "B"-დან "B+"-მდე გაზარდა, რისი საფუძველიც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა გახდა. როგორც ხელისუფლების, ასევე ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რეიტინგის გაზრდა საქართველოში ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომელთა აზრითაც, საქართველოში არც ისეთი კარგი ბიზნესგარემოა, როგორც ეს ”სტანდარდ ენდ პურსის” რეიტინგშია ნაჩვენები.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ”სტანდარდ ენდ პურსის” (Standard & Poor's) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში წერია:

„დაწყებული 2006 წლიდან რუსეთთან 2008 წლის მოკლე, მაგრამ ინტენსიურ ომამდე, საქართველომ შეძლო მოეზიდა მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში არსებული დაბალი გადასახადები და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემო ხელს შეუწყობს ქვეყანას კვლავ მოიზიდოს ინვესტიციები და კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო კორიდორი აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ მოველით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ მოსახლეზე საქართველოში იქნება უფრო სწრაფი, ვიდრე ანალოგიური რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში."

ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია მისი პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გამოაქვეყნა:

”ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის კურსისა და საბაზრო რეფორმებისადმი ერთგულება, ასევე ძალისხმევა, რომ გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო, თავის შედეგებს აღწევს.”

სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას ხელისუფლებასთან ერთად მიესალმებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ისაკაძე:

”"B+"-ის გამოცხადება არის დამაიმედებელი ფაქტორი. ესე იგი საქართველოს ეკონომიკამ მყარად გაუძლო კრიზისულ მომენტებს, განსაკუთრებით - პოსტსაომარს, და, აქედან გამომდინარე, მდგრადობის მაჩვენებლები შექმნის იმის საფუძველს, რომ ახლო პერსპექტივაში ინვესტიციები უფრო თამამად განხორციელდეს.”

ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ საქართველოს რეიტინგის გაზრდის მიზეზებად გიორგი ისაკაძე ასახელებს საბანკო სისტემისა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას, ასევე გაკოტრებული კომპანიების სიმცირეს და ეკონომიკურ რეფორმებს.

რეიტინგის გაუმჯობესებას მიესალმება ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძეც, მაგრამ აღნიშნავს, რომ საქართველოში, საკანონმდებლო ბაზის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი ბიზნესგარემო:

”აი, ეს პირობები ჯერჯერობით არასაკმარისია. საკუთრივ ინდექსების ცვლილებამ უნდა შეცვალოს საქართველოს მოქალაქის მეურნეობრიობის პირობები. მას უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა, სამართლებრივი, ფინანსური ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ და ის უნდა იყოს თავისუფალი.”

ეკონომიკის ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად პრობლემებისა, გაუმჯობესება არის, რაც ინვესტიციების ზრდის წინაპირობებს ქმნის. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტ გია ჯანდიერის კომენტარი:

”ზოგადად ინვესტიციები ჩვენთან უფრო მეტი უნდა გაჩნდეს, ვიდრე იმ ქვეყანაში იქნებოდა, სადაც ეს ინდექსი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ჩვენთან. ხუთი საფეხური კიდევ გვაქვს დარჩენილი, რომ საუკეთესოებს შორის მოვხვდეთ. თუმცა ჩვენზე უარესებიც არსებობენ და იმ უარესებში ინვესტირებას ამჯობინებენ ჩვენთან ინვესტირებას.”

”სტანდარდ ენდ პურსმა” საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ "B"-დან "B+"-მდე შეამცირა ნეგატიური პროგნოზით. ნეგატიური შეფასება იმავე წლის ბოლოს გაუქმდა, მაგრამ რეიტინგის გაუმჯობესება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა. საქართველოს ხელისუფლებაში ამის მიზეზად 2009 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას ასახელებენ, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG