Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა უფლებებისათვის პენიტენციალურ სისტემაში


საქართველოს მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ ორწლიან პროექტს - ”სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემის რეფორმირება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საქართველოში“. პროექტი, რომელიც 2009 წლის მარტიდან დაიწყო, მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

არასრულწლოვანთათვის პრობაციისა და პენიტენციალური სისტემების რეფორმის პროექტი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ბავშვის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს - გარემოსი, რომელშიც დაცული იქნება ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის - ინფორმაციის თავისუფლების, მონაწილეობის, განათლების უფლება და ასე შემდეგ.

”მთავარი მიმართულებაა, რომ ეს სისტემა დავუახლოოთ საერთაშორისო სტანდარტებს და იმ მიდგომებს, რომლებიც არსებობს ზოგადად დასავლეთში. მთავარი არსი ამ რეფორმის არის ის, რომ ჩვენ ბავშვთან მოპყრობა და ბავშვთან მიდგომები ინდივიდუალურად ჩამოვაყალიბოთ, ინდივიდუალურად შევაფასოთ მისი საჭიროებები და ამ ინდივიდუალური დაგეგმვის საშუალებით მოვახდინოთ მისი ეტაპობრივი და მიზანმიმართული რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და, შემდგომში, რეინტეგრაცია საზოგადოებაში”, - გვითხრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწემ ანტონ ქელბაქიანმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმირების პროექტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებასა და თბილისის ნომერ მეხუთე ქალთა და არასრულწლოვანთა საპყრობილეში ხორციელდება. პროექტის პირველი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის - ”აფხაზეთის” - წარმომადგენელი თეა კაჭარავა მოგვითხრობს:

”სასჯელაღსრულების სისტემაში ჩვენ გვაქვს ხელობის ჯგუფები. სულ 30-მდე ბავშვია დღესდღეობით დაკავებული. ხელობის ჯგუფები შეირჩა ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით - სანამ პროექტს დავიწყებდით, ჩატარდა კვლევა, რა აინტერესებდათ ბავშვებს. ბიჭები სწავლობენ კომპიუტერის შეკეთებას, ვებ-დიზაინს, მასალის მონტაჟს, თმის შეჭრას. კომპიუტერული ანიმაცია კი დაემატა იმის გამო, რომ თვითონ ბავშვებში იყო სურვილი ამ ჯგუფის შექმნის. გოგონებში - ტანსაცმლის მოდელირება და მასაჟი და, ასევე, მაისიდან შევა თმის შეჭრა-დავარცხნა და კოსმეტოლოგია.”

სასჯელაღსრულების სისტემის გარდა, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ სარეაბილიტაციო პროგრამებს 2009 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს ასევე პრობაციის სისტემაშიც. თეა კაჭარავას განმარტებით, პროგრამები 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. რა იქნება შემდგომ? ამ შეკითხვით გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთათვის პრობაციისა და პენიტენციალური სისტემის რეფორმის ორწლიანი პროექტის კოორდინატორს დავით ღვინერიას მივმართეთ.

”მანამ კონკრეტულად ჩარევას დავიწყებდეთ, - იქნება ეს ახალი კადრების დაქირავება, მათი გადამზადება თუ კონკრეტული ცვლილებები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, - აუცილებლად წინასწარ ვათანხმებთ და ვამოწმებთ სამთავრობო სტრუქტურებთან, აქვთ თუ არა მათ რესურსი, რომ ეს გააგრძელონ პროექტის დასრულების შემდეგ.”

პროექტს, სახელწოდებით ” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმირება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საქართველოში”, საქართველოს მთავრობიდან სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროები ახორციელებენ იმის გარანტიით, რომ გაეროს მიერ ინიცირებული და დანერგილი სიახლეები პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. პენიტენციალური და პრობაციის სისტემის სამთავრობო პრიორიტეტებში მოქცევის ფაქტს და მისი გაჯანსაღებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, უშუალოდ ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის:

”არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგმული იმავე არასრულწლოვანთა განათლების კუთხით, რომელთაც თავისუფლება აქვთ აღკვეთილი. არის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ მოხდეს მათი რესოციალიზაცია. თუმცა, რაც შეეხება მთლიანად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემას, ზოგადად პოლიტიკა გადასახედია. ”
XS
SM
MD
LG