Accessibility links

logo-print

ჯოზეფ ბაიდენი: „ჩვენი კავშირი საერთო ფასეულობებს ეფუძნება“


ჯოზეფ ბაიდენი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 2009 წლის 23 ივლისს

ჯოზეფ ბაიდენი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 2009 წლის 23 ივლისს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს. თეთრი სახლის მიერ 14 აპრილს გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრისას „ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რაც ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს ბატალიონის ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამსახურში გამოიხატება.“

პრეს-რელიზში ვკითხულობთ, აგრეთვე, რომ ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გარდა ამისა, „ვიცე-პრეზიდენტმა მოიწონა პრეზიდენტ სააკაშვილის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით საქართველოს გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევა, რისი მიზანიც სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.“

ჯოზეფ ბაიდენმა და მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრეს აშშ-ისა და საქართველოს ხალხებს შორის ღრმა და მტკიცე მეგობრობაზე, რომელიც „დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივიცემის საერთო ფასეულობებს ეფუძნება.“

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თაოსნობით მოეწყო. ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა 13 აპრილს გაიმართა.
XS
SM
MD
LG