Accessibility links

ყირგიზეთის ჩამოგდებულმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყანა დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა. ამ ცნობას ეუთოც ადასტურებს. ამავე ორგანიზაციის განცხადებით, ეს ნაბიჯი გახლავთ შედეგი შეერთებული შტატების, რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების „ერთობლივი ძალისხმევისა“. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ოთხშაბათს, გვიან საღამოს, პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ელაპარაკა ბაკიევს.

დედაქალაქ ბიშკეკიდან ერთი კვირის წინ ქვეყნის სამხრეთში გაქცულმა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა სამშობლო დატოვა და ყაზახეთში გადავიდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს ფაქტი დაადასტურა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომან ვასილენკომ:

„დიახ, დიახ, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ყურმანბეკ ბაკიევი ყაზახეთში ჩამოვიდა. იგი ჩამოფრინდა ჩვენი ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ტარაზში.“

მანამდე კი ყურმანბეკ ბაკიევის გარშემო პროცესები ასე ვითარდებოდა: 15 აპრილს დილით ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში ათასობით ადამიანი გამოვიდა მოწინააღმდეგე ბანაკების მიერ ერთმანეთის სიახლოვეს გამართულ მსვლელობაზე. დამხობილი პეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი აპირებდა მიემართა თავისი მომხრეებისათვის, მაგრამ მოწინააღმდეგეების დიდმა ჯგუფმა მას ყვირილითა და შეძახილებით შეაწყვეტინა სიტყვა.

ბაკიევის შეიარაღებულმა დაცვამ დაიწყო ჰაერში სროლა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა, რომელშიც, მეტწილად, ახალგაზრდები იყვნენ, დამხობილი მომხრეების მიტინგი გაარღვია.

ამის შემდეგ დაცვამ ბაკიევი შემთხვევის ადგილს სწრაფად მოაშორა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის ჩამოგდებულმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყანა დატოვა. ინფორმაციაში, რომელიც მოგვიანებით ეუთომაც დაადასტურა, ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას, რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის „ერთობლივი ძალისხმევის“ შედეგია. ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენათაგან ყურადსაღებია გავრცელებული ინფორმაცია ვლადიმირ პუტინისა და ყურმანბეკ ბაკიევის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც, პუტინის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბაკიევის ინიციატივით გაიმართა.“

საუბრის დეტალები უცნობია.

ყურმანბეკ ბაკიევი ქვეყნის დატოვებამდე აცხადებდა, რომ მზად იყო გადამდგარიყო, თუკი ექნებოდა პირადი და ოჯახის წევრთა უსაფრთხოების გარანტია.

7 აპრილს, ბიშკეკში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად, 80 ადამიანზე მეტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG