Accessibility links

logo-print
პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის გადადგომის შესახებ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს. ეს განცხადება რამდენიმე საათში მოჰყვა ცნობას, რომ ბაკიევი ყირგიზეთიდან გაიქცა - მან თვითმფრინავით მიაშურა ყაზახეთს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომან ვასილენკომ რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ ბაკიევი ყაზახეთში ჩავიდა: „დიახ, დიახ, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ყურმანბეკ ბაკიევი ყაზახეთში ჩამოვიდა. იგი ჩამოფრინდა ჩვენი ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ტარაზში.“

ყაზახეთი, როგორც ცნობილია, ეუთოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კანატ საუდაბაევმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ყირგიზეთიდან ბაკიევის გამგზავრება მოჰყვა ამ საკითხზე ყირგიზეთის დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებას, უცხოელი მეთვალყურეების მონაწილეობით. საუდაბაევი ამ განცხადებაში მიუთითებს ყაზახეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების „ერთობლივ ძალისხმევაზე“, რომლის შედეგადაც მოიხსენიებს ყაზახეთში ბაკიევის გამგზავრებას. თვით ბაკიევმა ყირგიზეთში, მშობლიურ სოფელ ტეიტში შეხვედრისას უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დაურეკა და თავის ქვეყანაში მიიწვია. ბაკიევმა ისიც თქვა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზეს ბელორუსიაში, რაზეც მან უარი განაცხადა.

ყაზახეთში გაფრენამდე ბაკიევის გარშემო პროცესები ასე ვითარდებოდა: 15 აპრილს დილით ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში ათასობით ადამიანი გამოვიდა მოწინააღმდეგე ბანაკების მიერ ერთმანეთის სიახლოვეს გამართულ მსვლელობაზე. დამხობილი პეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი აპირებდა მიემართა თავისი მომხრეებისათვის, მაგრამ მოწინააღმდეგეების დიდმა ჯგუფმა მას ყვირილითა და შეძახილებით შეაწყვეტინა სიტყვა.

ბაკიევის შეიარაღებულმა დაცვამ დაიწყო ჰაერში სროლა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა, რომელშიც, მეტწილად, ახალგაზრდები იყვნენ, დამხობილი პრეზიდენტის მომხრეების მიტინგი გაარღვია. ამის შემდეგ დაცვამ ბაკიევი შემთხვევის ადგილს სწრაფად მოაშორა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

დღის ბოლოს უკვე გავრცელდა ცნობები - ჯერ ყირგიზეთიდან ბაკიევის გამგზავრების, შემდეგ კი პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომის შესახებ.
XS
SM
MD
LG