Accessibility links

logo-print
გერმანიის ყოფილ კანცლერს, ჰელმუტ კოლს, ახლახან 80 წელი შეუსრულდა. კოლმა, რომელსაც გერმანიის „გაერთიანების კანცლერსაც“ უწოდებენ, თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე (ის 1982-დან 1998 წლამდე კანცლერი იყო) მეტი წარმატება იზეიმა, ვიდრე განიცადა მარცხი. შემთხვევითი არ იყო, რომ მან ამდენ ხანს გაძლო პოსტზე.

ჰელმუტ კოლმა მაშინ, როცა კომუნისტური გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა კრიზისში იმყოფებოდა, რეალური შანსები დაინახა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მისი მიერთებისა, რასაც გერმანიის გაერთიანებას უწოდებენ. კოლი ერთ მაშინდელ გამოსვლაში ამბობს: ”არავინ იგრძნობს თავს უარესად, და უკეთესად კი - ბევრიო”.

როგორ გრძნობდნენ თავს აღმოსავლეთსა და დასავლეში, აქ ნუ განვიხილავთ. გავიხსენებთ მხოლოდ ამ პოლიტიკოსთან დაკავშირებულ ერთ ამბავს, როცა მას ჰალეში - ეს სოციალისტური გერმანიის სამრეწველო ქალაქია - კვერცხები დაუშინეს უკმაყოფილო ახალმა თანამემამულეებმა. მსოფლიომ იხილა მაშინ ეს კადრები, როცა კოლი გაუსხლტა დაცვას და ისეთი ძალით ჩასჭიდა მაჯაში ხელი თავის შეურაცხმყოფელს, რომ ძლივს გამოსტაცეს.

აპრილის პირველ რიცხვებში კოლის იუბილე იყო. როცა ამ დღეს აღნიშნავდა ხოლმე, ის, ალბათ, ასეთ მწარე დღეებსაც ვერ ივიწყებდა, მაგრამ საკმაოდ ბევრი სასიამოვნო ამბავიც გაახსენდებოდა კოლს, რომელიც ძალიან გაბედული, თამამი სახელმწიფო მოღვაწე იყო.

სატელევიზიო დებატებში ვილი ბრანდტს, სოციალისტური მოძრაობის სიმბოლოს, უდიდესი ავტორიტეტის ადამიანს გერმანიაში, კოლი არ შეეპუა: ამერიკაში რაც ილაპარაკეთ, პრეზიდენტთან, ამან გერმანიას ავნოო, უთხრა კოლმა. ბრანდტი გაცხარებული უპასუხებს: ტყუით, ეს ასე არ არისო, და კოლი ეუბნება, თქვენი პარტიის ოფისში იყვირეთ ასე, მე ნუ მიყვირითო. შემდეგ კოლი იქით აბრალებს, თქვენ ცრუობთ, ასე ნუ ლაპარაკობთ, არ გიხდებათ, გრცხვენოდეთო.

ჰელმუტ კოლი რაინლანდ-პფალცელია. უფრო სწორად, იქ დაიბადა, თორემ წარმოშობით ბავარიიდან იყვნენ მისი მშობლები. ამ არეალში დაიწყო მან პარტიული აქტიურობა, ახალგაზრდა ჩაირიცხა ქრისტიან-დემოკრატების რიგებში და მისი ერთგული და წარმმართველი იყო მთელი კარიერის მანძილზე. კოლი კონსერვატორია, კათოლიკურ ტრადიციაზე აღზრდილი.

ნაციზმთან კავშირი არ ჰქონია, მარტივი მიზეზის გამო. როგორც თვითონ ამბობს, ბედნიერება მხვდა წილად, გვიან დავიბადე და ოჯახიც კარგი გვქონდაო. ჰელმუტ კოლი ჯერ თავისი კუთხის, რაინლანდ-პფალცის, პრემიერ-მინისტრი იყო. შემდეგ უკვე ფედერალურ ასპარეზზეც სცადა ბედი და, როგორც ბუნდესტაგის წევრი, ბუნდესტაგისა, სადაც ის 1976 წლიდან 2002-მდე ფლობდა მანდატს, კანცლერი გახდა. კანცლერობის ისტორია ბრძოლასთან არის დაკავშირებული, რადგან ის თანამდებობაზე მოხვდა სოციალ-დემოკრატი ლიდერის, ჰელმუტ შმიდტის, დათხოვნის შემდეგ.

კოლის - ისე, როგორც სხვა არც ერთი გერმანელი პოლიტიკოსის - შესახებ უამრავი კარიკატურა და ხუმრობა ვრცელდებოდა. ის ფიზიკურად ზორბა კაცია. არავინ იცოდა, სად გადიოდა მკურნალობას, როცა ვრცელდებოდა ხოლმე ხმა, კანცლერი დიეტაზეა და ჯერჯერობით ასპარეზზე ვერ გამოჩნდებაო. ამიტომაც და კიდევ მისი გვარის გამო, რაც ქართულად „კომბოსტოს“ ნიშნავს, არაერთი ხუმრობა ითხზვებოდა, სიტყვების თამაშზე აგებული.

ჰელმუტ კოლმა სწრაფად აუღო ალღო „პერესტროიკას“ და კრემლთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიის გაერთიანების თაობაზე. აღნიშნავენ ერთ უპრეცედენტო ფაქტს: კოლმა - ისე, რომ არც თავის კოალიციასთან შეთანხმებულა და არც დასავლელ პარტნიორებთან - გერმანიის პარლამენტს „გერმანიისა და ევროპის გაყოფის დაძლევის ათპუნქტიანი გეგმა“ წარუდგინა. ეს მოხდა 1989 წლის ნოემბერში და ერთ წელიწადში გერმანია უკვე ერთი სახელმწიფო იყო. ის ასევე არ შესთანხმებია ფედერალური ბანკის თავმჯდომარეს, როცა გადაწყვიტა, დასავლური, „დე-მარკად“ წოდებული, ვალუტისა და გედეერის ფულადი ერთეულის, ასევე მარკის, გაცვლის კურსი ერთი ერთზე დაედგინა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა გაერთიანებული გერმანიის ახალ მიწებს.

კოლმა წარმატებით აწარმოა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ ოთხ სახელმწიფოსთან - საბჭოთა კავშირთან, აშშ-თან, საფრანგეთსა და ბრიტანეთთან მოლაპარაკება გერმანიის გაერთიანების შესახებ და უკვე ახალი ფედერაციული რესპუბლიკის მთლიანად ნატოში შეყვანაც მოხერხდა, რასაც ვერც კი წარმოიდგენდა კაცი ათი წლით ადრე, რადგან საბჭოთა კავშირის მიერ დაკავებული ეს ტერიტორია კრემლის მკაცრი ხაზის მომხრე მესვეურებს თავისად მიაჩნდათ.

1989 წლის დეკემბერში დრეზდენში კოლი თავისი ერის გაერთიანების ისტორიულ ჟამზე ლაპარაკობდა. და მალევე დადგა 1990 წლის სამი ოქტომბერი - გერმანიის გაერთიანების დღე. მანამდე კოლს ქვეყნის შიგნით ჰქონდა პრობლემები იმ მხრივ, რომ ბევრი მოქიშპე ჰყავდა. ერთ-ერთი ამგვარი ომისას პოლონეთში, ივნისში, იმავე 1989 წელს, მას მოახსენეს, გედეერში მასობრივი გამოსვლებიაო. ავსტრიასა და უნგრეთს შორის გახსნეს საზღვარი და ამ ყველაფერმა კოლს ქვეყნის შიგნით უშველა, უკვე შემდგომ არჩევნებზე მას აღარ გაუჭირდა კანცლერის პოსტზე დარჩენა. ცალკე, თუმცა გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებული ფურცელია ევროპის ერთიანობისთვის მისი ბრძოლა. უფრო ადრე, 1984 წელს, მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ჩასვლა ვერდენში, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა 1918 წელს, რამაც გერმანიის ამ ომში მარცხი გადაწყვიტა, და მათ მიერ იქ დაღუპული ჯარიკაცებისთვის პატივის მიგება ამ ორი ქვეყნის შერიგების სიმბოლოდ იქცა. სხვათა შორის, ამ შერიგებას მოჰყვა ახლა ფეხზე მდგომი ერთობლივი გერმანულ-ფრანგული ტელეარხის, „არტეს“, გახსნა. შემდგომ წლებში ამ ორმა ქვეყანამ გასწია, ძირითადად, ევროპის კავშირის გაფართოების, მაასტირიხტის შეთანხმების და საერთო ვალუტის - ევროს - შემოღების ჭაპანი. ჰელმუტ კოლი ევროპის სახლზე ლაპარაკობს, სადაც ამ კონტინენტის ყველა ერისთვის არის ბინა და სადაც ყველა თავის წვლილს შეიტანს და ყველა თავისი მოსაზრებით შედის. მაგრამ მთავარი, კოლის აზრით, შემდეგია:

„უმნიშვნელოვანესი ამ სახლის შიდა განაწესში, ახალ ევროპაში ისაა, რომ აღარასოდეს განმეორდეს ევროპაში ძალადობა.“

კოლმა ბოლოს კანცლერის პოსტი დატოვა, დამარცხდა, მაგრამ თავისი ადრინდელი გამარჯვებებით კმაყოფილი წავიდა. როცა, უკვე პენსიაში მყოფი, მემუარებს წერდა, სამართალდამცველებმა მიაკვლიეს ფარულ საბანკო ანგარიშებს, საიდანაც მისი პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ფინანსდებოდა. კოლმა დაკითხვაზე იცრუა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებო. ყოფილი კანცლერი ძლივს გადაურჩა სამართალში მიცემას. უკვე პენსიაშივე იყო,როცა, 2001 წელს, თავი მოიკლა მისმა ცოლმა ჰანელორემ, რომელსაც წლების განმავლობაში სინათლის ალერგია ჰქონდა.

კოლი 80 წლის გახდა. ის საჯაროდ ისე ხშირად აღარ ჩანს, მაგრამ გერმანელებს არ ავიწყდებათ თავიანთი პროვინციული ყაიდის, არცთუ კეთილშობილ პფალცურ დიალექტზე მოსაუბრე და არაერთი პარადოქსული გამოთქმის ავტორი კანცლერი. მისი ერთი ნათქვამი ჩვენ გვეხება. ეს თქვა მან გერმანიის საზოგადოებრივი პირველი ტელეარხის ეთერში, როცა ჟურნალისტმა კომენტარი სთხოვა: „კლასიკური ჟურნალისტური მტკიცებაა: ეს სწორია, მაგრამ სიმართლე არ არის.“
XS
SM
MD
LG