Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოფაძის მთავარი დაპირება დასაქმებაა


ამ კვირაში საკუთარი საარჩევნო პროგრამა თბილისის მერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა გოგი თოფაძემ წარმოადგინა. ”მრეწველების” მთავარი დაპირება ამჯერადაც დასაქმების პრობლემის მოგვარება და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაა. რადიო თავისუფლებამ უკვე გაგაცნოთ მერობის სამი კანდიდატის - ირაკლი ალასანიას, გიორგი ჭანტურიასა და ნიკა ივანიშვილის - საარჩევნო პროგრამები.

”მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” - ასეთია თბილისის მერის კიდევ ერთი კანდიდატის, გოგი თოფაძის, საარჩევნო ლოზუნგი. ”მრეწველების” ლიდერი თავის საარჩევნო პროგრამაში აქცენტს კვლავ თბილისელების დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე აკეთებს:

”დასაქმება დღემდე არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ეს ხელისუფლება მას ვერ გადაწყვეტს, რადგან მას არასწორი სტრატეგია აქვს აღებული - აქცენტები კეთდება იმპორტირებულ საქონელზე, კლავს საკუთარ წარმოებას, რომლებიდანაც ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა უცხოურს თავისი ხარისხით და ყველა მაჩვენებლით.”

თოფაძე ამბობს, რომ უმუშევრობა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის და რომ საქართველოში ოჯახის უფროსის უმუშევრობა, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის ნგრევას ნიშნავს. თავისი მერობის შემთხვევაში კი ამ პრობლემის მოგვარებას შემდეგნაირი გზით აპირებს:

“თბილისში იყო შესანიშნავი ცხიმკომბინატი - ერთ-ერთი წარმატებული და კარგად აღჭურვილი საწარმო. ამ ქარხნის ნედლეული - ცხიმოვანი ნარჩენები - თავის მხრივ, იყო ნედლეული საპნის ქარხნისა, რომელშიც 600-მდე კაცი მუშაობდა. საპნის ქარხნის ნარჩენებზე პარფიუმერული ფაბრიკა მუშაობდა და ასე.. ერთი ქარხნის ამუშავებით სამი ქარხანა ამუშავდება.”

წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქალაქის ბიუჯეტიდან დაფარვა არის თოფაძის დაპირებებიდან ერთ-ერთი:

”ამ ტარიფის მიხედვით, რაც დღეს წყლის გადასახადზეა დაწესებული, ერთი ადამიანი დღეში 800 ლიტრ წყალს ხმარობს, რაც აბსურდია და ყველაზე მარტივი გათვლებითაც კი ჩანს, რომ 100-120 ლიტრი შეიძლება იყოს მხოლოდ დანახარჯი. მაშინ რატომ ვიხდით 2.40 ლარს? გვეუბნებიან, მილებია გამოსაცვლელი, წყალი იკარგება... არ ჯობს ეს მილები გამოიცვალოს და ხალხმა ნაკლები გადაიხადოს? ანუ ესეც შესაძლებელია.”

„მრეწველების“ ლიდერის პროგრამაში დევს საარჩევნოდ საკმაოდ მომგებიანი
ანაბრების დაბრუნების საკითხიც. თოფაძის თქმით, ამ თანხას საქართველოს ბიუჯეტი სამ წელშიც ვერ დაფარავს, თუმცა ეტაპობრივად, დაზარალებულ მეანაბრეთა პრივატიზაციის პროცესში ჩართვით, ამ პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს:

”ჯერ უნდა მოხდეს ამ ვალების ინდექსაცია. დღეს ხომ ყველაფერი იყიდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა გაყიდული ობიექტიდან 10 პროცენტი შემოსული თანხის, ვაუჩერის ფორმით იქნება თუ სხვა ფორმით, პირველ წელს წავა მეანაბრეთა ვალის ანაზღაურების ფონდში. ერთ წელში ასობით მილიონი დაგროვდება. ასე იქნება მომდევნო წელს და მანამ, სანამ არ დაიფარება ეს ვალი.”

წარმოებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 100 მილიონი ლარის გამოყოფა, მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადის დაწესება, ქალაქის საბინაო ფონდის შექმნა, მინიმუმ ერთი უფასო მუნიციპალური საავადმყოფო თბილისში - ასეთია დაპირებების ჩამონათვალი. თოფაძის თანაგუნდელი ზურაბ ტყემალაძე ფიქრობს, რომ ეკონომიკის ფეხზე დაყენება წარმოების განვითარების გარეშე ძნელი მისაღწევია.

მათი დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის იერსახის შენარჩუნებას და აღდგენას უკავშირდება. ტყემალაძის კრიტიკის საგანი ქალაქის არქიტექტურული სამსახურია. ის ამბობს, რომ თბილისის მერმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თბილისს ჰყავდეს ისეთი არქიტექტორი და ისეთი მხატვარი, რომ ქალაქმა თავისი განსაკუთრებული სახე შეინარჩუნოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG