Accessibility links

logo-print
გასული წლის 26 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ – „სამთავრობო კულუარებიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით“ - გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ზურაბ ადეიშვილს პრემიერ-მინისტრობისთვის ამზადებენ“.

ათი თვის შემდეგ, მიმდინარე წლის 13 აპრილს, ისევ საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა, გიგი უგულავამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ტაილანდურ რესტორანში სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

16 აპრილს კი იანეთელმა კომენტატორმა ალექსანდრემ (მუხიანიდან) გვიამბო, როგორ ესტუმრა მათ უბანს გიგი უგულავა და როგორ წარუდგინა მუხიანელებს მათი მომავალი მაჟორიტარი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან: ვინმე დავით ჯინჭარაძე.

როგორც კი ბლოგზე ალექსანდრეს გზავნილი წავიკითხე, მაშინვე ტაილანდური რესტორანი გამახსენდა, შემდეგ კი შარშანდელი ინფორმაცია – ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო გაპრემიერებაზე.

რა კავშირია ამ სამ მოვლენას შორის?

რასაც ამის შემდეგ დავწერ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსაზრებებია, ჩემი დაკვირვების შედეგები და არავითარი „სანდო წყაროს ინფორმაციით“ ან „სამთავრობო კულუარებიდან მიღებული ცნობით“ გამყარებული არ არის.

* * *

როდესაც შარშან ზაფხულს გახშირდა საუბრები ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო გაპრემიერებაზე, რადიო თავისუფლებისთვის მოვამზადე მასალა, სადაც ვასაბუთებდი, რომ, სინამდვილეში, ადეიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად მოსალოდნელი არ იყო. ზურაბ ჟვანიას შემდეგ, საქართველოს არ ჰყოლია ძლიერი პრემიერ-მინისტრი, და არცთუ შემთხვევით. ადეიშვილიც, როგორც სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის მეტად გავლენიანი წევრი, ჩემი ვარაუდით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვერ მოხვდებოდა.

ადრეც დამიწერია, რომ მთავრობაში ორი ძლიერი გუნდია: ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის. ბევრს ისინი თავგადაკლული მეგობრები და პარტნიორები ჰგონია, მე – არა. მე, პირიქით, მგონია, რომ, სანამ შეძლებს, მერაბიშვილი არ დაუშვებს ძლიერ ფიგურას პრემიერის პოსტზე, მით უფრო, თავად ზურაბ ადეიშვილს.

ზამთრისკენ აქცენტები შეიცვალა და კულუარებში გაჩნდა ახალი კანდიდატი ნიკა გილაურის შემცვლელად – გიორგი ქადაგიძე, ზუსტად ის, რომელმაც - სააგენტრო „პირველის“ ცნობით - ტაილანდურ რესტორანში ისადილა. იგი ზურაბ ადეიშვილის თანაგუნდელია და მის კანდიდატურას სწორედ იუსტიციის მინისტრი ლობირებდა, მაგრამ – ამაოდ.

* * *

პრემიერის პოსტისთვის ბრძოლის წაგება არ ნიშნავს, რომ ზურაბ ადეიშვილის გავლენა სუსტდება. უფრო პირიქით. როდესაც სამთავრობო გუნდში სერიოზული ბზარია, ყველა მინისტრი არჩევანის წინაშეა – რომელ დაჯგუფებას მიეკედლოს. დღეს გავლენის სივრცეები და, ესე იგი, ძალები, დაახლოებით, ასეა განაწილებული:

ზურაბ ადეიშვილი: პროკურატურა; სასამართლო; კარგი წარმომადგენლობა საპარლამენტო უმრავლესობაში (პავლე კუბლაშვილის ლიდერობით); გიგი უგულავა და თბილისის მერია; ოფიციალური მემორანდუმები (თანამშრომლობის შესახებ) განათლების სამინისტროსთან, ილიას უნივერსიტეტთან, საპატრიარქოსთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან; გავლენა სოციალურ ქსელებში.

ვანო მერაბიშვილი: პოლიცია; უშიშროება; ჯარი; ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროები; პრემიერ-მინისტრი პირადად.

ტელევიზიებიც განაწილებულია: „იმედს“ ადეიშვილის ჯგუფი აკონტროლებს, „რუსთავი 2“-ს და „რეალ ტვ“-ს – მერაბიშვილი, პირველ არხზე კი ნამდვილი ორხელისუფლებიანობაა.

ოპოზიციურ პარტიებთან, რამდენადაც მე ვხვდები, ექსკლუზიურად მუშაობს ვანო მერაბიშვილი – ესეც კარგა გვარიანი ალაფია.

რომელი ბანაკი უფრო ძლიერია? პასუხი ინდივიდუალური იქნება, იმის მიხედვით, ვის რა მიაჩნია ძალად – იარაღი თუ ინტელექტი. ფული კი ორივე მხარეს საკმარისად მოეპოვება.

* * *

რაკი 30 მაისს არჩეულ მერს თბილისელების ნდობის მანდატი მეტისმეტად გააძლიერებს, მოსალოდნელი იყო, რომ ვანო მერაბიშვილს პრობლემას შეუქმნიდა გიგი უგულავას ფაქტორი. სწორედ უგულავას რეიტინგზე ბრძანა „კომერსანტთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა – ძალიან მაღალია და ჩამოწევაზე უნდა ვიზრუნოთო. კულუარებში კი ამბობდნენ, რომ თუ ამ ორ გუნდს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდებოდა, არჩევნები შეიძლებოდა საერთოდ გადადებულიყო.

ვინც მიხეილ სააკაშვილს და მის ახლო გარემოცვას იცნობს, მათგან ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მოლაპარაკება საერთო თანხმობით დასრულდებოდა – მიმდინარე ეტაპზე მაინც. ასეც მოხდა. ტაილანდურ რესტორანში შემდგარი შეხვედრა სწორედ ამ მოლაპარაკების აფიშა იყო, ჩვენთვის გამოფენილი. აფიშაზე მშვიდობა და თანხმობა ეწერა. ოღონდ, მასზე კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაციის ამოკითხვა შეიძლებოდა: ვანო მერაბიშვილის გუნდი წარმოდგენილი იყო ერთი ლიდერით, ზურაბ ადეიშვილის გუნდი კი – სამი განშტოებით: გიგი უგულავათი, დავით კეზერაშვილით, - რომელიც გიგა ბოკერიას და „შუბოსანი ლიბერალების“ ინტერესებს ასახავდა - და გიორგი ქადაგიძით, რომელიც თავად ადეიშვილს განასახიერებდა.

გამოდის, ვანო მერაბიშვილის ბანაკი უფრო შეკრულია, ზურაბ ადეიშვილის კი – სამ ნაწილად არის დაყოფილი. ისიც გამოდის, რომ ამ ბანაკებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ნაციონალების მხრიდან მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება.

სწორედ ამ შეთანხმების შედეგი იხილა სულ რამდენიმე დღეში ჩვენმა ძვირფასმა ალექსანდრემ მუხიანში – გიგი უგულავას და ვინმე დავით ჯინჭარაძის სახით.

* * *

საინტერესოა, ძლიერი პრემიერი თუ არ მოსწონს, ძლიერ მერზე როგორ დაიყაბულეს ვანო მერაბიშვილი? მით უმეტეს, თუ მერი მისი გავლენის სივრციდან გასული ადამიანი იქნება?

ამის შესახებ აფიშაზე ვერაფერი ამოვიკითხე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG