Accessibility links

logo-print

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწე „სიცრუეს“ უწოდებს გაეროს მოხსენებას ბენაზირ ბჰუტოს შესახებ


პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის თანაშემწის განცხადებით, "სიცრუით სავსეა" გაეროს ანგარიში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის შესახებ. ბჰუტო 2007 წლის დეკემბერში მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით და თვითმკვლელი ამფეთქებლის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. გაეროს ჯგუფმა გუშინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, მუშარაფის მთავრობას და უშიშროების სამსახურებს უსაფრთხოების სათანადო ზომები რომ მიეღოთ, შესაძლებელი იქნებოდა ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის თავიდან აცილება. ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ მკვლელობის გამოძიებას განზრახ აფერხებდნენ ოფიციალური პირები, მათ შორის დაზვერვის სააგენტოების წარმომადგენლები. გაეროს ანგარიშს დადებითად გამოეხმაურნენ ბჰუტოს პარტია, ამჟამად მმართველი პაკისტანის სახალხო პარტია და ბჰუტოს ქვრივი, ამჟამინდელი პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი. მუშარაფის თანაშემწე რაშიდ ყურეში კი ამტკიცებს, რომ გაეროს ანგარიში მითქმა-მოთქმას ეფუძნება და გაუმართლებლად ადანაშაულებს მუშარაფს და უშიშროების ძალებს.
XS
SM
MD
LG