Accessibility links

logo-print

ენგურის ხიდზე სპეციალურ საშვებს ითხოვენ


ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე

ადმინისტრაციული საზღვარი ენგურის ხიდზე

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე ოთხი ოფიციალური გადასასვლელი დააწესა და მათზე კონტროლი ხელშეკრულებების საფუძველზე რუს მესაზღვრეებს დაევალა.

ოტობაია-განმუხური, ხურჩა-ნაბაკევი და საბერიო-ფახულანისგან განსხვავებით გამონაკლისია ენგურის ცენტრალური ხიდი, რომელსაც ამ დრომდე აფხაზი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

ენგურის ხიდზე ყოველდღე 500-მდე მოქალაქე ოკუპირებულ რეგიონში ჩადის და პირიქით, სამეგრელოში გადმოდის. არის შემთხვევები, როდესაც აფხაზი მესაზღვრეები მოქალაქეებს დე ფაქტო მთავრობის მიერ დადგენილი სხვადასხვა დოკუმენტის უქონლობის გამო ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ და საბუთების წესრიგში მოყვანას სთხოვენ.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსული გალელები ამბობენ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას აფხაზ მესაზღვრეებს ფულსაც უხდიან, რომელიც 100-დან 300 რუსულ რუბლამდე მერყეობს.

რესპონდენტების თქმით, აფხაზი სამხედროები უარს არ ამბობენ ლარის აღებაზეც.

რაც შეეხება ოტობაია-განმუხურის, ნაბაკევი-ხურჩის, საბერიო-ფახულანის გადასასვლელებს, სადაც ამ დრომდე აკრძალულია მიმოსვლა, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან განახლდება.

უწყების ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას ცნობით, გალში მოქმედმა რუსეთის საოკუპაციო ძალების სასაზღვრო სამმართველომ მიიღო ახალი დადგენილება, რომლის საფუძველზე მოქალაქეთა მიმოსვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი.

”გუშინ შეხვდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გალის აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სადაც გადაწყდა, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნება. ამასთან, საუბარი იყო საშვების ამოქმედებაზე, რომლის გარეშე მოქალაქეები საზღვარს ვერ გადაკვეთენ”, - გვიხსნის კილანავა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ის, თუ რამდენი რუსული რუბლის გადახდა მოუწევს მოქალაქეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის, ამას გამშვებ პუნქტებზე მყოფი რუსი მესაზღვრეები განსაზღვრავენ.
XS
SM
MD
LG