Accessibility links

logo-print
ვირტუალურ სივრცეში - კერძოდ კი, ინტერნეტფორუმებზე - მომხმარებლების იდენტიფიკაცია არა მხოლოდ მათი ნიკების, ანუ ვირტუალური სახელების, მიხედვით ხდება, არამედ იმ ვიზუალური გამოსახულებებითაც, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ იუზერს ეკუთვნის და მას ავატარი ჰქვია. ერთი შეხედვით, ავატარის არჩევა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული პროცესია, მაგრამ, როგორც ჩვენი სიუჟეტიდან ირკვევა, ავატარს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

თქვენი აზრით, რა არის ავატარი?

ყველაზე ხშირი პასუხი - ჯეიმს კამერონის ამავე სახელწოდების ფილმი.
ყველაზე მოსალოდნელი პასუხი - ინტერნეტფორუმებზე მომხმარებლების, ე.წ. იუზერების, კუთვნილი და არჩეული გამოსახულება, ფოტო, ნახატი, წარწერა და. ა.შ

და ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი პასუხი - ავატარი ინდური წარმოშობის სიტყვაა და რეინკარნაციას ნიშნავს. ინგლისურ ენაში კი, როგორც საძიებო სისტემებში ვკითხულობთ, ეს სიტყვა განსხეულების მნიშვნელობით დამკვიდრდა.

ამ სიუჟეტის მომზადების იდეა კი ერთ კონკრეტულ ფორუმზე ერთი კონკრეტული ავატარის საინტერესო თავგადასავალმა გააჩინა.

ავატარზე ვიღაც უცნაური გარეგნობის მამაკაცის ფოტოა გამოსახული, სავარაუდოდ, პასპორტის ან მსგავსი სახის დოკუმენტისათვის გადაღებული. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ დროთა განმავლობაში ამ ადამიანს მისი პატრონი ია ვეკუა გამუდმებით უცვლის სახეს კომპიუტერულ პროგრამა „პეინტში“. თავიდან ყურადღებას თითქოს არავინ აქცევდა, როგორ გახდა ჩვენი ავატარის გმირი უთავო, შემდეგ ჩააცვეს ექიმის სამოსი, შემდეგ გახდა ქრისტიანი თოვლის პაპა, აუკრეს პირი, როგორც გახმაურებული ფილმის, "კრავთა დუმილის", პერსონაჟს, ხან ლინდგრენის პეპიდ გადაიქცა, ხან კი - ფრენკ ზაპას ულვაშად... და მერე ყველა მიხვდა, რომ ავატარზე ვიღაც უცხო ტიპის ცხოვრება უმიზეზოდ არ იცვლებოდა. ყველაფერი კი, როგორც თავად ია ვეკუა გვიყვება, ასე დაიწყო:

"ხულიგნობის პერიოდი მქონდა ფორუმზე. არის ასეთი პერიოდები, როცა სერიოზული პოსტების წერის ხასიათზე არ ხარ. მინდოდა რამე საინტერესო ავატარი მქონოდა, თან უბრალო, მაგრამ თან ყურადღებაც რომ მიექცია. დავიწყე ძიება google.com-ში, სადაც მთელი მსოფლიო ეძებს და სიტყვა ”ავატარი” ჩავწერე. ათასი სისულელე ამოაგდო - პეპლები, ჩიტები, ბრჭყვიალატუჩებიანი გოგოები... შემდეგ ჩავწერე, უბრალოდ, “boy face” და ამოაგდო უცებ ფოტო, რომელმაც მაშინვე დამიპყრო - ისეთი მზერა აქვს, საოცარი, არაამქვეყნიური, და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ავატარი. ვერ გაიგებ სად იყურება ეს ადამიანი - ობიექტივში, პარალელურ სამყაროში, საკუთარ თავში... ვერ გაიგებ."

ხულიგნობით დაწყებული ეს ამბავი იმით გაგრძელდა, რომ იამ თავისი ავატარის ვინაობის გაგება მოინდომა, მაგრამ - უშედეგოდ. ამიტომაც სხვა გზას დაადგა:

”დავიწყე მისი ცხოვრების შექმნა, ანუ მისი სხვადასხვა იმიჯების შექმნა, თითქოს ის აგრძელებს ცხოვრებას. ის არ დარჩა მხოლოდ ამ ერთ კადრში.”

"იას ბიჭის" იმიჯის ყოველი მორიგი ცვლილების შემდეგ ყველას აინტერესებდა ახალი პერსონაჟის თავგადასავალი. მისი პატრონი კი, ალბათ, მათთანაც დაუზარებლად ჰყვება ამბებს, რომელიც რადიო თავისუფლებასაც მოუთხრო. ამბავი ბიჭის უცხოპლანეტელად ქცევისა:

"აი, ერთ-ერთი იმიჯი, სადაც ბიჭი არის უცხოპლანეტელი, რომელსაც აქვს სამი თვალი და უკან მფრინავი თეფშია. ეს ის პერიოდია, როდესაც მე ედვუდის კინოზე ვიყავი გადართული. ედვუდი ძალიან ცნობილი ამერიკელი რეჟისორია, რომელიც მიჩნეულია მსოფლიო კინემატოგრაფის ყველაზე ცუდ რეჟისორად. მისი ერთ-ერთი ფილმია ”მეცხრე გეგმა უცხო სამყაროდან”, რომელიც ასევე საშინელი ფილმია, კიჩის ელემენტებით, მოკლედ, ტიპიური ტრეშია, და იქ არის სულელური მფრინავი თეფში და მომინდა, რომ ედვუდის კინო გამეგრძელებინა, რატომ ჩამოიყვანა ამ მფრინავმა თეფშმა ადამიანის მსგავსი უცხოპლანეტელები... იქნებ მათ მწვანე, სამთვალიანი და კუდიანი უცხოპლანეტელები ჩამოიყვანეს... და მერე ამას ჩემი ხულიგნობაც დაემატა და ჯვარიც ჩამოვკიდე. ქრისტიანი უცხოპლანეტელია, მოკლედ."

ერთხელ კი ბიჭი ჰიტლერადაც გადაიქცა, მანამდე კი - დარტვეიდერად:

”აი, დარტვეიდერი ”ვარსკვლავური ომების” ერთ-ერთი მთავარი გმირია და ძალიან მიხარია, რომ ასეთი პერსონაჟი თანამედროვე ადამიანმა შექმნა. ის დაახლოებით ტომ სოიერის დონის პერსიონაჟია თავისი ბიოგრაფიით, ძალიან საკულტო გმირია. ჰიტლერს რაც შეეხება, შარშან, 22 ივნისს, რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, სადაც ჰიტლერს ხშირად ახსენებდნენ და უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი გმირი მასაც ჰგავდა. თმა გადავუვარცხნე, ულვაში გავუკეთე და ისე დაემსგავსა, კინაღამ ხელი ავწიე და „ოო, ჩემო ფიურერო!“ ვიყვირე...”

კიდევ დამრჩა მოსაყოლი, რატომ ადგას ჩვენს გმირს თავის ნაცვლად მწვანე ვაშლი, პაწაწინა წითელი რქები, როგორ გაჩნდა მეკობრის პერსონაჟი, რატომ დაადგა საკუთარი დაბადების დღის წინა დღეებში იამ ბიჭს თავზე სანთლებიანი ტორტი და რას ნიშნავს ინიციალები ხ - ვ. მიზეზი, რატომაც ვერ მოვყვები, მარტივია: ავატარების რიცხვი 30-ს გასცდა. ია ამბობს, რომ ავატარი ფორუმებზე ყველაზე ნათელი ვიზუალური მასალაა, მისი მომხმარებლის განწყობასაც აჩვენებს და ყურადღებასაც ამით იქცევს. მისი ფორუმული ცხოვრების რამდენიმეწლიანი გამოცდილებით, იას კიდევ რამდენიმე დაკვირვება აქვს:

”ზოგი ძალიან ხშირად ცვლის ავატარს. ასეთ ადამიანებზე ვფიქრობ, რომ არასტაბილური ტიპები არიან. და კიდევ რასაც დავაკვირდი, ძალიან საინტერესოა მოზარდების ავატარები. როგორც წესი, 80% არის ძალიან აგრესიული, დეპრესიული. მე ვურჩევდი მათ მშობლებს, რომ აკონტროლონ მათი შვილების ფორუმული მოღვაწეობა.”

მწერალ ბესო ხვედელიძეს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, ავატარი მისი პატრონის თვითირონიის პარამეტრების დადგენაში ეხმარება. თავად ბესოს მიერ არჩეული ავატარები ყურადღებას ყოველთვის იქცევს. უკვე რამდენიმე წელია მისი ერთ-ერთი საყვარელი ავატარიდან ყოფილი პარლამენტარი ვიტალი ხაზარაძე შემოგვყურებს:

”ეს ხუმრობაა. მსუბუქი იუმორი და მეტი არაფერი. ზოგი, შესაძლოა, ამ ავატარებში ალტერეგოს ეძებს, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ იუმორია, მე ამით ვკაიფობ. თუმცა, ზოგადად თუ ვიტყვით, რადგან ჩვენ ვირტუალურ სივრცეზე ვლაპარაკობთ, იქ ადამიანს საშუალება აქვს ის კომპლექსები ჩამოიფერთხოს, რეალურ ცხოვრებაში ჩრდილივით რომ დასდევს. იქ ცდილობს იყოს მეტად გახსნილი, მოქნილი, უდარდელი, ბრძენი, მდიდარი, აშკარა, დაუჯერებელი, დაუნდობელი, აგრესიული და ა.შ.”

ფსიქოლოგებისათვის კი ავატარები უფრო ღრმა დაკვირვების საგანია. მაგალითად, ნანა ჩაჩუა გვეუბნება, რომ ეს ერთგვარი ურთიერთობის ენაცაა:

”ზოგჯერ ძალიან ლირიკული განწყობილებითაა წარმოდგენილი, ზოგჯერ კი ზედმეტად აგრესიული. აი, მაგალითად, ”ფეისბუკზე” განსაკუთრებით ბავშვები იყენებენ ისეთ ავატარებს, რისიც ეშინიათ. ანუ გამოხატავენ ამით შიშს და შიშის დაძლევა ხდება ამით. დავუშვათ, მე მგლის მეშინია - მე ვარ მგელი ავატარზე... ანუ ეს არის, ერთი მხრივ, საკუთარი თავის წარმოსახვა, როგორიც უნდათ მათ იყვნენ და, მეორე მხრივ, ეს არის იმ შიშების დაძლევა, რაც ამა თუ იმ ადამიანში არსებობს.”

ანუ გამოდის, რა მოტივაციითაც არ უნდა აარჩიოთ თქვენი ავატარი, ფსიქოლოგები მას რაღაც ახსნას მაინც მოუძებნიან. რაც უფრო ორიგინალური ავატარი გექნებათ, მით უფრო საინტერესო იქნება შეფასებები. ხოლო ვისაც ეს დიდად არ ანაღვლებს, საძიებო სისტემები, როგორც ჩვენმა რესპონდენტმა ია ვეკუამაც თქვა, სავსეა ბრჭყვიალატუჩებიანი გოგოს ფოტოებით და ამაზონის ჯუნგლების მიმზიდველი პეიზაჟებით. ასე რომ, აირჩიეთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG