Accessibility links

logo-print

კოკოითიმ და ბროვცევმა მოსკოვის ფული ვერ გაიყვეს?


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკური გუნდის თავმჯდომარე ვადიმ ბროვცევი (მარცხნიდან პირველი) და პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი (მარცხნიდან მეორე)

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკური გუნდის თავმჯდომარე ვადიმ ბროვცევი (მარცხნიდან პირველი) და პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი (მარცხნიდან მეორე)

ცხინვალში კორუფცია და რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსების ქურდობა არნახულ მასშტაბებს აღწევს. თითქმის მთლიანად შეჩერებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბევრმა სამშენებლო კომპანიამ ფული აიღო და ისე, რომ სამუშაოები არ დაასრულა, უკვალოდ გაქრა.

ოსურმა მედიამ დამნაშავეების ძებნა დაიწყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კოკოითის მიერ კონტროლირებულ დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებებში, განსაკუთრებით ინტერნეტგამოცემა „ოსინფორმზე“, ათობით კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ბროვცევისა და სხვა რუსი მოხელეების წინააღმდეგ. მათ საქმიანობას ცალკე საავტორო გადაცემა, სათაურით „ქურდი ციხეში უნდა იჯდეს“ მიუძღვნა ჟურნალისტმა კოსტა კოშტემ, რომელიც კოკოითის მეგობარია. იგი ცხინვალში კრემლის მიერ გამოგზავნილ ჩინოვნიკებს ჩელიაბინსკელ მარადიორებს და ქურდებს უწოდებს.

მისი თქმით, მთელი ეკონომიკური გუნდის თავმჯდომარე ვადიმ ბროვცევი, ფინანსთა მინისტრი ირინა სიტნიკი, ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრე ჟმაილო და სხვა რუსი მოხელეები, ცხინვალში რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის რომან პანოვის ლობირებით დაინიშნენ.

ცნობისთვის: პანოვიც ჩელიაბინსკელია, ამიტომ ცხინვალის სარეაბილიტაციოდ ყველა ძვირადღირებული ტენდერი ჩელიაბინსკურმა სამშენებლო კომპანიებმა მოიგეს.

კოშტეს თქმით, ფული ამოიწურა, საქმე არ კეთდება, ქურდები კი თავისუფლად დასეირნობენ.

”ყველა ტენდერი ჩელიაბინსკურმა კომპანიებმა მოიგეს. 2009 წელს რესპუბლიკის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ფული ამოიწურა. ამ ფულით ასაშენებელი ობიექტები არ აშენდა. ამ სფეროში წესრიგის დასამყარებლად პრეზიდენტმა რუსეთიდან საანგარიშო პალატა მოიწვია, რათა მოხდეს ურთიერთობების გარკვევა იმ სამშენებლო კომპანიებთან, რომლებმაც ფული აიღეს და უკვალოდ გაქრნენ, ისე რომ სამუშაოები არ დაასრულეს. ახლა მთავარი კითხვებია: როგორ მოხვდნენ ეს ორგანიზაციები ჩვენთან? ვინ შეარჩია? ვინ შეამოწმა? ვინ მოიწვია ისინი? რატომ მიიღეს მთელი ფული? ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხი პროკურატურამ და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტმა უნდა გასცენ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აქ დიდი ქურდობაა, ქურდი კი ციხეში უნდა იჯდეს“, – ამბობს გადაცემაში კოსტა კოშტე.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მილიარდობით რუბლი დაკარგულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია და ამ ფონზე ბროვცევი ფინანსური ამნისტიის ინიციატივით გამოდის.

კოკოითი და ბროვცევი ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ. მათ მაგივრად მედია-საშუალებები საუბრობენ.

ინფორმაციულ ომში კიდევ ერთი ინტერნეტგამოცემა „ერსეოინფორმი“ ჩაერთო, რომელმაც კოკოითის კონტროლირებული მედიით ბროვცევის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციებს ცილისმწამებლური და ამორალური უწოდა. ამ გამოცემის მიხედვით, ცხინვალში კოკოითის რეიტინგი 9%-ამდეა, ბროვცევისა კი 15%. ერსეოინფორმი მკითხველს ახსენებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციით პრეზიდენტის ხელში დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი, პრემიერ-მინისტრს ის ნიშნავს პარლამენტის თანხმობით და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს.

კოკოითის და ბროვცევის კონტროლირებულ მედიაში სხვა თემები აღარ არსებობს, მათი დაპირისპირება უკვე ურთიერთშეურაცხყოფაში გადადის. ცხინვალში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი მოსაზრება რადიო თავისუფლებას ოსმა უფლებადამცველმა რუსლან მაყაევმა გაუზიარა. მისი თქმით, კოკოითი ფინანსებს ჩამოაცილეს, რადგან გამუდმებით იპარავდა, ფულს პანოვისა და ბროვცევის გუნდიც იპარავს. დაზარალებულების ბედი კი არავის აინტერესებს. მაყაევის აზრით, კოკოითისა და ბროვცევის დაპირისპირება სწორედ ფინანსების გადანაწილებას უკავშირდება.

რადიო თავისუფლებას ცხინვალიდან კომპეტენტურმა წყარომ აცნობა, რომ კოკოითის გუნდის წევრები ხმას ავრცელებენ, რომ ბროვცევის დღეები დათვლილია და მას მალე მოხსნიან. ბროვცევის მოხელეები კი ამბობენ, რომ ისინი პუტინმა გამოაგზავნა და თუ მათ მოხსნიან, რუსეთი ფინანსურ დახმარებასაც შეწყვეტს. ბროვცევს რომ კრემლში მფარველები ჰყავს, ამას კოკოითის კონტროლირებული მედია არ უარყოფს, ამიტომ კოკოითი გადაწყვეტილებას ვერ იღებს და რუს მოხელეებზე შეტევას მედიის საშუალებით განაგრძობს.

კრემლში კი ჯერ არ ჩქარობენ და მოვლენებს მხოლოდ აკვირდებიან. ცხინვალელი წყაროს ცნობით, რუსი მოხელეები ორი კვირაა ცხინვალში არ გამოჩენილან. ისინი კონსულტაციებს კრემლში მართავენ.
XS
SM
MD
LG