Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ძალადობის გამოძიების პირობას დებს


როზა ოტუნბაევა, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერი

როზა ოტუნბაევა, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერი

ჩამოგდებული პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მიერ ქვეყნის დატოვებიდან ერთი დღის შემდეგ, ყირგიზეთის ახალი, დროებითი მთავრობა პირობას დებს, რომ 7 აპრილს მომხდარი ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ პირობა დადო, რომ ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთათვის 7 აპრილს ცეცხლის გახსნის ფაქტის დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. ძალადობას 80-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ასობით პირი დაიჭრა.

დროებითი მთავრობის ლიდერმა როზა ოტუნბაევამ პარასკევს განაცხადა, განდევნილი პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი, ამ ფაქტის გამო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგესო.

„ბაკიევი სასამართლოს ვერ გაექცევა“, - თქვა ოტუნბაევამ და დასძინა: „ის მართლმსაჯულებას მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ დაემალება. სამაგიეროს გადახდა გარდაუვალია.“

ხუთშაბათს ბაკიევი ყირგიზეთიდან ყაზახეთში გაემგზავრა. მის მიერ ქვეყნის დატოვების პროცესის უზრუნველყოფა ეუთოს, რუსეთის და შეერთებული შტატების შუამავლობით მოხერხდა. მოგვიანებით დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა, ბაკიევი თანამდებობიდან გადადგაო.

ბრაზილიაში ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ჟურნალისტებს უთხრა, „სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“ ყირგიზეთის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ჩართვა „სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს“ მოუხდათო:

„[ყირგიზეთში შექმნილი ვითარების შესახებ] მოლაპარაკება ვაწარმოე ყაზახეთის პრეზიდენტთან, რომელიც საკითხის გადაჭრაში გვეხმარებოდა. საკითხი ვაშინგტონში გამართული სამიტის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად, სამმა განვიხილეთ - ყირგიზეთსა და მთელ რეგიონში არსებული სხვადასხვა, ურთიერთდაკავშირებული, ინტერესის გათვალისწინებით.“

ბაკიევი სამხრეთ ყაზახეთის ქალაქ ტარაზში ჩავიდა, როგორც იუწყებიან, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. ჯერჯერობით ცნობილი არ არის პოლიტიკურ თავშესაფარს ყაზახეთშივე ითხოვს, თუ ამ მიზნით რომელიმე სხვა ქვეყანას მიმართავს.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი ბაკიევის ქვეყნიდან წასვლას მიესალმა და ამას ყირგიზეთის მშვიდობიანი მომავლისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ, განაცხადა, „შეერთებული შტატები ყირგიზეთთან თანამშრობლობს და ცდილობს ქვეყანა დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გზაზე დააყენოსო“:
„ჩვენი სურვილია ყირგიზეთში დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესები გაჩნდეს - აღდგეს. გვსურს ყირგიზეთს ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის საშუალება მიეცეს. ჩვენი მუშაობის მთავარ მიზანს ეს წარმოადგენს. ჩვენ არც ერთ მხარეს არ გადავსულვართ.“

დროებითი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, იძებნება ექს-პრეზიდენტის ძმა, ჯანიში, რომელსაც ბაკიევის პრეზიდენობის დროს სამართალდამცავ სააგენტოებზე ჰქონდა გავლენა.

საქმე აღძრულია როგორც ჯანიშის, ისე ყოფილი პრეზიდენტის ვაჟის, მაქსიმის, წინააღმდეგ, რომელსაც ბაკიევმა ინვესტიციების სააგენტო ჩააბარა.

მაღალი რანგის ყირგიზ დიპლომატზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, რომ ბაკიევმა ქვეყნის დატოვება უკვე 7 აპრილს სცადა.

ანონომურად დატოვებული წყაროს ცნობით, 7 აპრილს, ღამით, როცა ყირგიზეთი მღელვარებამ მოიცვა და ძალაუფლება ბაკიევის ოპონენტებმა ჩაიგდეს ხელში, თვითმფრინავი, რომელშიც ბაკიევი იჯდა, ალმა-ათაში შეეცადა დაშვებას, მაგრამ მას ამის უფლება არ მისცეს. თვითმფრინავი ყაზახეთშივე დაჯდა, ბურუნდაის სამხედრო აეროპორტში, თუმცა ბაკიევს თვითმფრინავიდან გადმოსვლის საშუალება არც იქ მიეცა. ბოლოს თვითმფრინავი უკან, ყირგიზეთში, დაბრუნდა და სამხრეთის ქალაქ ჯალალ-აბადში დაჯდა, სადაც ბაკიევი ხუთშაბათამდე იმყოფებოდა.

ეს ცნობა ჯერჯერობით ბაკიევის ან ყაზახეთის წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG