Accessibility links

ამერიკელი კანონმდებელი: კონგრესმა ყველა ზომას უნდა მიმართოს, რათა საფრანგეთმა რუსეთს „მისტრალი“ არ მიჰყიდოს


ამერიკელი კანონმდებლის, ილეანა როს-ლეჰტინენის აზრით, აშშ-ის კონგრესმა ყველა ზომას უნდა მიმართოს საფრანგეთის მთავრობის დასარწმუნებლად, რომ „მისტრალის“ ტიპის სამხედრო ხომალდების რუსეთისთვის მიყიდვას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ამიტომ კონგრესმა საფრანგეთს ამ გეგმის გადასინჯვისკენ უნდა მოუწოდოსო, აცხადებს კონგრესის წევრი ფლორიდის შტატიდან. ამ მოსაზრებებს როს-ლეჰტინენი გამოთქვამს სტატიაში, რომელიც ვაშინგტონში გამომავალ გაზეთ „ჰილში“ გამოქვეყნდა. ეს გამოცემა აშშ-ის კონგრესის შესახებ და მისთვის განკუთვნილ პუბლიკაციებს აქვეყნებს. რესპუბლიკელი კონგრესმენი ქალი რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვის გეგმაში ხედავს საფრთხეს თვით ნატოსთვის, რადგან გაძლიერდება რუსეთის შეტევითი საბრძოლო პოტენციალი მაშინ, როცა ის ააქტიურებს მეზობელი ქვეყნების შევიწროების კამპანიას. როს-ლეჰტინენი იხსენებს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრას, რამაც ნატოს წევრ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და პოლონეთს, დაუდასტურა მეზობელი რუსეთისაგან მომდინარე საფრთხის არსებობა.
XS
SM
MD
LG