Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ჩაჩავა - მხატვარი


21 მარტი, კვირა
სახლი სანაპიროზე


თბილისში დაბრუნებისას, ყოველ წელს, მეგობრები ნანასთან ვხვდებით ერთმანეთს. თუმცა, ყოველთვის სრულად ვერ ვიკრიბებით. შარშან მიშაც ჩვენთან იყო. ახლა დათოც აქაა. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვნახე.

როგორც ყოველთვის, სიურეალიზმის შეგრძნება მეუფლება. წარსულის სარკმელი იღება და გარკვეული დროით თითქოს ჩემი ცნობიერებაც იცვლება. მე ისევ პატარა მაიკო ვარ, ისინი კი - ჩემი უფროსი მეგობრები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის უმნიშვნელო სხვაობაა.

ფოტოსურათებს ვიღებთ. დივანზე ძლივძლივობით ვთავსდებით. ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. მინდა, რომ დიდხანს ვიყო ასე. დათუნამ ზურგზე გადამისვა ხელი. ბუნდოვნად ერთხელ უკვე განცდილის შეგრძნება დამეუფლა, მხოლოდ გვიან ღამით ვიხსენებ, რომ სულ ბოლოს ჩვენ ერთმანეთს ბიჭვინთაში, „შემოქმედებითი სახლის“ პლაჟზე შევხვდით. ის მაშინაც ასე მომეფერა. რაღაცნაირად დაბნეულად, მაგრამ ფაქიზად...

ჩვენი სახლი თბილისში, სანაპიროზე. მონუმენტი, რომელიც უკვე ფერშეცვლილია და სიძველისაგან გახუნებული. ამ სახლის ხილვისას, რატომღაც ყოველთვის ჰავანა მახსენდება: ბათქაშჩამოცვენილი სახლები, საღებავთა ფენები, წარწერები კედლებზე. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია იმიტომ, რომ კუბაში არასოდეს ვყოფილვარ.

სახლი სანაპიროზე. ვცდილობდი მის დახატვას. მხოლოდ ერთხელ მოვახერხე. მინდოდა, ის გამოჩენილიყო და მერე ისევ ნისლს შერეოდა ისე, როგორც გემი ფელინის „ამარკორდში“. ქაღალდზე ძნელია ამის გადმოტანა. საერთოდ, ძნელია ყველაფერი, როდესაც შინაგანად მუდმივად იცვლები. თუ იცვლები, რა თქმა უნდა. თუ იცვლები...

როცა ერთმანეთს ვშორდებით, ყოველთვის ვგეგმავთ მომავალი შეხვედრის დღეს. მაგრამ ეს ყოველთვის არ ხერხდება. დღეები სწრაფად გარბიან... და მე ისევ ამერიკაში მივფრინავ. მივფრინავ ერთი წლით. ჩვენ არასოდეს ვემშვიდობებით ერთმანეთს.

22 მარტი, ორშაბათი
ოთხეული


როზა ლუქსემბურგი, მატა ჰარი, სიუზი კუატრო და ზოია კოსმოდემიანსკაია... სულ მეჩვენება, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით. მაგრამ არა, ასე არაა. ჯერ იყო სიუზი - ნუცა. მერე ზოია - მაია, და როზა - ხათუნა.

ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ეს ძალიან მარტივი და გასაგები გრძნობაა. ტრადიციულად „კაბერნეში“ მივდივართ. მსუბუქად ვთვრებით. გვეჩვენება, რომ მაგიდა დაქანებულია, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა.

ჩემი მეგობრები ისეთს მიღებენ, როგორიც ვარ. ყოველთვის, მაშინაც კი, როცა არ ესმით ჩემი და მაშინაც, როცა ჩემი საქციელი გაკიცხვას იმსახურებს. ამერიკაში ასეთი მეგობარი ძალიან ცოტა მყავს. საერთოდაც, ასეთი ადამიანები ყველგან ძნელი მოსაძებნია. სადილის მერე ზოიას ვეუბნები: გამომყევი, ერთი წუთით მინდა გარეთ გავიდე. ის არაფერს მეკითხება, უხმოდ იცმევს პალტოს და მორჩილად მომყვება. ეს ჟესტი მამახსოვრდება. და ვხვდები, რომ ამან სამუდამო კვალი დატოვა ჩემში.

გზების გადაკვეთა. გზაჯვარედინები. პირობითი ნიშნები. მე მათ ყურადღებას ვაქცევ. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უდროო დროს რეკავენ. მოდიან მაშინ, როცა მარტო ყოფნა გინდა. ისინი არ არიან ჩემი ადამიანები.

ღამით, უკვე საწოლში, ვფიქრობ: რა კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ყველას ერთად, ერთმანეთის ახლოს გვეცხოვრა. ხშირად შევხვდებოდით ერთმანეთს.

ზეგ ხათუნა მიფრინავს. მოვიწყინე. ვინ იცის, როდის ვნახავ. თბილისში ყოველთვის ერთდროულად ხომ არ ჩამოვდივართ...

რამდენი რამ გვინდა! და თან ყველაფერი - ერთბაშად. მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ კიდევ მოვახერხებ მათთან ერთად სულის მოთქმას. პატარა არდადეგები, რომლითაც ცხოვრება გასაჩუქრებს.

წუთები, საათები, დღეები - იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ერთ ტალღაზე ვარ აწყობილი.

23 მარტი, სამშაბათი
ოსტატი


კიდევ ერთი ასტრალური შეხვედრა ოსტატთან... რატომაა, რომ ჩვენ ყოველთვის ბოლოდე არ გვესმის მოვლენათა მნიშვნელობა? დიდი ხნის წინ მე მეგონა, რომ შესაძლებელია, შეცვალო შენი ბედისწერა. მაგრამ რატომღაც მინდოდა მერწმუნა, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდებოდა. და ბედისწერა ჩემს მაგივრად გადაწყვეტდა ყველაფერს. საბოლოოდ, დიდი ძალისხმევა არ გამომიჩენია და შედეგიც არცთუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა.

ჩემი ცხოვრება ნაწილებად დაჭრილი ნახატია, რომელსაც მუდმივად ვაგროვებ და ვაკოწიწებ. ზოგი ნაფლეთი დიდია, ზოგი კი პატარა.

ოსტატი - ესაა ცა ჩემს კომპოზიციაში. სივრცე. ცისფერი, სუფთა, ღრმა. ის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც თავად საგნები მასში. მის გარეშე ნახატი ვერასოდეს გახდება სრულყოფილი.

ცხოვრება, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ როგორ? ბროდსკი: სივრცე. ეს არის ჩვენი არყოფნა მის ყოველ წერტილში. ოსტატის არყოფნა. დრო. მარტოობის ასი წელიწადი. ახლა კი, პლუს ერთი დღე.

არ მიყვარს დასასრული. არ ვიცი, როგორ დავსვა წერტილი. ამიტომაც წიგნებს ასე ვკითხულობ: ჯერ ბოლო ფურცელს, შემდეგ კი - პირველს. ვიქმნი ილუზიას, რომ ისტორია არასოდეს მთავრდება. ყველაფერი ერთ წრეზე ბრუნავს. ამ წრის შუაგულში კი ღერძია. ოცნება. ყველაფერი მას ემყარება, მაგრამ როგორც კი მასთან მიახლოებას ვიწყებ, რეალობა იმსხვრევა. მაგრამ როგორ უნდა ავხსნა ეს? საჭიროა კი?

24 მარტი, ოთხშაბათი
კატლეტები


მამა ამზადებს საფირმო კატლეტებს. სახლში ყავისა და შემწვარი ხორცის ზღაპრული სუნი ტრიალებს. დღეს მე ვშორდები გუშინდელს და მთელი დღე პიჟამით დავდივარ. ცისფერი პიჟამა მწვანე ნიანგებითაა მოხატული. ფერთა შეხამება უცნაურია, მაგრამ სხვა არა მაქვს.

ყავა „ვერონა“. პაკეტზე ქალთევზა ჩანს ცხენით და ელამი თვალებით. მაგრამ ყავა მშვენიერია. მაგონებს სიეტლს და იმ კაფეს, სადაც ყოველთვის ვსვამ „Dirty Chai“-ს. გონების განათება და ორ-სამსაათიანი ენერგია.

დღეს სრული აბსტრაქციაა და აბსურდი. კატლეტებიც კი. გამოერევა ხოლმე ასეთი დღეები კვირაში, მაგრამ არასდროს იცი, როდის. რეკავს პეპელა. ხვალ გადავცემ კომპაქტდისკს. ახლა მეჩვენება, რომ ჩემი მუსიკალური ნაკრები უყურადღებოდ და ნაჩქარევადაა ჩაწერილი. მაგრამ როცა ვიწერდი, ყველაფერი ძალიან კარგად იყო. მიდი და გაიგე...

ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, როგორ ცხოვრობს აქ მამა უჩემოდ, უჩვენოდ... მარტო ჭამა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფრიად სევდიანი საქმიანობაა. არ უნდა ხდებოდეს ასე.

სამაგიეროდ, დღეს საუბრით ვიჯერეთ გული. მე კარგად მესმოდა მისი და მასაც - ჩემი. ეს იშვიათობაა, მაგრამ მამასთან - არა. ჩვენ გვაკავშირებს ზღვა. ბომჟებივით - მთელი დღე პლაჟზე. შავი ბომჟები. და კიდევ ბევრი რამ: წიგნები, მუსიკა, კინო, იუმორი...

კატლეტები მთავარი არ არის, მაგრამ ისეთ დღეებში, როგორიც დღესაა, ისინი მიწაზე მაბრუნებენ. რა-რა, და საჭმლის კეთება ნამდვილად ეხერხება!

ჰარმონია. მაგრამ არ მაქვს შინაგანი ბალანსი. მე მას მუდმივად ვეძებ. ველოდები. გოდოს მოლოდინში. აბსურდის თეატრი - ყველაზე უფრო მიახლოებული ცხოვრებასთან. ჩემს ცხოვრებასთან.

25 მარტი, ხუთშაბათი
გეგმები


მგონი, ჩემში ახალი ნახატების სერიის იდეა მწიფდება. ამ ბოლო დროს ასეთი რამ ყოველთვის თბილისში მემართება. ალბათ დროა, ფერს დავუბრუნდე. მხოლოდ ფერს. სრულ და მინიმალურ აბსტრაქციას. მე აქ პირთამდე ვივსები. ყველა ქალაქი თავისებურადაა განათებული. სუნი. დღეს მოქუშული და ცივი დღეა. მიყვარს ასეთი ამინდი. მზე არ არის ჩემი საქმე. დილასთან ურთიერთობები რთულად მეწყობა. მიყვარს სიბნელე. საღამო, ღამე. წვიმა. ნისლი. მოკლედ, ყველაფერი, რაც სიმკვეთრეს მალავს. მიმანიშნებს და პირდაპირ არ მიმითითებს. ადამიანებიც ლამაზები ჩანან მზის ჩასვლისას. დღეს პირველად მინდება ჩემს სახელოსნოში ყოფნა. იქ ყველაფერი უკანა პლანზე გადადის და მე ვწყვეტ პრობლემებს. ვიზუალურ პრობლემებს.

დღევანდელი დღის შეხვედრები დაუსრულებლობის განცდას მიტოვებენ. თითქოს ყველაფერი ნათქვამი იყო და არც იყო. არ მიყვარს ეს შეგრძნება. თუ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, აუცილებლად გავიხსნები. თუ ახლა არა, მაშინ როდის?

26 მარტი, პარასკევი
ნინი


ფეისბუკით იგებს, რომ უკვე ავდექი და რეკავს. ძალიან მენატრება. ჩვენს არსენალში ხუმრობების ულევი მარაგია. ადვილად ვუგებთ ერთმანეთს, ტელეფონითაც კი. იგი რაღაცნაირად დაუცველია, ძალიან სუფთა. ზოგჯერ ვუყურებ და გული მეკუმშება. ცუდია, რომ ჩემთან ერთად არ წამოვიდა.

მასთან ურთიერთობა ადვილიცაა და რთულიც. ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ თან ძალიან განვსხვავდებით. მინდა, რომ თავისი ცხოვრება იპოვოს. ჩვენი საუბარი დიდხანს გრძელდება. ის ყველაფერს დაწვრილებით მიყვება. ცხადად ვგრძნობ სიშორეს.

მე აქა ვარ, ის - იქ.

27 მარტი, შაბათი
შეჯამება


დღეს პირველად ჩავრთე რადიო. რა კარგია! ნაცნობმა მელოდიებმა გაავსო ოთახი. ეს საჩუქრები თბილისში მივიღე: სანთებელა, მოთხრობა, სამაჯური, წიგნი, მარკები. ძალიან მიყვარს, როცა მე თვითონ ვჩუქნი. აქ მხოლოდ ერთი კვირა დამრჩა. უცნაური განწყობა მაქვს. ამ ქალაქში ყველაფერი გამძაფრებულია. ცარიელი ადრენალინი. იქ კი მკაცრი სტრუქტურებია, მოჩვენებითი წესრიგი. უბრალოდ, სხვა ცხოვრებაა. დღეს ალბათ ვნახავ ინგას, მას არაჩვეულებრივი თვალები აქვს. პაციფისტის თვალები. დღიურების წერა გრძელდება. ალბათ, არც არასდროს შეწყვეტილა - ხელნაწერები ხომ არ იწვიან...
XS
SM
MD
LG