Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 აპრილი 2010

  • ნიკო ნერგაძე

”ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გუშინ მთელი დღე სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა. იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი იყო, რომელსაც მოგვიანებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფიც შეუერთდა”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი” და იქვე ხსნის, თუ რატომ შეიძლება ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყოს: წვრთნები, შესაძლოა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ არეულობებს უკავშირდებოდესო. გაზეთი იქვე ამატებს, სხვა ვერსიაც არსებობს, რომ ეს 26 მაისისთვის დაგეგმილი აღლუმისთვის მზადებაა, თუმცა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაც შეეხება, ამ უწყების ხელმძღვანელის სახელს ბევრგან შეხვდებოდით დღევანდელ ქართულ პრესაში. „ძრწოდე, მერაბიშვილო!“ - ასეთია ”ვერსიის” მოწინავე სტატიის სათაური. პუბლიკაცია ოპოზიციის აქციას ეხება, რომელიც გუშინ, ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეს, პარლამენტის წინ გამართეს. ავტორი წერს, მერაბიშვილი, ალბათ, დაბადეს დღეს აღნიშნავდა და ნომერ პირველი პატრული გიორგი გეგეჭკორიც გვერდს უმშვენებდა, თორემ ოპოზიციონერებს გზის უსანქციო გადაკეტვა არ შერჩებოდათო.

”ახალი თაობა” კითხულობს, „რა უნდა გაჩეჩილაძეს?” - გაზეთი წერს, ლევან გაჩეჩილაძე დღეს გვეტყვის, იყრის თუ არა კენჭს მერის არჩევნებზეო და იქვე თავის ვერსიასაც გვთავაზობს: ”არ არის გამორიცული, რომ გაჩეჩილაძემ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე და ეს არჩევნები გამოტოვოს ან დაისვენოს, როგორც მას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ურჩიაო”.
სკოლაში მანდატურების გამოჩენასთან დაკავშირებულ სტატიას ”24 საათში” წაიკითხავთ. გაზეთი წერს მშობლების რეაქციაზე და ასეთი ციტატა მოჰყავს: ”ეჭვი არ მეპარება, რომ მანდატურების სკოლაში გამოჩენა სხვა მშობლებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის. მანდატურის სკოლებში შესვლა ბავშვებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას შეაჩვევს. მათ ეცოდინებათ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელსაც პატარა ასაკიდან უნდა ემორჩილებოდნენ” - ეს ფრაზა გაზეთს ბრჭყალებში აქვს ჩასმული, თუმცა მისი ავტორის ვინაობა გაუგებარია, რადგან ”24 საათი” შემდეგ ასეთ ფრაზას წერს: ”დაახლოებით ასეთი შინაარსის კომენტარს გვიკეთებდნენ სკოლის მოსწავლეთა მშობლებიო”.
XS
SM
MD
LG