Accessibility links

საკუთარი ოჯახის გენეალოგიის ძიება შეიძლება ერთობ საინტერესო საქმიანობა იყოს. მაგრამ წინაპართა ნაკვალევზე ზოგჯერ აღმოჩნდება ხოლმე მრავალი ფეთქებადსაშიში დეტალი, რომელიც ოჯახის დღეს ცოცხალ წევრებს ეხებათ. ბრიტანელმა სოციოლოგმა, უორუიკის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ანე-მარი კრეიმერმა ეს ვითარება აღნუსხა.

„საკუთარი ოჯახის ისტორიის კვლევისას ადამიანმა შეიძლება პანდორას ყუთს მოხადოს თავი“, ამბობს კრეიმერი. „სააშკარაოზე შეიძლება გამოვიდეს მთელი რიგი არც თუ სასიამოვნო გარემოებები - უკანონო შვილები, მანამდე უცნობი მშობლები, პირველი ბავშვის გაჩენის წინ საეჭვოდ ცოტა ხნით ადრე ქორწინება, ბოროტმოქმედება ან მძიმე დაავადებები. საქმე შეიძლება შეეხებოდეს მანამდე უცნობ წარმომავლობას უბრალო ოჯახიდან.“ კრეიმერმა 16-დან 95 წლამდე ასაკის 224 ადამიანი გამოკითხა გენეალოგიის შესწავლის შედეგად წარმოშობილი კონფლიქტების თემაზე.

მაგალითად, ერთი 72 წლის ქალი წერდა: „ჩემმა მეგობარმა დედამისის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი და ნაშვილები იყო. ეს მას არ შეუტყობინებია თავისი დისთვის, მაგრამ ეს ცოდნა მას ძალიან აწუხებს.“ სხვა ქალმა და მისმა ოჯახმა აღმოაჩინეს, რომ მათი ერთი შორეული ნათესავი სულაც არ იყო საზღვაო ქვეითების ოფიცერი, რადაც ის თავს ასაღებდა. ამ ცნობის გახმაურებას ოჯახური სკანდალი მოჰყვა. ამის შემდეგ ამ ოჯახის გენეალოგიური კვლევის ჟინით შეპყრობილი წევრები უკვე ფრთხილად არიან და ნათესავებს ყველაფერს აღარ უყვებიან.

საბოლოოდ კრეიმერის გამოკვლევამ ცხადყო, რომ მოყვარული გენეალოგების მიერ გამოჩხრეკილი ინფორმაციის 13%-მა კონფლიქტი გამოიწვია, რაც ერთობ მაღალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG