Accessibility links

logo-print

ილეანა როს-ლეჰტინენი: კონგრესმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საფრანგეთმა რუსეთს „მისტრალი“ არ მიჰყიდოს


ილეანა როს-ლეჰტინენი

ილეანა როს-ლეჰტინენი

ამერიკელი კანონმდებლის, ილეანა როს-ლეჰტინენის აზრით, აშშ-ის კონგრესმა ყველა ზომას უნდა მიმართოს საფრანგეთის მთავრობის დასარწმუნებლად, რომ „მისტრალის“ ტიპის სამხედრო ხომალდების რუსეთისთვის მიყიდვას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ამიტომ კონგრესმა საფრანგეთს ამ გეგმის გადასინჯვისკენ უნდა მოუწოდოსო, აცხადებს კონგრესის წევრი ფლორიდის შტატიდან.

ამ მოსაზრებებს როს-ლეჰტინენი გამოთქვამს სტატიაში, რომელიც ვაშინგტონში გამომავალ გაზეთ „ჰილში“ გამოქვეყნდა. ეს გამოცემა აშშ-ის კონგრესის შესახებ და მისთვის განკუთვნილ პუბლიკაციებს აქვეყნებს.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ქალი რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვის გეგმაში ხედავს საფრთხეს თვით ნატოსთვის, რადგან გაძლიერდება რუსეთის შეტევითი საბრძოლო პოტენციალი მაშინ, როცა ის ააქტიურებს მეზობელი ქვეყნების შევიწროების კამპანიას. როს-ლეჰტინენი იხსენებს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრას, რამაც ნატოს წევრ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და პოლონეთს, დაუდასტურა მეზობელი რუსეთისაგან მომდინარე საფრთხის არსებობა. მაგრამ ეს, შეშფოთების გამომწვევი ვითარება, განაგრძობს როს-ლეჰტინენი, იგნორირებულ იქნა და მეტიც – გაუარესდა ნატოს ზოგი წევრის მიერ.

ამერიკელი კანონმდებლის კრიტიკა მიმართულია გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ. საქართველოსთან რუსეთის ომის შემდეგ გერმანიამ და იტალიამ, როგორც ავტორი წერს, მალევე დაიწყეს ზრუნვა რუსეთთან სავაჭრო და ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობის გააქტიურებაზე. რაც შეეხება საფრანგეთს, ის საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე შუამავლობის შემდეგ, ასევე სასწრაფოდ შეეცადა სარგებელი მიეღო რუსეთთან ახლებური ურთიერთობიდან პარიზისთვის სარფიანი სავაჭრო შეთანხმებით: რუსეთისთვის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვით, რამაც მოსკოვს შესაძლოა, საშუალება მისცეს, უფრო აგრესიულად იმოქმედოს მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ.

რესპუბლიკელი კანონმდებელი მიუთითებს კიდევ ერთ საფრთხეზე, რომელიც რუსეთისთვის საფრანგეთის სამხედრო ხომალდების მიყიდვის პერსპექტივას უკავშირდება: საფრანგეთს შესაძლოა, ნატოს სხვა წევრებმაც მიბაძონ. ყველა ამ საფრთხის გათვალისწინებით, გაზეთ „ჰილში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი საჭიროდ მიიჩნევს, რომ კონგრესმა დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელშიც მკაფიოდ გამოხატავს თავის წინააღმდეგობას ნატოს წევრების მიერ რუსეთისთვის თანამედროვე შეიარაღების სისტემების მიყიდვისადმი. ამ კანონპროექტის ავტორი თვით როს-ლეჰტინენია. ის არის აგრეთვე ავტორი რეზოლუციის პროექტისა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწოდებს, გააძლიეროს ანტისარაკეტო თავდაცვა ევროპაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG