Accessibility links

logo-print

თბილისის მერის პოლიტიკური პროფილი


თბილისის მერი გიგი უგულავა

თბილისის მერი გიგი უგულავა

თბილისის ამჟამინდელი მერი მაქსიმალურად ცდილობს, თბილისელების ცნობიერებაში დამკვიდრდეს, როგორც კარგი მეურნე, ქალაქზე მზრუნველი, მუდმივი შენების მოსურნე ადამიანი და არა როგორც პოლიტიკური ფიგურა. მერობის ოპოზიციონერი კანდიდატებიც ცდილობენ, ამომრჩეველს დედაქალაქის ბიუჯეტის ოპტიმალური ხარჯვის სქემები შესთავაზონ, სოციალურად ორიენტირებული პროგრამები წარმოადგინონ და ნაკლები ისაუბრონ თბილისის მერის პოსტის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. რამდენად სწორია არსებულ პოლიტიკურ მომენტში თბილისის მერობის კანდიდატების საბიუჯეტო და სოციალური აქცენტები?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ერთი შეხედვით, პოლიტიკური შინარსით გაცილებით ნაკლებად არის დატვირთული, ვიდრე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები. ეს მართლაც ასეა საქართველოში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს. მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ერთ–ერთი მთავარი საყრდენი ადგილებზე მართვა და ადგილობრივი ლიდერების მუდმივი კვლავწარმოქმნაა, ნებისმიერი არჩევნებიდან პოლიტიკური მდგენელის გამოკლება შეუძლებელია.

ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ საქართველოში არსებულ აბსოლუტურად ყველა საკრებულოში უმრავლესობა სახელისუფლო პარტიამ დააკომპლექტა. იმ ქვეყანაში, სადაც ერთი პარტია უმრავლესობით არის წარმოდგენილი ყველა საკრებულოში, საკონსტიტუციო უმრავლესობით – პარლამენტში და პრეზიდენტიც ამ პარტიის თავმჯდომარეა, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. ეს პოლიტიკური კონტექსტი მთლიანად უცვლის მნიშვნელობას 30 მაისის არჩევნებს თბილისში.

თუკი ქვეყნის მოსახლეობა მზად არის, ზემოთ აღწერილი სურათი შეცვალოს და, ძალაუფლების ნაწილი, სახელისუფლო პარტიის გვერდით, ოპოზიციურ პარტიებსაც გადაუნაწილოს, ყველაზე რეალური ამ მიზნის მიღწევა სწორედ დედაქალაქში და სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშია.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა თბილისში უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე მისმა კონკურენტმა – ლევან გაჩეჩილაძემ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

თბილისში მეტია ინფორმაცია და, შესაბამისად, სახელისუფლო პროპაგანდა ნაკლებად ჭრის.

თბილისში გაცილებით ძნელია მოსახლეობის დაშინება, ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში.

თბილისში ხმების დაცვაც უფრო ადვილია, რადგან მოსახლეობის თვითორგანიზაციის ხარისხი დედაქალაქში გაცილებით მაღალია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

თავის მხრივ, ოპოზიციურ პარტიებსაც არ გააჩნიათ იმდენი რესურსი, რომ მთელ საქართველოზე გადაანაწილონ და, როგორც წესი, ყველა არჩევნებში თბილისზე არიან კონცენტრირებულნი.

ამ და ზოგიერთი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, გაცილებით ძნელია პოლიტიკური რუკის შეცვლა მთელ საქართველოში, ვიდრე მხოლოდ თბილისში. არადა, დედაქალაქში წარმატებას რეალური შინაარსი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქვს, რადგან სხვა არჩევნებში ოპოზიციური პარტიის ან კანდიდატის მიერ თბილისის მოგება ზოგად სურათში ვერაფერს ცვლის.

ამიტომ, თბილისის მერის პოსტისთვის მებრძოლი კანდიდატები, ცხადია, უნდა საუბრობდნენ დედაქალაქის მომავალზე, პრიორიტეტებზე, ბიუჯეტის ხარჯვის ოპტიმიზაციაზე, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა საუბრობდნენ იმ პოლიტიკურ შინაარსზე, რაც აქვს თბილისის მერის არჩევას ოპოზიციური პარტიიდან. ეს შინაარსი პირდაპირ უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრების მცდელობას. გადასახადების ან წამლების გაიაფების პერსპექტივა კარგია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სახელისუფლო პარტიის გვერდით ოპოზიციური მმართველობის კუნძულის გაჩენა, რაც საფუძვლად უნდა დაედოს პოლიტიკური პროცესის განვითარებას ევოლუციურად და რამაც თავიდან უნდა აგვაცილოს მორიგი რევოლუცია.

ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატები ამომრჩეველს არ უნდა ესაუბრებოდნენ, როგორც მომავალი პრეზიდენტები. ეს საფუძვლიანი მოსაზრებაა იმ ქვეყნებისთვის, სადაც დემოკრატიის მოხრჩობას არავინ ცდილობს და სადაც მმართველობასა და თვითმმართველობაში არაერთი პარტიაა წარმოდგენილი. საქართველოსა და თბილისში კი პროტესტული ელექტორატის მოთხოვნა არა მხოლოდ წამლის და გადასახადის გაიაფებაა, არამედ, სამართლიანობის დამკვიდრება, ადამიანის უფლებების პატივისცემა, სასამართლოს გათავისუფლება უკანონო წნეხისგან და ასე შემდეგ... სადაც კი შესაძლებელია ამ მიზნისკენ ნაბიჯის გადადგმა, პროტესტული ელექტორატი ყველგან იბრძოლებს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. დღეს ეს ყველაზე მეტად თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნებშია შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს თბილისში პოლიტიკური დატვირთვა გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე სამეურნეო. და ხმებსაც მერობის სწორედ ის კანდიდატი მიიღებს, რომელშიც ამომრჩეველი მომავალ პრეზიდენტს დაინახავს.
XS
SM
MD
LG