Accessibility links

logo-print

საქართველოს საზღვრის „მცოცავი“ მონაკვეთები


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა. ითქვა, რომ, საქართველოს ხელისუფლების პასიურობის პირობებში, რუსეთი აგრძელებს სახელმწიფო საზღვრების შეცვლის პოლიტიკას და რომ პრობლემები არსებობს მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რომელთანაც საქართველოს საზღვრის დიდი ნაწილი შეუთანხმებელი აქვს.

15 აპრილს რუსეთმა საქართველოს მკაცრად მოსთხოვა, ხელი აიღოს აფხაზეთის აკვატორიაზე და დაივიწყოს აფხაზეთის მიწა-წყალი. საგანგებო ბრიფინგზე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ „საქართველოს აფხაზეთის ტერიტორიაზე - მათ შორის, აკვატორიაზე - იურისდიქციის განხორციელების უფლება აღარ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვაო საზღვარი ჯერჯერობით გამიჯნული არ არის.“ იქვე ნესტერენკომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავს შეიკავებს „ნებისმიერი მოქმედებისაგან, რომელიც აფხაზეთის სუვერენიტეტს დაარღვევს.“
რუსეთმა საქართველოს მკაცრად მოსთხოვა, ხელი აიღოს აფხაზეთის აკვატორიაზე და დაივიწყოს აფხაზეთის მიწა-წყალი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნესტერენკოს ასეთ ხისტ განცხადებას „თავშეკავებით“ შეხვდა. ყოველ შემთხვევაში, რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ საპასუხო განცხადება, შესაძლოა, ორშაბათს, 19 აპრილს, ყოველკვირეულ ბრიფინგზე გაკეთდეს, თუკი ჟურნალისტების მხრიდან შესაბამისი შეკითხვა დაისმება. საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ თბილისი, უბრალოდ, უუნაროა, რაიმე დაუპირისპიროს რუსეთს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თვითნებურად აგრძელებს საქართველოს საზღვრების შეცვლის პოლიტიკას. საზღვრის უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, სასაზღვრო-დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე ჩამოთვლის იმ საქართველოს სასაზღვრო საგუშაგოებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუქმდა:

„მამისონის უღელტეხილი იცით, როგორც არის. წერო-ირცოხი თუშეთში, რაც მე ნამდვილად ვიცი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე არის კიდევ ორი ასეთი საგუშაგო. აღარ მაქვს საუბარი კოდორზე, სადაც ყველა ჩვენი საგუშაგო გაუქმდა.“

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, რომელიც, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ერთი წლის წინ საზღვრის დაცვის პოლიციად გადაკეთდა, ამ საკითხებზე ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ სასაზღვრო საგუშაგოები ყველგან მოქმედებს, კოდორის ხეობისა და მამისონის უღელტეხილის გარდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მთავარი კონსულტანტი სასაზღვრო საკითხებში ივერი მელაშვილი ამბობს, მამისონის უღელტეხილზე საგუშაგო რუსმა და ოსმა სამხედროებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაანადგურეს და შემდეგ თავად დაიკავეს:

„სასპეკულაციო ნამდვილად არაფერია. საომარი მოქმედებები იყო და ამოვიდნენ და დგანან ახლა იქ და უფრო აქეთაც არიან გადმოსულები. ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, ანუ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, დგას რუსი და, შესაბამისად, დგას იქაც, მამისონზე. თავს იმართლებს ყველანაირად, ხან მესაზღვრეებს და ხან ვიღაცას დაარქმევს იმ შეიარაღებას. მამისონზეც იგივე ვითარებაა.“
მამისონის უღელტეხილზე საგუშაგო რუსმა და ოსმა სამხედროებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაანადგურეს და შემდეგ თავად დაიკავეს

არადა, ეს არ არის მხოლოდ ასეულობით ჰექტარი უსარგებლო მიწა. ეს არის საძოვრები და სავარგულები, რომლითაც საჩხერისა და რაჭის რაიონის მოსახლეობა სარგებლობდა. ცხინვალი მანიპულირებს საბჭოთა კავშირის დროს არსებული ადმინისტრაციული საზღვრებით და რუსეთი დააჯერა, რომ პერევიც და მამისონიც ავტონომიის კუთვნილება იყო. მამისონის უღელტეხილიც და სოფელი პერევიც, სადაც რუსეთმა ასევე დააყენა სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მიავიწყდა ევროპას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის და ძალთა დაშორიშორების გარანტორია და არ აღიარებს საქართველოს საზღვრების ძალადობრივ ცვლილებას.

„თვითონ უღელტეხილი, მამისონის უღელტეხილი, ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს, ეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზეა.“

საქართველო კი დამოუკიდებლად უძლურია თუნდაც სოფელ პერევში აღადგინოს ომამდე არსებული „სტატუს-კვო.“ ამასობაში კი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ხელისუფლება, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლამის ერთიორად გაზარდა გამოყოფილი რესპუბლიკის ტერიტორია, ამჯერად პრეტენზიას თრუსოს ხეობაზე აცხადებს.

„არა, თრუსოს ხეობა არ უნდა იყოს მაგათ [თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ] საზღვრებში. და ეჭვგარეშეა, რომ მათ საზღვარში არ არის.“
ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს სრულად აქვს დადგენილი და დემარკირებული საზღვარი, თურქეთია

საბჭოთა კავშირის შიდა, მრავალჯერ გადაწერილი და შეცვლილი, ადმინისტრაციული საზღვრები - ეს არის კიდევ ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რის გამოც საქართველო დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო საზღვრებმორღვეულ და, შესაბამისად, დაუცველ სახელმწიფოდ. ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს სრულად აქვს დადგენილი და დემარკირებული საზღვარი, თურქეთის რესპუბლიკაა. მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან კი შეუთანხმებელია საერთო საზღვრის თითქმის ნახევარი, - ამბობს ივერი მელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მთავარი კონსულტანტი სასაზღვრო საკითხებში:

„66 პროცენტი არის სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებული აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც, დაახლოებით, 65 პროცენტი.“

აზერბაიჯანთან და სომხეთთან გრძელდება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკება და, როგორც ივერი მელაშვილი ვარაუდობს, ახლო მომავალში პროგრესიც იქნება. ოღონდ დიპლომატიური პროტოკოლი არ ითვალისწინებს იმ სადავო ტერიტორიებზე წინასწარ საუბარს, რომლებიც სახელმწიფოთაშორისო კომისიების განხილვის საგანია. ერთადერთი, რისი პროგნოზირებაც არავის შეუძლია, ეს არის ახალ-ახალი სასაზღვრო პრეტენზიები რუსეთისა და მისი მარიონეტი რეჟიმების მხრიდან, რომლებმაც საკუთარ საზღვრებში უკვე მოაქციეს საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG