Accessibility links

ცხინვალის მედიაომი ფინანსებისთვის


ომის შედეგად დაზიანებული სახლი ცხინვალში

ომის შედეგად დაზიანებული სახლი ცხინვალში

ცხინვალში დაუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. დაზარალებულები ხმამაღლა გამოთქვამენ პრეტენზიებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. ადრე უკმაყოფილო ხალხის ტელევიზიით ჩვენება აკრძალული იყო. ახლა კი, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირების ფონზე, ცხინვალის ტელევიზია დაზარალებულთა მდგომარეობით დაინტერესდა და უკმაყოფილო ცხინვალელების კომენტარები ბროვცევის მთავრობის კრიტიკის კონტექსტით გააშუქა ეთერში.

ცხინვალელი პედაგოგი როზა ვალიევა ოქტომბრის ქუჩის 144-ე კორპუსში ცხოვრობს. მისი თქმით, კორპუსის რეაბილიტაციას არაერთი სამშენებლო კომპანია ახორციელებდა, მაგრამ სამუშაოები მაინც ვერ დასრულდა. ვალიევას არ აინტერესებს ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირება, მისთვის მთავარია ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნა.

ანალოგიური მდგომარეობაა თაბოლოვის ქუჩის 70-ე კორპუსშიც . იქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიები მასალების შესაძენად ფულს ბინების მეპატრონეებს სთხოვდნენ და ხშირად, უკვალოდ იკარგებოდნენ. უკმაყოფილო ცხინვალელებს ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ სარეაბილიტაციო ფინანსები გათავდა და მათ ვერაფრით დაეხმარებიან. დაზარალებულები კი იმუქრებიან, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს არ მოაწერენ.

მთელი ეს კამპანია კოკოითისა და ბროვცევის დაპირისპირების ფონზე განიხილება. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩაშლაში ერთმანეთს, მათ მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მეშვეობით ადანაშაულებენ. თავად საჯარო განცხადებებს ჯერ არ აკეთებენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიას, რამდენიმე გაზეთსა და საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმს” კოკოითი აკონტროლებს, საიდანაც ბროვცევის კრიტიკა ყოველდღიურად ისმის. მას და რუსეთიდან ცხინვალში ჩასულ მთავრობის სხვა წევრებს ჩელიაბინსკელ მარადიორებს და ქურდბაცაცებს უწოდებენ.

მშენებლობა ცხინვალში

ოსური მედიის ცნობით, ჩელიაბინსკური სამშენებლო ორგანიზაციების ტენდერებში გამარჯვებას ბროვცევი და რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი უწყობენ ხელს. პანოვი წარმოშობით ჩელიაბინსკელია და კრემლში ბროვცევისა და მისი მეგობარი მინისტრების ლობისტია.

ოსმა უფლებადამცველმა რუსლან მაყაევმა ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსულ ფინანსებს როგორც კოკოითი, ისე ბროვცევის გუნდი იპარავს და დაპირისპირებაც მხოლოდ ფულის განაწილებას უკავშირდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობაში არსებულ დაპირისპირებას დღეს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გამოეხმაურა. თბილისში ჟურნალისტებთან კომენტარში მან განაცხადა, რომ ეს დაპირისპირება ფინანსების გადანაწილებას უკავშირდება და პოლიტიკური კონტექსტი გამორიცხა.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში კიდევ ერთი საინფორმაციო სააგენტო გამოჩნდა – „ერსეოინფორმი“. იგი დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებას უწოდებს თავს და ძირითადად, კოკოითის აკრიტიკებს. სააგენტომ გამოაქვეყნა კოკოითისა და ბროვცევის ნდობის რეიტინგები. დე ფაქტო პრეზიდენტის რეიტინგი 9 %-მდეა, ბროვცევის კი დაახლოებით – 15 %. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩავარდნის გამო ეს საინფორმაციო საშუალება კოკოითის აკისრებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, კოკოითის კონტროლირებული მედიასაშუალებები მას ბროვცევის სააგენტოს უწოდებენ.

„ერსეოინფორმის“ ბოლო ინფორმაციით, კოკოითიმ დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 6,5 მილიონი რუბლის გამოყოფა ფეიერვერკების შესაძენად მოსთხოვა. მათი გამოყენება 9 მაისის ცხინვალის აღლუმზე იგეგმება. ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიებებისთვის კი კოკოითის ადმინისტრაციამ სულ 20 მილიონი რუბლი მოითხოვა. სააგენტოს ინფორმაციით, კოკოითი ამ თანხას ეკონომიკური პროექტების შემცირების ხარჟზე ითხოვს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ირინა სიტნიკი წარსულში ბროვცევის ბიზნეს-კომპანიის ბუღალტერი იყო. მოგვიანებით იგი ვადიმ ბროვცევმა ჩელიაბინსკიდან ცხინვალში ჩამოიყვანა. სააგენტო „ერსეოინფორმმა“ სიტნიკის უწყებიდან მიღებული ინფორმაციების გამოქვეყნება დაიწყო, საიდანაც ირკვევა, რომ ნახავრადდანგრეული ცხინვალის ფონზე კოკოითი სოლიდურ ფინანსებს სადღესასწაულოდ, თოფში გასასროლად ითხოვს.

დე ფაქტო მთავრობაში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება, კრემლი კი ცხინვალში გაჩაღებულ კონფლიქტს ჯერ მხოლოდ აკვირდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG