Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმაზ ახვლედიანი - პოლიტოლოგი


28 მარტი, კვირა
ბზობა საქართველოში გამორჩეულად უყვართ. დილაადრიან მეგობრებთან ერთად ზედაზენზე გავემგზავრე. ბევრნი ვიყავით - ბავშვები, უფროსები... ყველას ძალიან გვიხაროდა ამ მადლიან მთაზე ასვლა და მონასტრის იდუმალებით აღსავსე წიაღში თუნდაც რამდენიმე საათით გაჩერება.

ბზით დაგვასაჩუქრეს, ბევრი სხვა რამითაც... ასეთი ლამაზი დღე იშვიათია წლის განმავლობაში! ამ დღის ფილოსოფიური გააზრება გიბიძგებს, მცირე ხნით მოწყდე სადღესასწაულო განწყობას და დაფიქრდე მთავარზე: რა მოხდა მერე? ასე რატომ უღალატა ადამიანმა იმას, ვისაც დღეს ასეთი დიდებით შეეგება?

კაცობრიობამ ამომწურავად და, თანაც, არაერთგზის მიიღო პასუხი ამ კითხვაზე. ოცი საუკუნეა, ყოველწლიურად ვასიგრძეგანებთ ამ საფიქრალს, თუმცა ვერაფერს ვცვლით: შეცდომა კვლავ და კვლავ მეორდება. პარადოქსებითაა სავსე ჩვენი ცხოვრება - მზად ვართ, ვადიდოთ ჭეშმარიტება და მალევე ზურგი ვაქციოთ მას. შევფიცოთ ერთგულება მამას და ღალატიც შევბედოთ. ამ გაორებებისგან თავის დაღწევის ჟამს კი ერთი მთავარი ფიქრი გვიპყრობს: რატომ ვერ ახერხებს კაცი ამ მოჯადოებული წრიდან თავის დახსნას? იქნებ იმიტომ, რომ უჭირს, ღრმად ჩაიხედოს საკუთარ ცოდვილ ბუნებაში და მოერიოს კაცთა მოდგმის უმთავრეს სენს - ამპარტავნებას?

თბილისში დაბრუნებულს, გამახსენდა, რომ შარშან სწორედ ამ კვირის დღიური უნდა დამეწერა. მაშინ უარი ვთქვი. ახლაც მინდოდა, თავი ამერიდებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ეს კვირა ხომ ყველაზე გამორჩეულია - კვირა, რომლის თითოეული დღე გახსენებს მაცხოვრის ვნებებს. ამ დროს, ვფიქრობ, უმჯობესია საკეთებელი დროებით გვერდზე გადავდო და მეტი ვიფიქრო საკუთარ თავზე, საკუთარ უღირსობაზე, იმაზეც, როგორი იქნებოდა ჩემი არჩევანი, ოცი საუკუნის წინ რომ მეცხოვრა...

29 მარტი, ორშაბათი
საკვირველია, რატომაა ადამიანი ასე ხშირად უკმაყოფილო გარემო პირობებით. ზამთრის სიცივეც უსიამოვნოდ გვეჩვენება და ზაფხულის სიცხეც. მოკლედ, ჩვენი მოსაწონი ამინდი იშვიათია. არადა, რა ჯობია ზამთრის სუსხს ან ზაფხულის თაკარა მზეს, თუ ამ კანონზომიერებას კაცის ბუნებისთვის ჩვეული ზერელეობით კი არ მივუდგებით, არამედ უზენაესის სიბრძნეს დავინახავთ...

დიდებული შემოდგომა იდგა შარშან და ახლანდელი გაზაფხულიც მშვენიერია, ნალექიც საკმარისი იყო ზამთარში. წელიც მოსავლიანი იქნება, ალბათ. ერთი სიტყვით, საწუწუნო არაფერია...

დილით ცუდი ამბავი გავრცელდა: მოსკოვში ტერაქტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. მეტროს ორივე სადგურში სტუდენტობისას ძალიან ხშირად ვყოფილვარ. მაშინ ამის წარმოდგენაც კი გამიჭირდებოდა. სამწუხაროდ, ახალმა დრომ, ბევრ სიკეთესთან ერთად, არაერთი უბედურებაც მოიტანა. ადამიანებისადმი ადამიანების ასეთი ულმობელი დამოკიდებულებაც თანამედროვე, უკიდურესად უარყოფითად დამუხტული პოლიტიკური თუ სოციალური გარემოს შედეგია.

როგორც ჩანს, კავკასია კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ფეთქებადსაშიში რეგიონის სტატუსს და რუსეთსაც გაუჭირდება, თავი დააღწიოს მოსალოდნელ კატასტროფულ კანონზომიერებებს. უსამართლო პოლიტიკის შედეგი ხომ ყოველთვის ასეთია. არადა, რა ბედნიერებაა, როცა ღონიერი და, ამავე დროს, წესიერი მეზობელი გყავს. თუმცა, ვიდრე მეზობლის კეთილსინდისიერებაზე დავიწყებდე ფიქრს, უმჯობესია, საკუთარ ეზო-კარსაც შევავლო კრიტიკული თვალი...

30 მარტი, სამშაბათი
რა კარგია დილით ადრე გაღვიძება! როცა ექვსი საათიდან იწყებ დილას, ატყობ, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობ. საქმეც შედეგიანი, დღეც უფრო შინაარსიანი ხდება. ვოცნებობ ისეთ დროზე, როცა ქალაქის რიტმი დილაადრიან დაიწყება. სოფლად კი მზის ამოსვლას კაცი შრომით შეეგებება. როცა დეპუტატი ვიყავი, პარლამენტის მუშაობა დილით ათზე იწყებოდა. მერე ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ბრძანა, ნამეტანი ადრე ვიწყებთ სხდომასო და უმრავლესობაც დაითანხმა. ათის ნაცვლად თერთმეტისთვის (!) გადაიდო შეკრება. სამარცხვინოა ლამის შუადღისას საქმის დაწყება! სამაგალითოდ ნამდვილად ვერ გამოდგება.

საზოგადოება გადაეჩვია შრომას. შრომის კულტურა, ისევე როგორც, ზოგადად, კულტურა - სამოქალაქო, პოლიტიკური, შეთანხმების, პასუხისმგებლობის, თვითკრიტიკული აზროვნების, გამარჯვებისა და დამარცხებისა - ჩვენში საგრძნობლად დაქვეითდა. ამას მოკლედ, ალბათ, ზნეობის დეფიციტი ჰქვია. ამ ავადმყოფობას სწორი, გადაუდებელი და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, თორემ შედეგი, შეიძლება, მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდეს... ამ საქმის დაწყება ადრეული ასაკიდან - სკოლიდან, საბავშვო ბაღიდან და თანაც უწყვეტადაა საჭირო, კაცი ამ მხრივ სულ უნდა იწვრთნებოდეს.

31 მარტი, ოთხშაბათი
ვნების კვირის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე - დღე გაცემისა. მას შემდეგ ცოდვის ბუნება თითქოს არც შეცვლილა, უფრო დაიხვეწა, შეინიღბა, გარემოებებს მოერგო. რაც ყველაზე სახიფათოა, კაცი მეტად შეეგუა ცოდვას, ისე, რომ მას ხშირად აღარც კი აღიქვამს ცოდვად.

დღის ბოლოს მიხაილ გორბაჩოვის ინტერვიუ ვნახე. „პერესტროიკას“ 25 წელი შესრულებია. გორბაჩოვი კარგად გამოიყურებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას მიიჩნევს გარდაქმნის მთავარ შედეგად, დაუფიქრებლად განაცხადა - თავისუფლებასო. ალბათ მართალიცაა. თუმცა, მეც რომ შემძლებოდა ერთი კითხვის დასმა, აუცილებლად ვთხოვდი პირველ საბჭოთა პრეზიდენტს, განემარტა, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება. რვა წლის წინ პარიზში შევხვდი გორბაჩოვს და საუბრისთვის განკუთვნილი ათი წუთი იმის ახსნას მოვანდომე, თუ რას განვიცდიდი პირველკურსელი სტუდენტი იმ რეფორმების დროს, როგორ მიხაროდა თავისუფლების სიოს შეგრძნება. გადავუხადე კიდეც გულწრფელი მადლობა ამისთვის. ახლა ვხვდები, რომ ეს არ იყო საკმარისი. ნამდვილი თავისუფლება ხომ ცოდვისგან გათავისუფლებაა.

1 აპრილი, ხუთშაბათი
ახალი სტილით აპრილი, ორ-სამ კვირაში პირველი მერცხალიც გამოჩნდება, ალბათ. ვცდილობ, ყოველ გაზაფხულზე ჩავინიშნო დღე, როცა პირველად დავინახავ მერცხალს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს მისი მოფრენა. წლიდან წლამდე სანატრელია ეს დღე, ეს თარიღი.

ისევ უსიამოვნო ამბავი: დიდებულ ქალბატონს, ადამიანის უფლებათა თვალსაჩინო დამცველს, ლუდმილა ალექსეევას, მოსკოვში ვიღაცამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აი, თავხედობა! ასეთი ადამიანი საზოგადოებამ ხელის გულზე უნდა ატაროს. სამწუხაროა, რომ აგრესიის ხარისხი დღითიდღე მატულობს. ქალბატონი ლუდმილა, მიუხედავად ასაკისა, შარშან ორჯერ ესტუმრა ჩვენს სკოლას. სამოცდაათკაციანი აუდიტორია ფეხზე წამოდგა და თვალცრემლიანი მიესალმა სიმართლისთვის მებრძოლ შესანიშნავ ადამიანს.

2 აპრილი, პარასკევი
დღის ბოლოს კიდევ ერთხელ ვნახე რეზო თაბუკაშვილის შედევრი - დოკუმენტური ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის გმირობის შესახებ. გადავწყვიტე, ფილმი თვის ბოლოს ბაკურიანში წავიღო და სკოლის ახალ ჯგუფს ვაჩვენო. აი, მუხტი, აი, ენერგია, ასე რომ აკლია თანამედროვე ქართველს! აი, კეთილშობილი მაგალითი! რეზო თაბუკაშვილის გმირობა ცალკე სათქმელია - სწორედ მას შეეძლო მივიწყებული წარსულის ასეთი გზნებით მიგნება და გაცოცხლება!

სხვათა შორის, ბაკურიანის შეხვედრები მთლიანად ამსხვრევს იმათ აზრს, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში ცუდადაა საქმე. აბა, როგორ დავეთანხმო პესიმისტებს, როცა ყოველწლიურად სკოლაში ათობით გულანთებულ, განათლებულ და პატიოსან ახალგაზრდას ვხვდები? ეს ხომ ბედნიერებაა! რაც მთავარია, ასეთი ხალხი გაცილებით მეტია, უბრალოდ, ჩვენ მათ არ ვიცნობთ, ვერ ვიყენებთ მათს დიდ შესაძლებლობებს, ვერ ვაძლევთ განვითარებისა და გაერთიანების საშუალებას. აი, რა უნდა იყოს დღევანდელობის ერთი მთავარი საფიქრალი.

საღამოს სტრასბურგიდან წერილი მივიღე. გადაწყდა ორი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი: სკოლას ექნება საშუალება, 35-კაციან ჯგუფთან ერთად ზაფხულის ტრადიციულ, უკვე მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად რამდენიმე ცნობილი ქართველი ექსპერტიც მიიწვიოს. უდავოდ საყურადღებოა ამ მასშტაბური შეხვედრის წლევანდელი მთავარი სამუშაო თემა - მმართველობის კრიზისი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 700-მდე ახალგაზრდა მთელი ევროპიდან, აგრეთვე სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, მსოფლიოში აღიარებული ადამიანები. როგორც ჩანს, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში სულ უფრო ნათლად ხედავენ ამ კრიზისის შედეგებს. იმედი მაქვს, სასარგებლო მსჯელობა გაიმართება და შეძლებისდაგვარად საფუძვლიანად გავერკვევით ამ კრიზისის არსში, გულახდილად ვისაუბრებთ მისი დაძლევის გზებზე. ცხადია, თანამედროვე სამყაროს მთავარი სატკივარი, პრაქტიკულად ყველა პრობლემის წყარო, ზნეობრიობის დეფიციტია. ვეძებთ გზებს, რომ შევძლოთ ამ პრობლემის სწორად გააზრება, გულთან მიტანა და ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოფხვრაც.

მეორე ამბავი ქართულ-რუსული პროექტის მომავალს ეხება. პირველი სამი შეხვედრის შემდეგ (ბოლო ორი წლის განმავლობაში რომ გაიმართა კლინგენტალში, პარიზსა და ბათუმში), გადაწყდა, რომ ჩვენი და მოსკოვის პოლიტიკური სწავლების სკოლის (თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამოქალაქო ინსტიტუტის) შემდეგი შეკრება სექტემბრის დასაწყისში პეტერბურგში ჩატარდება და მერაბ მამარდაშვილის დაბადების 80 წლისთავს მიეძღვნება. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სამოქალაქო დიალოგის გააქტიურებასა და არსებული უმწვავესი პრობლემების მშვიდ და ობიექტურ გარემოში განხილვას. სასურველია (საოცნებოც), ერთ-ერთი მომავალი შეკრება აფხაზეთში ჩატარდეს...

3 აპრილი, შაბათი
ბავშვობაში (ალბათ მსგავსად უამრავი თანატოლისა) გამორჩეულად მიხაროდა ახალი წლის დადგომა და, იქნებ გასაკვირიც იყოს, გამარჯვების დღე - 9 მაისი. ამ დღესასწაულებს ჩემთვის მნიშვნელობა არც ახლა დაუკარგავს, თუმცა მიხარია, რომ ორივე დღის მნიშვნელობა ერთ ფუნდამენტურ დღესასწაულში გაერთიანდა: დღეს ჩემთვის ნამდვილი ახალი წელი - ჟამი მარადიული განახლებისა და ამაღლებისა, ისევე, როგორც დღე საკუთარ თავზე და ბოროტზე ჭეშმარიტი გამარჯვებისა, დღე მიუაჩრდილებელ ნათელთან ზიარებისა, არის აღდგომადღე! და მიხარია, რომ რამდენიმე საათში სრულიად საქართველოს დიდი სულიერი მამა კვლავ წარმოთქვამს ყველაზე სასიხარულო უწყებას ამ სამყაროში - ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!
XS
SM
MD
LG