Accessibility links

logo-print
უკვე მეხუთე დღეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით, ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო, ავიარეისები არ სრულდება. ავიაკომპანიებისა და საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ როდის აღდგება ავიარეისები. 19 აპრილს თბილისის აეროპორტიდან 5 რეისი ტელ-ავივის, სტამბულის, კიევის, დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით შესრულდა.

მაიკი, ჩანთებითა და სუვენირებით, უკვე მეორე დღეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელში ელოდება ამსტერდამის ავიარეისის გამოცხადებას, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ:

”ჰოლანდიიდან ვარ. ამსტერდამში გაფრენას ვცდილობ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უკვე მეორედ გადაიდო ჩემი რეისი. გამთენიისას უნდა გავფრენილიყავი. ახლაც არ ვიცი ზუსტად, როდის გამოაცხადებენ ჩემს რეისს.”

გიორგი, ისევე როგორც აეროპორტის სხვა თანამშრომლები, ზედმეტ საქმეს ნამდვილად არ უჩივის. ბარგის შესაფუთად მთელი დღის განმავლობაში ოთხი-ხუთი მგზავრი თუ მიაკითხავს, ანუ მხოლოდ ისინი,ვინც სტამბულის, კიევის, დონეცკის, ხარკოვის ან ტელ-ავივის მიმართულებით მიფრინავენ:

”ვულკანის ამოფრქვევის გამო ევროპის მიმართულებით თითქმის ყველა რეისი გადაიდო. შესაბამისად, არც ხალხია და არც ბარგი.”

აეროპორტი თითქმის ცარიელია. უკვე მეხუთე დღეა ევროპის მიმართულებით არც ერთი ავიარეისი არ სრულდება. ამსტერდამი, მიუნხენი, ვენა, ფრანკფურტი, პრაღა, პარიზი, ეს ის ავიარეისებია, რომელთა განახლების ზუსტ თარიღს ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს. წინა კვირას ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რამაც ფერფლის გიგანტური ღრუბელი წარმოშვა და საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა, თბილისიდან და თბილისისკენ შესასრულებელ ავიარეისებზეც იქონია მკვეთრი ზეგავლენა. როგორც ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კონსტანტინე თევდორაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ამ ეტაპზე მყარი პროგნოზი, თუ როდის გაიფანტება ფერფლის მასა იმ დონეზე, რომ ავიარეისები აღდგეს, ჯერჯერობით არ არსებობს:

”ძალიან ბევრი რეისია გადადებული. დათვლა ძალიან რთულია, რადგან არა მარტო სამგზავრო, არამედ სატვირთო რეისებიც გადაიდო. ჯერჯერობით როდის გაიხსნება საჰაერო სივრცე, არ ვიცით.”

ავიაკომპანია ”აირზენამ” 19 აპრილს კიევის მიმართულებით გეგმიური რეისი შეასრულა, თუმცა რა ბედი ეწევა ამსტერდამისა და პარიზის რეისებს, ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ.

ანალოგიურ სიტუაციაშია ავიაკომპანია „ეარბალტიკიც“, რომელიც რეისებს რიგის მიმართულებით ასრულებს:

”ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. საღამოს 9 საათისკენ ველოდებით ინფორმაციას.”

ევროპის ქვეყნებისკენ მიმავალი მგზავრებისაგან განსხვავებით, აშკარად გაუმართლა უკრაინის, თურქეთისა და ისრაელის მგზავრებს. როგორც ავიაკომპანია ”დონბასეარის” წარმომადგენელი საქართველოში ნანა ქავთარაძე ამბობს, მიუხედავად დონეცკის მიმართულებით რამდენიმე საათით გადადებული რეისისა, ავიარეისები უკვე აღდგენილია:

ნანა ქავთარაძე, ავიაკომპანია ”დონბასეარის” წარმომადგენელი საქართველოში”რეისები რეგულარულად დაფრინავს. რამდენიმე საათით გადაიდო ფრენა, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა აღარ არის. მგზავრები გაფრთხილებულია, თითქმის ყველანი ადგილზე არიან და მალე გაფრინდებიან.”
თბილისის პრაღელ სტუმარს ჟიდრონე კრასაუსკიენეს ერთკვირიანი საქმიანი ვიზიტი 14 აპრილს გაღვიძებულმა ვულკანმა ეიაფიოლმა სრულიად დაუგეგმავად კიდევ რამდენიმე დღით გაუგრძელა. კიდევ კარგი, რომ საქართველოში ჩავრჩი. აქ ისეთი სტუმართმოყვარე ხალხი დამხვდა, რომ ვერანაირად ვერ მოვიაზრებ საკუთარ თავს ამოფრქვეული ვულკანის მსხვერპლად, ამბობს ჟიდრონე:

”თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თვითმფრინავით უნდა გავფრენილიყავი. როდესაც მათ დავუკავშირდი, მითხრეს, რომ მიუნხენში 22 აპრილამდე ვერ მოვახერხებდი გამგზავრებას. ჩემი პირველი რეაქცია იყო, ნუთუ კიდევ ამდენ ხანს მომიწევს-მეთქი აქ დარჩენა. მაგრამ თბილისში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი აღმოჩნდა. როდესაც სასტუმროში შეიტყვეს ჩემი პრობლემის შესახებ, 20 პროცენტიანი ფასდაკლებაც კი შემომთავაზეს”, - ამბობს ჟიდრონე კრასაუსკიენე.

სრულიად დაუგეგმავად ტურისტულ-სათავგადასავლო მოგზაურობაში გადაზრდილი საქმიანი ვიზიტი კიდევ უფრო საინტერესო რომ გახდეს, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ავიახაზები, მეტეოროლოგიური თუ სხვა შემაფერხებელი მიზეზების მსხვერპლთ, ანუ თავიანთ მგზავრებს, ქალაქის შემოგარენში ტურისტულ ტურებსაც სთავაზობენ.

თბილისში მსგავსი ტურები ჯერჯერობით არ არსებოსბ, ამიტომ მაიკი ამსტერდამის რეისს თბილისის აეროპორტში ჩანთებზე ჩამომჯდარი ელოდება.
XS
SM
MD
LG