Accessibility links

logo-print

პარტიული მონიტორინგი დასრულდა, სიის დახვეწის პროცესი გრძელდება


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგები 19 აპრილს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლებს გააცნო. მონიტორინგის შედეგად, საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 580 487-ით განისაზღვრა. ამომრჩეველთა სიის პრეზენტაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო მონიტორინგის პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი დარღვევები და მათზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეაგირების შედეგები. საარჩევნო სიის მონიტორინგის პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოლიტიკური პარტნიორი სულ 13 სუბიექტი იყო. მათგან 11 კვალიფიციური, 2 კი არაკვალიფიციური. მონიტორინგი მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა სიის ძირითადი ხარვეზების - გარდაცვლილი, გამოტოვებული, გაორებული ამომრჩევლების მონაცემების - გამოვლენას და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ამაღლებას.

” დაახლოებით 150 000-მდე მონაცემი არის უკვე ჩასწორებული. აქედან 133 000 მონაცემი ჩასწორებულია ცესკოს მიერ საკუთარი მონიტორინგის საფუძველზე, ხოლო 16 000-მდე მონაცემი ჩასწორდა პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი ანგარიშების შესწავლის საფუძველზე“, - გვითხრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ჯული გიორგაძემ.

გიორგაძის განმარტებით, პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი და ცესკოს მიერ უკვე ჩასწორებული 16 000 მონაცემიდან, 13 000 მისამართია, 3000 კი გარდაცვლილი და ამომრჩევლის გაორებული მონაცემი. დანარჩენ შენიშვნებთან მიმართებით ცესკო მუშაობას განაგრძობს. პარტიების მიერ აღმოჩენილი დარღვევებიდან რა გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და რა არა, პირველ ეტაპზე გამოჩნდება აპრილის ბოლოს, როდესაც საარჩევნო უბნებში ეგრეთ წოდებული კედლის სიები გამოიკვრება, შემდეგ კი უკვე არჩევნების დღეს. სიების მონიტორინგის პროცესში მონაწილე ”საქართველოს გზის” რეკომენდაციაა, რომ არჩევნების დღეს სიები პარტიებსაც გადაეცეთ:.

” ჩვენ მიერ აღმოჩენილ დარღვევებში დაახლოებით 80 პროცენტი იყო უცხოეთში წასულები, გარდაცვლილები, უმისამართოები, დუბლირებული მონაცემები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იყო დღეს საუბარი, რომ ჩვენმა პარტიამ მართლაც რომ შრომატევადი სამუშაო გასწია ამ მხრივ. დუბლირებული მონაცემები აღმოვაჩინეთ სხვადასხვა ტიპის და, ვნახოთ. მთავარია, ვნახოთ ის სია. პრეზენტაციით ცოტა რთულია საუბარი.“

პარტია ”საქართველოს გზის” წარმომადგენლის, სოფიო ჯაჯანაშვილის განმარტებით, პარტიამ შეისწავლა დაახლოებით 300 000 ამომრჩეველი, გამოვლენილ იქნა 10 000 დარღვევა.

” ჩვენ გადავამოწმეთ 64 000 ამომრჩეველი და 10 000-ზე მეტი დარღვევა აღმოვაჩინეთ. მაგალითად, ბინაში იყო მიწერილი 20 კაცი, 28 კაცი. არარსებული კორპუსებიც დავაფიქსირეთ. მიწერილობა გასწორებულია და ამ კორპუსებზე კი ტექნიკური შეცდომით ახსნეს მათ ეს დარღვევა”, - გვითხრა, თავის მხრივ, პარტია ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” აპარატის უფროსმა მარინა წულუკიძემ.

იმას კი, როგორ აისახა პარტიების მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზები საარჩევნო სიაში და სიის დახვეწის რა დინამიკას ინარჩუნებს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, ისეთ კონკრეტულ მაგალითზე წარმოგიდგენთ, როგორიცაა ე.წ. დუბლირებული ამომრჩეველი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, რესპუბლიკურმა პარტიამ ამომრჩევლის დუბლირების 222 შემთხვევა აღმოაჩინა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი 95 დაადასტურა. „საქართველოს გზის“ მიერ მოძიებული 178 შემთხვევიდან დადასტურდა 93, დამატებითი მოკვლევა წარმოებს 75 შემთხვევაზე. კიდევ უფრო დიდია რიცხვი ქრისტიან-დემოკრატების შემთხვევაში. 329 შემთხვევიდან, დადასტურდა 52 დუბლირებული ამომრჩეველი, დამატებითი მოკვლევა კი მხოლოდ 14-ზე მიმდინარეობს.

”პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებული შენიშვნები ძალიან ყურადღებით შეისწავლება და ყველაფრის გათვალისწინება ხდება იმდენად, რამდენადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია ასეთ მოკლე ვადაში. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ კიდევ. ძალიან დადებითად ვაფასებ მე მონიტორინგის პროცესს, იმიტომ რომ ამან საშუალება მოგვცა არა მარტო გამოგვესწორებინა ხარვეზები, არამედ ნაბიჯი გადაგვედგა ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის მიმართულებით.”

ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის მშენებლობის მიზნით, ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის პროცესში ჩართული კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი გამოიყო. ეს თანხა თანაბრად გადანაწილდა მონიტორინგის პროცესში ჩართულ 11 სუბიექტზე. პარტიებს გაწეული მუშაობის ფინანსური ანგარიშის წარდგენა კანონით არ ევალებათ, თუმცა, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, აპირებენ. სწორედ პარტიების ფინანსურ ანგარიშს შეეხება შენიშვნაც, რომელიც ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ეკა სირაძე-დელონემ გაგვიზიარა:

”რამდენიმე პარტიას ჰქონდა მითითებული ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რომელიც გადაამოწმეს, მაგრამ დანარჩენებს არ ჰქონიათ. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო ასეთი დიდი რაოდენობის ფინანსები, საერთო ჯამში, რა რაოდენობის ამომრჩეველთან იარა და რა რაოდენობის ამომრჩეველთან გაიარა, ასე ვთქვათ, ამ მონიტორინგის საკითხები.”

ეკა სირაძე-დელონეს შენიშვნის ადრესატები ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები არიან. 19 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ სიის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი ანგარიშის დეტალური ანალიზი წარადგინა. პრეზენტაციას, მონიტორინგის 13 და 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული 26 პარტიიდან მხოლოდ ხუთიოდე პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG