Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვებრძოლოთ ნარკომანიას?


„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“, „ალტერნატივა ჯორჯიას“, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა“ და „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯით სასამართლო სისტემის ისედაც შეზღუდული რესურსი არაეფექტიანად იხარჯება. კვლევის მიხედვით, დასჯა და დაპატიმრება უმნიშვნელო გავლენას ახდენს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქცევაზე. როგორ ებრძვიან საქართველოში ნარკომანიას და რას სთავაზობენ კვლევის ავტორები ხელისუფლებას?

2008 წელს ნარკოტიკების მოხმარებაზე ჩატარებული 43 ათასი ტესტირებიდან დადებითი 19 ათასი აღმოჩნდა. 1 600 პირს თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკის განმეორებითი მოხმარების ბრალდებით მიესაჯა. იძულებით ნარკოტესტირებას ყოველი წლის განმავლობაში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადის, დაკისრებული ჯარიმის საერთო მოცულობა კი 18 მლნ ლარს აღწევს. ეჭვმიტანილებს პოლიცია, როგორც წესი, ქუჩაში აკავებს და ნარკოტიკების მოხმარებაზე ამოწმებს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ვანო ცერცვაძე, ამტკიცებს, რომ, შედეგის თვალსაზრისით, სახელმწიფოს ამგვარი ძალისხმევა არაეფექტიანია:

„გამოკითხული 500 ადამიანიდან 89 პროცენტი, სადამსჯელო მექანიზმის მიუხედავად, აგრძელებს ნარკოტიკების მოხმარებას. 11 პროცენტმა აღნიშნა, რომ შეწყვიტა ნარკოტიკების მოხმარება სასჯელის შიშის გამო, თუმცა ამ 11 პროცენტიდან ნახევარმა ნარკოტიკების მოხმარება გააგრძელა 3 თვის პერიოში.“

კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქცევაზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. ამასთან, ნარკოტიკების მოხმარებაზე ტესტირებისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურებისა და ზომების წლიური ხარჯი დაახლოებით 20 მილიონი ლარია. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი მიიჩნევს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

კვლევის ავტორები ხელისუფლებას ურჩევენ ანტინარკოტიკული კანონმდებლობის ლიბერალიზაციასა და დეკრიმინალიზაციას. მოსაზრებას, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება დაავადებაა და არა დანაშაული, ქუჩაში გამოკითხული თბილისელებიც იზიარებენ, თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. კვლევის ავტორები ხელისუფლებას კოდექსის ამ მუხლის გაუქმებასაც ურჩევენ. ანტინარკოტიკული კანონმდებლობის სიმკაცრეზე ლაპარაკობს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ხათუნა თოდაძეც:

„ადამიანის დასჯა იმის გამო, რომ მას ბიოლოგიურ სითხეებში აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერებები, არასწორად მიმაჩნია. ასე მარტო მე არ ვფიქრობ. პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი , რომელიც გიგი წერეთლის მიერ არის ინიცირებული და რომელიც მეტად ლიბერალურ მიდგომას ითვალისწინებს.“

საკანონმდებლო ორგანოში მართლაც შეტანილია ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლის კანონპროექტი, თუმცა, როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ამბობს, დეპუტატები სხვა, ალტერნატიულ, კიდევ უფრო მეტად ლიბერალურ კანონპროექტებსაც განიხილავენ, მათ დამტკიცებას კი საკითხის სიფაქიზე და სირთულე აფერხებს.

„პრაქტიკულად ვთანხმდებით მეთოდებსა და პრინციპებზე, განსხვავებაა რაოდენობასა და დროის გამოყენებაზე. მაგალითად, ერთი ორგანიზაცია გვთავაზობს, რომ ნარკოტიკის მოხმარებისათვის საზოგადოებრივ ადგილებში სასჯელი იყოს მხოლოდ ჯარიმა. მოკლედ, შესათანხმებელია ადეკვატურად დასჯის მექანიზმები“, უთხრა რადიო თავისუფლებას ოთარ თოიძემ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG