Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 19 აპრილი 2010


ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება. ქართულ პრესაში აქტუალურია ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმების საკითხი. დღეს ამის შესახებ არაერთ გაზეთში წაიკითხავთ. თუმცა, ვიდრე ამ თემას შევეხებოდე, თქვენს ყურადღებას ”კვირის ქრონიკის” ერთ ინტერვიუზე შევაჩერებ.

გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს რუსეთის წარმომადგენელთან ნატოში - დმიტრი როგოზინთან. ვრცელ ინტერვიუში ჟურნალისტი ყირგიზეთის ამბებზეც ეკითხება. როგოზინის პასუხი: ”დღეს ერთადერთი ყვავილი, რომელიც ყირგიზეთში ხარობს, არის ”როზა” - უტუმბაევას ვგულისხმობ - და ზოგიერთი ხუმარა პოლიტიკოსი ამის გამო ყირგიზეთის მოვლენებს ამგვარადაც ეხმაურება - ”რევოლუცია როზი”. ჟურნალისტის შეკითხვა: ”ჩვენს ”როზებზე” რას იტყვით, რომლებიც არათუ გახმნენ, არამედ ძალიან ცუდად დალპნენ წყალუხვი საქართველოს მიწაზე?”. როგოზინის პასუხი ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე: ”მე არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში, მაგრამ ტენდენცია მსოფლიო რევოლუციების შემდეგ ამგვარი იყო: რევოლუციებს ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე კონტრრევოლუციები და ეს გზა გაიარა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ, სადაც კი რევოლუცია ოდესმე მომხდარა.”

ახლა რაც შეეხება საქართველოში ოპოზიციის შეთანხმების საკითხს. ”კვირის ქრონიკაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ლევან გაჩეჩილაძესთან, რომელიც თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას უპასუხებს: ”ჩემი იმედი სააკაშვილთან ბრძოლაში არ მოკვდება, სანამ მე არ მოვკვდები”. ამავე ინტერვიუში გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პარტიის შექმნაზე ფიქრობს.

”ახალი თაობის” ჟურნალისტი ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეს, სოზარ სუბარს, ესაუბრა. სუბარი ამბობს, რომ ერთიან კანდიდატზე შეთანხმების იმედი არა აქვს, მაგრამ აქვს იმედი, რომ ადამიანებში პირად ამბიციებს რაციონალიზმი აჯობებს და ასეთ შემთხვევაში ”შეთანხმებაც მოხდება”. ”თუ ეს არ მოხდება, მაშინ, უბრალოდ, 31-ში მოგვიწევს მიზეზების გაანალიზება, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ შეიძლება გვიანი იყოს.”

”რეზონანსი” აქვეყნებს ლევან გაჩეჩილაძესთან ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ბიშკეკში რაც მოხდა, კარგია, ”მაგრამ ბაკიევმა რაც გააკეთა, ეს არის ცუდი და კრიმინალური. მან ხალხს ესროლა. უნდა გავყოთ ეს პროცესები. ხალხმა აიღო ხელისუფლება და ამოისუნთქა”, - აცხადებს გაჩეჩილაძე. ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერთან. ”რა თქმა უნდა, ვიცით, რომ უთანასწორო ბრძოლაში მივდივართო”, - ამბობს ალასანია და დასძენს, რომ გამარჯვების იმედს საზოგადოებაში ცვლილებების დიდი მოთხოვნა აძლევს. ”რეზონანსი” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ეკა ბესელიასთან, რომელიც თავისი შვილისა და ძმის გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზე საუბრობს და მიაჩნია, რომ საქმე მთლიანად პოლიტიზებულია.

”ვერსიას” ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე უმხელს, რომ 9 აპრილის აქციების მოწყობის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო: ”გარდა ამისა, მაშინ პროცესები თითქოს დაჩქარდა. დღეს მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამის მიზეზი ალიანსის შექმნა და ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბება იყო, რაც ბევრს არ აწყობდა”. ”ვერსიაშივე” ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერთან, გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ამბობს: ”მაწუხებს, რომ ქვეყანაში ვითარებამ შეიძლება სტიქიური და უკონტროლო ხასიათი მიიღოს. არ მინდა, ამ ხელისუფლების წარმომადგენლების დამწვარი გვამებით ქუჩაში ირბინოს ხალხმა. ხომ ნახეთ, ბიშკეკში რა მოხდა? არ მინდა ჩვენც ეს დაგვემართოს. მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე აქეთკენ მიგორავს.”

”კვირის პალიტრის” რუბრიკის, ”კვირის თემის”, სტუმარია პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: ”არის ერთი ნიუანსი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდხანს შერჩა სოციოლოგიურ გამოკვლევებს. ეს არის ამომრჩეველთა ის კატეგორია, რომელსაც არა აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს. თუ ეს ნაწილი ძალიან დიდხანს იქნა ამომრჩეველთა ერთი მეოთხედის ტოლი ან მასზე მეტი, შესაძლოა, არჩევნებმა სიურპრიზი მოუწყოს ყველას, - როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც, - რადგან ეს მერყევი ნაწილი საით გადაიხრება, არავინ იცის”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

”კვირის პალიტრა” დღეს წერს აგრეთვე, რომ იერუსალიმში შოთა რუსთაველის მემორიალი დააზიანეს. ”ვიღაცას საგულდაგულოდ ამოუმტვრევია სახე”, - ამბობს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა იერუსალიმში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG