Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ნიჟარაძე - მხატვარი


14 თებერვალი, კვირა
კვირას სხვა დღეებისგან არ ვასხვავებ, იმიტომ რომ არ გამომიმუშავდა ჩვევა, კვირაობით რომ ვისვენებდე - სხვა დღეებში ვმუშაობდე და კვირას ვისვენებდე. თუმცა, ჩემი ახლობლები, მეგობრები და, საერთოდ, ადამიანები კვირას ისვენებენ. ამიტომ ამ დღეს ურთიერთობის მეტი საშუალებაა. მაგრამ ჩემს საქმიანობას რაც შეეხება, ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ. ისევე, როგორც სხვა დღეებში, კვირასაც საკმაოდ ადრე ვდგები - 6 საათზე. 7-8 საათზე უკვე სახელოსნოში ვარ ხოლმე - უმთავრესად ეგრეა.

და ვმუშაობ.

ამ შემოქმედებით პროცესში ბევრი საკითხი წამოიჭრება ხოლმე და გადაწყვეტას ითხოვს. ერთი მხრივ, ეს დაკავშირებულია პრაქტიკულ შრომასთან, მეორე მხრივ - თეორიულ გააზრებასთან. გამოცდილება, რომელიც ყველა დარგში არსებობს, ცხადია, ჩვენთანაც არის. უშველებელი კულტურული შრეა ჩვენს გარშემო, კულტურის სივრცეში ვიმყოფებით. ეს არის დაგროვება მთელი ამ ცოდნისა, ნიმუშებისა, ძეგლებისა და ასე შემდეგ. ამას მოჰყვება გარკვეული საშუალებები, ხერხები, თუ როგორ მიაღწიო უკეთესად და ოპტიმალურად იმას, რაც ჩაფიქრებული გაქვს, ან რისკენას მიისწრაფი.

მაგალითად, ჩვენს დარგში - ფერწერაში - აღორძინების, შუა საუკუნეების დროსა და ისტორიის სხვა ეტაპებზეც, ფონი იყო მუქი. იმპრესიონისტები რომ გამოჩნდნენ, ფონი შეიცვალა, ჰაერზე გამოვიდნენ, პლენერზე, და უკვე ოთახის განათება კი აღარ იყო, გაჩნდა განათება ცისა და მზის. და, ამდენად, იყო ნათელი. ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო - თუ უწინ ადამიანის ნათელი სხეული მუქ ფონზე მკაფიოდ ჩანდა, იმპრესიონისტების შემდეგ ნათელ ფონზე ნათელი სხეული უკვე იკარგებოდა. ამან გამოიწვია ის, რომ საგანი გაქრა, საგნის არსი დაიკარგა და გაითქვიფა ჰაერში და განათებულ ფონში. მთელი რიგი ნამუშევრები მოწმობს ამას. მონეს აქვს ერთი ნახატი - „რუანის ტაძარი“, - სადაც ლაქებია განათებული.

რა არის ზეამოცანა სახვითი ხელოვნებისა? ადამიანი არის ცენტრში, ადამიანის პრობლემები, თვითონ არსებითი მხარე სხეულის, პლასტიკის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის მთავარი შინაარსი გამოიცვალა, რომელიც ტრადიციულად ყველაფერს ჰქონდა. არა მარტო სახვით ხელოვნებას, არამედ ყველაფერს: ლიტერატურას, თეატრს... ახლა ეს სხვა რამეში გადადის, უფრო გართობას ემსგავსება. მიზანს ვერ ვხედავ, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი.

15 თებერვალი, ორშაბათი
ბევრს ვმუშაობ. დღეში, სულ ცოტა, 8-9 საათს. შეიძლება მეტსაც, როცა ჯანზე ვარ. ახლა ცოტათი მოვსუსტდი, მაგრამ მინდა, როგორმე ძველ რეჟიმში ჩავდგე. ბევრია გასაკეთებელი. გამომსახველობით რაღაც დონეს რომ მიაღწიო, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, იმიტომ რომ გიხდება მთელი ამ გამოცდილების გამეორება... რთული და გრძელი გზა უნდა გაიარო. ეს გამოცდილება დაკავშირებულია მასალასთან, შემოდის ახალი ფერები, ახალი ტექნოლოგიები. ამასაც მოვლა უნდა. მე, პირადად, ეს პროცესი ძალიან გამიგრძელდა. ძალიან ხშირად ჯერაც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რა გამომივა.

16 თებერვალი, სამშაბათი
ავადმყოფობის შემდეგ რეჟიმს ვიცავ, დიეტურად ვიკვებები.

მოკლედ, შევასრულე ამ რეჟიმით გათვალისწინებული დილის პროგრამა, მერე კი ჩემმა მეგობარმა, ნიკამ, გამომიარა და ჰაერზე გამასეირნა. შემდეგ სახელოსნოში ამოვედით. ორი საათი ვიმუშავე, მერე ენერგია აღარ მეყო და დავბრუნდი სახლში.
ბევრი დაუმთავრებელი ნამუშევარი დამიგროვდა და ეს მაწუხებს. ვალი მაქვს ჩემს თავთანაც და დამკვეთებთანაც.

17 თებერვალი, ოთხშაბათი
1979 წელი იყო, თუ სწორად მახსოვს. მოსკოვიდან ჩამოვიდა ორი ქალბატონი, რომლებიც საკავშირო მხატვართა კავშირში საქართველოს კურირებდნენ. მოვიდნენ ჩემთან სახელოსნოში და საუბარში გაირკვა, რომ მოსკოვში ჩემი გამოფენის მოწყობას აპირებდნენ. არც არავის არასოდეს ეკითხა ჩემთვის, პირველად მათგან გავიგე ეს ამბავი.

მოკლედ, დავთანხმდი და როდესაც ეს მხატვართა კავშირში გაიგეს, თქვეს: რაღა მოსკოვში, ბარემ აქ გავაკეთოთ უფრო ადრეო. გამოიყო დარბაზი - ორი სართული ჩემი ნამუშევრებით იყო სავსე!

აი, ეს იყო პირველი და უკანასკნელი. იმიტომ რომ პერსონალური გამოფენა აღარ მქონია არასდროს. ყოველთვის საერთო გამოფენებში ვმონაწილეობდი.

აი, შარშან იყო კიდევ, ვაკის პარკში. არის ასეთი საზოგადოება, ინგლისური საზოგადოება, რომელიც, მგონი, ყოველ წელს აღნიშნავს შექსპირის დაბადების დღეს. და მთხოვეს, მოდი, ბარემ სურათებით გავალამაზოთ ეს დღეო. შექსპირის პორტრეტიც დამახატინეს. აი, ასე მოეწყო ეს გამოფენა ბაღში.

სხვათა შორის, ყველა დარბაზს ჯობია ეს ჰაერზე გამოფენილი - ძალიან კარგი გამოვიდა!

პრინციპულად არ ვარ მომხრე იმისთვის მუშაობისა, რომ გამოფენა მოვაწყო. სულ არ მჭირდება არავითარი გამოფენა. და არც მიყვარს, მართალი რომ ვთქვა. ამიტომ არ ვემზადები არავითარი გამოფენისთვის. მიგროვდება რაღაც ნამუშევრები და თუ არის რამე, კი ბატონო, მივიღებ მონაწილეობას. ისე, სულ არ მიყვარს ეს ამბავი. არც გახსნა მიყვარს - სულ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები...

არ მიყვარს, მოკლედ. ზოგჯერ არც დავდივარ. თავისუფლად ვმუშაობ, ვშრომობ - მორჩა და გათავდა.

18 თებერვალი, ხუთშაბათი
კულტურის სამინისტროს მოღვაწეობაში არსებობს რაღაც მიმართულება - კულტურული ურთიერთობებისა სხვადასხვა ქვეყანასთან, და მათ შორის, ალბათ, ინგლისთანაც. ხომ აგზავნიან ანსამბლებს და სხვა.

ჰოდა, ერთხელაც მხატვარსაც შემომთავაზეს. მე ვუთხარი, სიამოვნებით, რა ჯობია მაგას-მეთქი. ასე აღმოვჩნდი ლონდონში.
დარბაზი გაივსო. მართალია, დიდი არ იყო, მაგრამ ქუჩაშიც იდგა ხალხი, ბევრი მოვიდა... ძალიან თბილი საღამო გამოვიდა.
როგორც ჩანს, არის რაღაც კატეგორია, რომელიც ვერ ეგუება ამ ახალ მიმართულებებს. ყველაფერი დაიპყრო ამ ულტრათანამედროვე ფორმებმა და არის რაღაც ნაწილი, რომელიც ვერ ეგუება ამას. რეკავდნენ და მადლობას მიხდიდნენ. მოდიოდნენ და ამბობდნენ, აი ნამდვილი ფერწერაო!

იმიტომ, რომ მოსაბეზრებელია - უაზრობის, აბსურდის ატანასაც საზღვარი აქვს. რა არის, მაგალითად, ინსტალაცია? დაპატიჟა მხატვარმა საზოგადოება, როგორც ჩანს, ძალიან მდიდრები. ბილეთი 1000 დოლარი ღირდა. შეიკრიბა ხალხი და რა აჩვენა? მოშალა თავისი ჭერი და ჩამოვიდა წვიმა. დაუკრეს ტაში და დაიშალნენ. მე არ ვიცი, ეს რას უნდა მივაკუთვნო, რას ნიშნავს ეს. უშველებელი თანხა გადაუხადეს აი, ამ სისულელეში! მერე ამ ფულით, ალბათ, ისევ შეაკეთა ის თავისი სახურავი.

ზუსტად ასეთივე ამბავს 15 წლის წინათ, პარიზში მომიყვა გუჯა ამაშუკელი. ჩემი სტუდენტი იყო. დამპატიჟა თავის სახლში, მერე ქალაქგარეთ - მშვენიერი შატო იყიდა. მითხრა, მთელი ეს სამზარეულო ვიცი - წმინდა წყლის კომერციააო. ნუვორიშები აზრზე არ არიან არც კულტურის, არც არაფრის; არაფერი ესმით არც ფერწერაში, არც ნახატებში, ამიტომ რეკლამას უჯერებენო.

რეკლამა კი რას აკეთებს? საბერძნეთში ვცხოვრობდი კარგა დიდხანს. იქ მეზობლად იყო ცნობილი კოლექციონერი კოსტაკისი, რომელიც ავანგარდს აგროვებდა. ჩამოვიდა მისი შვილი - რუსული ავანგარდის ნიმუშები ჩამოიტანა გასაყიდად. იმ სახლის პატრონი, რომელშიც ვცხოვრობდი, სახელად ანთეა, ძალიან სიმპათიური ქალი იყო. ჰოდა, მეუბნება, ამათთან საქმეს ნუ დაიჭერო. რატომ-მეთქი? ესენი აფერისტები არიან, იცი რა ქნა უფროსმა კოსტაკისმაო? ჩამოიყვანა ვიღაც ახალგაზრდა რუსი ბიჭი და დაუკვეთა სურათი. ამ ბიჭმა წააქცია ორმეტრიანი ტილო, გატეხა შუშა, დააფშვნა ტილოს, მერე წებო დაასხა, მერე - რაღაც ფერები და 15 წუთში ეს ორმეტრიანი სურათი მზად იყოო. ამ შრომაში 800 დოლარი აუღით და ძალიან კმაყოფილიც დარჩენილა.

ალბათ, მკითხავთ, რამდენად გაყიდა მამამისმა ეგ სურათიო, მეუბნება ანთეა. რამდენად-მეთქი, და 85 ათას დოლარადო!

მოკლედ, რა ჰქნა ამ კოსტაკისმა? რა ჰქნა და 30 ათასი გადაიხადა რეკლამაში, ნამუშევარს დიდი რეკლამა გაუკეთა. მერე კი ვიღაც ქაჯს, რომელსაც ბევრი ფული ჰქონდა, 85 ათას დოლარად შეტენა ეს სურათი! თითი რომ არ გაუნძრევია, ისე ჩაიდო ჯიბეში 50 ათასი!

ეს არის კომერცია. რად უნდა ამას ამდენი საუბარი და სიმპოზიუმი?! აბსოლუტური ტყუილია!

19 თებერვალი, პარასკევი
მასალას ჩვენს დარგში დიდი როლი აკისრია. აბსტრაქციონიზმს, რადგან საგნები „შემოეცალა“, მასალაღა დარჩა ხელშესახები. მასალას მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს!

ამ პრობლემებზე ვფიქრობ. მინდა, რომ ინერცია დავძლიო და ჩემს შრომას რაღაც მიმართულება მივანიჭო; მინდა, შინაარსობრივად ის გარკვეულ პრინციპებზე იყოს აგებული...

რა კეთდება იმისთვის, რომ გამომსახველობითი მხარე იყოს მძაფრი, საინტერესო, მდიდრული და ასე შემდეგ? საამისოდ არსებობს რაღაც გზები და საშუალებები... ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ეგ არის - ამ საშუალებების მოძიება და გამოყენება.

20 თებერვალი, შაბათი
არავითარი განსხვავება არ არის ჩემთვის - არც ვადევნებ თვალყურს, შაბათია თუ სხვა დღე. შაბათს დასვენება ჩემთვის უცხოა, თუმცა ვიცი, რომ ბევრი ისვენებს. საერთოდ, არ მესმის, რას ნიშნავს დასვენება. მე შრომა მსიამოვნებს და შაბათს რატომ უნდა მოვიკლო ეს სიამოვნება?! ან კვირას. ყველაზე მეტად მუშაობა მაინტერესებს და ამით სიამოვნებას ვიღებ.

კურორტზეც იშვიათად დავდივარ. ზღვაზე ჩავალ და ერთ კვირაზე მეტს ვერ ვძლებ. მშვენიერი ოჯახი მყავს, შვილები, შვილიშვილები – ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთი შვილიშვილი გერმანიაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად, მეორე - გათხოვდა.

ბიჭი არქიტექტორია, ისიც აპირებს გერმანიაში წასვლას. ისე, ფხა ვერ გამოიჩინა. არა მგონია, მასში იდოს რაღაც ისეთი, მოხერხებულობას რომ ეძახიან. გათქვეფილია ყოველდღიურობაში და მასში პოულობს ცხოვრების მთავარ აზრს. მგონია, რომ ამით თავს იღარიბებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი წარმავალია და მერე სიცარიელე დგება.

ამ მხრივ ჩვენი დარგი კარგია - რაღაც რჩება შენს მერე, რაღაც კვალი... იგივე აქვთ მწერლებს, მუსიკოსებს, გაგრძელება აქვთ სულიერ სამყაროში. სხვა კი იქვე მთავრდება, იქვე... შეიძლება წარმატებას მიაღწიო, მაგრამ მაინც მთავრდება. როგორც ახალგაზრდობა - გაივლის და მერე რა? არ უნდა იყო ამაზე დამოკიდებული, რაღაც ისეთი უნდა შეიქმნა, რაც უფრო დიდხანს დარჩება.

მე ასე მგონია, რა ვიცი...
XS
SM
MD
LG