Accessibility links

logo-print

გორის საკრებულოს 31 მანდატისთვის ოთხი პოლიტიკური ძალა იბრძოლებს


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 40 დღით ადრე გორში პოლიტიკურ პარტიებს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყიათ.

დედაქალაქისგან განსხვავებით რეგიონში ჯერ არც საარჩევნო ბანერები და არც პლაკატები ჩანს. ადგილობრივ შტაბებში ახლა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატებს ადგენენ და პარტიული სიის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.

წინასწარ ცნობილია, რომ გორის საკრებულოს 31 მანდატისთვის, ძირითადად, ოთხი პოლიტიკური ძალა იბრძოლებს: ნაციონალური მოძრაობა, ალიანსი საქართველოსთვის, ეროვნული საბჭო და ქრიასტიან-დემოკრატები.

ეროვნულ საბჭოში პარტიული სია ჯერ მზად არა აქვთ. არც მაჟორიტარების ვინაობა დაუზუსტებიათ. არადა, ერთი თვით ადრე, ქალაქის მაჟორიტარ კანდიდატად ნოღაიდელის გუნდის წევრები ქალაქის ყოფილი გამგებლის მოადგილის, ტარიელ ლალიაშვილის დასახელებას აპირებდნენ. ახლა, როგორც ეროვნული საბჭოს ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ლიდერი მამუკა კობერიძე აცხადებს, ბევრი რამ შეიცვალა და ორ-სამ დღეში საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან.

ბოლომდე ჩამოყალიბებულები არც ალიანსში არიან. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა დავით რაზმაძემ აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა მათ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლას ახორციელებს და ბევრი მათი თანაგუნდელი უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე. ალიანსში ამჟამად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატი თავად დავით რაზმაძე იქნება. ცვლილებები იქნება პარტიულ სიაშიაც.

შედარებით მეტს საუბრობენ ნაციონალები. მათი სიის ლიდერი და ქალაქის მაჟორიტარი კანდიდატი, ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე იქნება. ნაციონალების ადგილობრივ პარტიულ სიაში ახალი სახეებიც ხვდებიან. მაგალითად, არჩევებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას გორში ცნობილი ბავშვთა ექიმი თამაზ მამისთვალოვი და წარსულში ცნობილი მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი გია თენაძე. როგორც ზვიად ხმალაძე აცხადებს, სიის სრული შემადგენლობა თვის ბოლოს სპეციალურ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბებში კანდიდატებზე და პარტიულ სიაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ყველა პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ აქტიური წინასაარჩევნო ფაზა აპრილის ბოლოდან დაიწყება.
XS
SM
MD
LG