Accessibility links

logo-print

ხორვატიაში გენოციდში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს


ბოსნიისა და ხორვატიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხორვატიაში პოლიციამ დააკავა გენოციდის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი, რომელსაც სრებრენიცაში ათასობით ბოსნიელი მუსულმანი კაცის დახოცვასთან დაკავშირებით იძებნებოდა. ბოსნიის პროკურატურის ცნობით, ძებნილი - ფრანც კოსი - ხორვატიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ოსიჯეკში დააპატიმრეს. დაკავების ფაქტს ხორვატიის პოლიციაც ადასტურებს. კოსი წარმოშობით სლოვენიიდან არის. როგორც ვარაუდობენ, ის წევრი იყო ბოსნიელ სერბთა იმ არმიისა, რომელმაც 1995 წელს, სრებრენიცის დაცემის შემდეგ დაახლოებით 8,000 ბოსნიელი მუსულმანი მამაკაცი დახოცა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა იყო. ბოსნია აცხადებს, რომ კოსის ექსტრადიციას დღესვე მოითხოვს.
XS
SM
MD
LG