Accessibility links

logo-print

ბაქრაძემ ზუგდიდელებს კანდიდატები ჩაუყვანა და დაპირებები ჩაუტანა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ზუგდიდში, ფრანგულ პარკში, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ზუგდიდში, ფრანგულ პარკში, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოების წევრობის კანდიდატთა წარდგენა ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სამეგრელოდან დაიწყო. ამ მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ზუგდიდში, სადაც ფრანგულ პარკში შეკრებილ თანამემამულეებს სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას დავით ბაქრაძემ პარკში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა ხმა მისცენ ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს, რადგან ”გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”.

”ჩვენ მოსაწონებელი არაფერი გვაქვს. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. გპირდებით - უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება. სამეგრელო ყოველთვის იყო ხერხემალი ჩვენი ქვეყნისა. ზუგდიდი დღითი დღე ლამაზდება და ვითარდება”, ამბობს დავით ბაქრაძე.

ზუგდიდელი ლევან კონჯარია, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” სიაში პირველი ნომერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ამომრჩეველს სოციალური პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.

”ჩვენ არ ვპირდებით გაზს, შუქს, გზას. ჩვენ ვპირდებით სულ სხვა განათლებას, კომფორტულ გარემოში ცხოვრებას, მშვიდობას და დევნილების დაბრუნებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში”, აცხადებს ლევან კონჯარია.

პარკში შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი არჩევნების დღეს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერაზე ღიად საუბრობდა, ნაწილმა კი შეკრების მიზეზიც არ იცოდა. არადა, ხელში ეჭირათ პარტიის ფლაერები და საქართველოს დროშები.

”ბაქრაძის მიერ დასახელებული კანდიდატების გვეიმედება და გვჯერა, რომ საქმეს გააკეთებენ და წარმატებებს ერთად მივაღწევთ.”

ამ ადამიანებს შორის იყო აფხაზეთიდან დევნილი მაკა ბაძაღუა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს კომპაქტურ დასახლებაში არსებული პრობლემის მოგვარება სთხოვა:

”ორი წელია კომპაქტურ დასახლებაში ელექტროენერგია არ გვაქვს. დავალიანება გვაქვს 13 ათასი ლარი. რამდენჯერ გავუგზავნეთ წერილი კობა სუბელიანს, ამასთან, დავურეკეთ კიდევაც, მაგრამ პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ. ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს ვთხოვე დაგვეხმაროს პრობლემის მოგვარებაში. მითხრა, შევისწავლიო, მაგრამ იმედი მაინც არ მაქვს”, ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ქალი.

დედაქალაქში გამგზავრებამდე პარლამენტის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ მაკა ბაძაღუას და სამეგრელოს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ამჟამად არსებული სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მეტი მოქალაქის დასაქმება 30 მაისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG