Accessibility links

logo-print

არის კავშირი რუსთაველის ბარელიეფისა და ფრესკის დაზიანებებს შორის ?


შოთა რუსთაველის დაზიანებული ბარელიეფი

შოთა რუსთაველის დაზიანებული ბარელიეფი

იერუსალიმში შოთა რუსთაველის ბარელიეფის დაზიანების გამო საქართველოს ხელისუფლებამ მიმართვა გაუგზავნა ისრაელის პარლამენტსა და იერუსალიმის მუნიციპალიტეტს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საგარო ურთიერთობათა კომიტეტში იმედოვნებენ, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება და ვანდალიზმის მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება. თვითმხილველთა თქმით, დაზიანებული ბარელიეფი მდებარეობს დაახლოებით ას მეტრში ჯვრის მონასტრიდან, სადაც 2004 წელს შოთა რუსთაველის ცნობილი ფრესკა დააზიანეს. საკითხავია, არის თუ არა კავშირი ბარელიეფისა და ფრესკის დაზიანებებს შორის.

ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი იერუსალიმში აღდგომის დღეებში იმყოფებოდა. დაზიანებული ბარელიეფი მან, ტურისტების ჯგუფთან ერთად, ჯვრის მონასტრიდან გამოსვლის შემდეგ ნახა:

„ახლოს როცა მივედი, რაღაც სახე არ მომეწონა. ხალხს დავუძახე, მოდით, თქვენც შეხედეთ, რამე ხომ არ მეჩვენება-მეთქი… ახლოს რომ მივედი, დავინახე, რომ ამ ქვა-სვეტზე რუსთაველს სახე ჰქონდა მთლიანად წაშლილი… ითქვა, რომ მხოლოდ თვალებიო. თვალები კი არა, მთლიანად სახეა წაშლილი, ნიკაპიდან შუბლამდე. ვიფიქრე, იქნებ ქვის დაშლის პროცესია დაწყებული-მეთქი, მაგრამ ათი წუთი ვაკვირდებოდით და დავასკვენით, რომ ეს იყო განგებ გაკეთებული. თანაც, თეთრი ნაკვალევი მიუთითებდა, რომ ახალი წაშლილი იყო.“

იერუსალიმში რუსთაველის ქუჩაზე აღმართულ ქვის სვეტზე დიდი ქართველი პოეტის გამოსახულების დაზიანებამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ექვსი წლის წინანდელი ამბავი გაახსენა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა განცხადება ბიუროს სხდომაზე გააკეთა:

„რამდენიმე წლის წინ მოხდა მსგავსი ფაქტი ფრესკასთან დაკავშირებით, ახლა ეს განმეორდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და სპეციალური ნოტით მიმართა ისრაელის ხელისუფლებას, რომელიც ყურადღებას მიაქცევს და საქმეს დროულად გამოიძიებს.“

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. რამდენიმე საათით ადრე ბერძენმა ბერებმა სახელდახელოდ აღადგინეს დაზიანებული ფრესკა. 2004 წლის ივლისი.
საქმის გამოძიებას ითხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. 20 აპრილსდეპუტატებმა სამთავრობო საათზე მინისტრის მოადგილე დაიბარეს. დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება დამნაშავის გამოვლენისა და სათანადო დასჯისათვის.

„ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაწოდეთ ინფორმაცია სათანადო ნოტით. ასევე წერილები გაიგზავნა იერუსალიმის მერიაში, პარლამენტში და შინაგან საქმეთა სამინისტროში“, განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც:

“ჩვენთვის ცნობილია, რომ იერუსალიმის პატრიარქი უნეტარესი თეოფილე მესამე შეშფოთებულია მომხდარის გამო. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის მთავრობა დაინტერესდება ინციდენტებით და, იერუსალიმის საპატრიარქოს ხელშეწყობით, გამოიძიებს 2004 წელს ფრესკის ბარბაროსული განადგურებისა და ბიუსტის ხელყოფის ფაქტებს და დამნაშავენი სათანადოდ დაისჯებიან”, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კიდევ უფრო ფრთხილია იერუსალიმის ექსპედიციის ხელმძღვანელი და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი თამილა მგალობლიშვილი. მისი თქმით, ბარელიეფის დაზიანება არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც დაბეჯითებით ცდილობს წმინდა მიწიდან ქართული კვალის ამოშლას და რომ რაიმე კავშირი არსებობს ფრესკის ხელყოფასთან:

„ფრესკა იყო მონასტერში და მის განადგურებას გარკვეული მიზანი ჰქონდა. ეს ბარელიეფი კი არის მონასტრის ტერიტორიის გარეთ და ეს ტერიტორია ეკუთვნის მუნიციპალიტეტს. იქ არის უამრავი კორპუსი, დაწესებულება, მოსახლეობა, რომელიც ამ ტერიტორიას იყენებს სკვერად. თხოვნა და მიმართვა უნდა გაეგზავნოს მხოლოდ იერუსალიმის მუნიციპალიტეტს, რათა გაარკვიოს ვინ გააკეთა ეს, მაგრამ ვერავის ვერ დავადანაშაულებთ.“

თამილა მგალობლიშვილის თქმით, უსაფუძვლო ეჭვმა და საქმისადმი არაკომპეტენტურმა მიდგომამ შეიძლება სერიოზულად ავნოს იერუსალიმში ქართული სიძველეების კვლევისა და პატრონობის საქმეს:

„ამით ჩვენ უფრო ვაღრმავებთ საკმაოდ მყიფე ურთიერთობას ჩვენი და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის და, საერთოდ, უფრო ვართულებთ ქართული კულტურის ძეგლების დაცვას იერუსალიმში. ეს უნდა გადაწყდეეს მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალიტეტების დონეზე. ეს უფრო სწორი იქნებოდა დიპლომატიურად, ვიდრე პარლამენტის მხრიდან დადგენილების მიღება და მიმართვის გაგზავნა.“
XS
SM
MD
LG