Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი შაშკინი - მინისტრი


11 აპრილი, კვირა
ვიწყებ დღიურის წერას, თუმცა, სიმართლეს ვიტყვი, ეს ძალიან უჩვეულო მდგომარეობაა ჩემთვის, რადგანაც არ მიყვარს საკუთარი გრძნობების და ემოციების გამჟღავნება, თანაც ასე საჯაროდ.

მიუხედავად იმისა, რომ კვირაა და მაქვს საშუალება გამოვიძინო, მაინც ადრე გამეღვიძა. სასჯელაღსრულების მინისტრად რომ დავინიშნე, მძიმე სამუშაო გრაფიკის გამო ხშირად მითქვამს, სიზმრებს აღარ ვნახულობ-მეთქი. სიზმრების ნახვა რომ დავიწყე, განათლების მინისტრად გადმოვედი და სიზმრების ნახვას კი არა, ძილსაც ძლივს ვახერხებ! თუმცა, იმდენად დიდი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდი, რომ ეს უფრო მეტ ენერგიას მაძლევს და მობილიზებულს მხდის.

პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი გუნდის ტრაგიკულმა დაღუპვამ საშინლად იმოქმედა. ადამიანური ტრაგედიით გამოწვეული საშინელი ემოცია კიდევ უფრო გაძლიერდა იმის გაცნობიერებით, თუ რამხელა დანაკარგია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. დიდხანს ვერ მოვწყდი საინფორმაციო გამოშვებებს... ფრენის კიდევ უფრო შემეშინდა.

ჩემი 5 წლის შვილი სოფო შემოვარდა, შემახსენა დაპირებული ნაყინი, რამაც ფიქრებიდან რეალობაში დამაბრუნა.

12 აპრილი, ორშაბათი
ბავშვები წავიყვანე სკოლაში და სამინისტროში მოვედი. დილაც ჩვეული რეჟიმით დაიწყო. ყავა, დღის გრაფიკი და პრესის დაიჯესტი. პრესა დიდად არ მწყალობს. კარგი, დასაბუთებული კრიტიკა, სამწუხაროდ, იშვიათია და უფრო ხშირად დაუზუსტებელ ინფორმაციებს ვაწყდები. თუმცა, ყოველდღიურად გულდასმით ვეცნობი, რადგან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ყველანაირი მოსაზრება საგულისხმოა.

პრესის დაიჯესტის შემდეგ ინტერნეტის საინფორმაციო სივრცესაც გავეცანი. სხვათა შორის, ბოლო გამოკვლევების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის რეიტინგმა პრესისას გაუსწრო. ახალი თაობა მაქსიმალურად უნდა ფლობდეს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ხელი მიუწვდებოდეს ინტერნეტზე. განათლების სისტემამ ამაში დიდი როლი უნდა ითამაშოს, მან ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს.

მახსენდება ერთი ფაქტი, როცა რაჭის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდან მოსწავლეები პირდაპირ ვიდეოკონფერენციით გამესაუბრნენ და შეკითხვები დამისვეს. ვამაყობ, რომ ამ წლის ბოლოს საქართველოს ყველა სკოლაში იქნება ინტერნეტი.

დღეს 42-ე სკოლას დავუბრუნეთ ძველი - ვეკუას სახელობის ფიზიკა-მატემატიკური სკოლის სტატუსი. თან საჩუქრად 10 კომპიუტერი გადავეცი. სპეციფიკიდან გამომიდანრე, ასეთ სკოლებს უფრო ჭირდებათ ტექნოლოგიური მხარდაჭერა და წახალისება.

საოცრად დატვირთული დღის გრაფიკი მქონდა. სახლში ღამის სამ საათზე მივედი. ბავშვებს უკვე ეძინათ.

13 აპრილი, სამშაბათი
დილის საინფორმაციო გამოშვებები სამწუხარო ცნობით დაიწყო. გარდაიცვალა მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური. სამწუხაროა, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა უდროოდ მიდის ამ ქვეყნიდან. კვლავ აქტუალურია პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტი.

2 საათისთვის პაპუნას ველოდები, დავითაიას. ქართველი ემიგრანტი ბავშვების საკვირაო სკოლებისთვის ვიწყებთ ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებას. ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს ემიგრანტ ახალგაზრდებს, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე და ქართულ რეალობაში ჩართვაზე იფიქრონ.

პოლიციის აკადემიაში მივდივარ. მანდატურების პირველ გამოშვებას ვაჯილდოვებთ სერტიფიკატებით. აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე საოცარი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით მოეკიდა ამ პროექტს. ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ, ვიდრე პროექტის განხორციელებას დავიწყებდით. შევხვდით უამრავ პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელს. მათი დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო, თუმცა, ძირითადად, პოზიტიური. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სკოლაში ბავშვი ცოდნის მისაღებად უნდა მიდიოდეს და მისი უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. მეც მშობელი ვარ და ამ საკითხს ორმაგად მტკივნეულად განვიცდი.

ვეცადეთ, რომ მანდატურები ყველა იმ საკითში მომზადებულიყვნენ, რაც ბავშვთან და არასრულწლოვანთან ურთიერთობას უკავშირდება. ძალიან მინდა, რომ საზოგადოებამ სწორად გაიგოს მანდატურის როლი. ისინი, პირველ რიგში, მათი შვილების უსაფრთხოების გარანტი და, რა თქმა უნდა, მეგობრები უნდა გახდნენ.

მოუთმენლად ველი ხუთშაბათს. ამ დღეს მანდატურები პირველად შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას, უკვე - სკოლებში.

14 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს დედაენის დღეა. ბევრი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი მთელი საქართველოს მასშტაბით და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის, რადგან ეს მნიშვნელოვანი თარიღია არა მარტო ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის - როგორც ისტორიული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში ან სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა, ყველას სურს, მინისტრი ან მისი მოადგილე მაინც დაესწროს ამ ღონისძიებას. მეც მართლა დიდი სურვილი მაქვს, ყველგან წავიდე. სამწუხაროდ, დრო ფიზიკურად არ მეყოფა. პიარის სამსახურთან ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მე და ჩემმა მოადგილეებმა რამდენიმე ღონისძიება გავინაწილეთ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად დავაჯილდოვეთ ქართული კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები. კომპიუტერებისა და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კალიგრაფიის კონკურსის მხარდაჭერა ძალიან კარგი იდეაა.

სამინისტროში დავაჯილდოვეთ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებულები. ჩაღლარის სკოლასაც კარგი ღონისძიება აქვს. ძალიან მიხარია, რომ ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებები ასე აქტიურად არიან ჩართულები ზოგადად, განათლების სისტემის რეფორმებში და, კონკრეტულად, დედაენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.

15 აპრილი, ხუთშაბათი
დღეს შვიდ სკოლაში შეგვყვავს მანდატურები. სკოლაში მანდატურებს არაჩვეულებრივი განწყობით შეხვდნენ, რამაც ძალიან გამახარა. დიდია ჟურნალისტების ინტერესიც. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვამ, თქვენს ოპონენტებს ამ პროექტთან დაკავშირებით რას ეტყოდითო, ორი საოცრად მტკივნეული შემთხვევა გამახსენა. ერთი უკავშირდება პატარა გოგონას, რომელიც მე-12-კლასელმა მოსწავლეებმა სამჯერ ააგდეს ჰაერში, ხოლო მეოთხეჯერ აღარ დაიჭირეს. დავარდნისას ბავშვმა ორივე ფეხი მოიტეხა და დღემდე მკურნალობს. და - მეორე შემთხვევა, როცა ასევე პატარა ბავშვი უფროსკლასელებმა საპირფარეშოში ლურსმნით მიაჭედეს და დატოვეს. მგონი ამით ყველაფერია ნათქვამი და ყველა ამ პროექტის ოპონენტიც - პასუხგაცემული.

აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ პროექტი წარმატებული იქნება.

16 აპრილი, პარასკევი
პირველად საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში მომავალი სასწავლო წლიდან ერევნის უცხო ენათა ინსტიტუტში გაიხსნება ქართული ენის კათედრა. ამის შესახებ სომხეთის განათლების მინისტრთან, არმენ აშოტიანთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

პიართან თათბირზე გავიარეთ მომავალი კვირის ღონისძიებები. განაჩენი გამომიტანეს - ხვალ რადიო თავისუფლებაში უნდა ვიყო 6 საათზე. დღეს შევიტყვე და ძალიან გამიხარდა: ჩვენმა მოსწავლეებმა ჭადრაკის საერთაშორისო კონკურსში ოქროს მედლები მოიპოვეს! მომავალ კვირაში შევხვდები და ამ წარმატებას პირადად მივულოცავ. მალე ცნობილი გახდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგებიც. მათაც აუცილებლად დავეხმარები საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებაში.

17 აპრილი, შაბათი
დილა თათბირით იწყება - დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსებთან ერთად სკოლების ბრენდირება უნდა გავიარო. ვთვლი, რომ ამ ინიციატივით სკოლებს გაუჩნდებათ მეტი მოტივიაცია, არსებული რესურსებით გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა.

12 საათისთვის თბილისის სკოლის დირექტორებს ველოდები. მათაც ბევრი კითხვა აქვთ ხოლმე და სურთ, უშუალოდ მინისტრისგან მოისმინონ პასუხები. თან მინდა, შეხვედრაზე წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ამ ცენტრის საქმიანობის შესახებ ვისაუბრო.
XS
SM
MD
LG