Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების გაყალბებისგან გადარჩენის ბიომეტრული გზა


20 აპრილს „ეროვნულმა ფორუმმა“ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ზუსტი სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების პროექტი წარუდგინა. მისი მთავარი კომპონენტი ამომრჩევლის ბიომეტრული მეთოდით იდენტიფიკაციაა. პროექტის განხორციელება, მისი ავტორების აზრით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვეში იქნება შესაძლებელი და 8 მილიონი დოლარი დასჭირდება.

ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა - ასეთია ბიომეტრული მეთოდით არჩევნების ჩატარების მთავარი პრინციპი. მარტივად რომ ვთქვათ, „ეროვნული ფორუმის“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს ყველა ამომრჩევლის ბიომეტრული ფოტოსა და თითის ანაბეჭდების ელექტრონული ბაზის შექმნას, რაც გამორიცხავს ერთი ადამიანის მიერ არჩევნებში ორჯერ მონაწილეობას. ბიომეტრული ფოტოების ბაზის არსებობა, როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი მელაშვილი, განმარტავს, ე.წ. მკვდარი სულების პრობლემასაც გადაჭრის. წინასწარი დაანგარიშებით, ამ იდეის განხორციელებას 8 მილიონი დოლარი დასჭირდება. ტექნიკურად კი, როგორც ირაკლი მელაშვილი განმარტავს, ბიომეტრიული ბაზის შექმნა ასე მოხდება:

”წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს გადაღებული ფოტო შევა კომპიუტერში და ის ყოველ ჯერზე ამოაგდებს ამავე ადამიანს ნებისმიერ უბანსა თუ ოლქში, სადაც შეეცდება იგივე ადამიანი მეორედ თუ მეათედ ხმის მიცემას... ამ მეთოდით არჩევნები, თავი რომ დავანებოთ განვითარებულ ქვეყნებს, ტარდება ზამბიაში, ნიგერიაში, ბანგლადეშში. ეს იმისთვის ხდება, რომ მეტ-ნაკლები ნდობა გაჩნდეს არჩევნებისადმი. ჩვენთან ბიომეტრიული პასპორტების გაცემა ისედაც დაწყებულია და რამე ტექნიკური სირთულე არ არსებობს. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, რომ ეს სისტემა გავრცელდეს არჩევნების დროსაც.”

პროექტის მოსამზადებელი ჯგუფის წევრი ვახტანგ ხმალაძე გვიხსნის, რომ სპეციალური კომპიუტერული პროგრამა ადამიანის სახის, დაახლოებით, 80 პარამეტრს ადგენს და, შესაბამისად, გამორიცხავს ერთი ადამიანის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემას.

ამომრჩევლის ბიომეტრულ ფოტოს, ანუ სახის გამოსახულებას, ემატება ასევე მისი თითების ანაბეჭდებიც - მეტი დაცულობისათვის.

ვახტანგ ხმალაძეროგორც ვახტანგ ხმალაძე იხსენებს, მსგავსი პილოტპროექტი პარლამენტს ექსპერტების ჯგუფმა, რომელშიც თავად ხმალაძეც შედიოდა, ჯერ კიდევ 2002 წელს წარუდგინა, მაგრამ მაშინ ამ იდეას არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია:

”რვა წლის წინ რომ ეს პროცესი დაწყებულიყო, დღეს ასეთი სურათი არ გვექნებოდა. რატომ არ კეთდება? მე სხვა მიზეზი, გარდა იმისა, რომ ბიომეტრული აღრიცხვის არარსებობის პირობებში ხელისუფლება ძალიან კარგად ახერხებს არჩევნების გაყალბებას, არ ვიცი.”

”ახალი მემარჯვენეების” ერთი-ერთი წევრის, მამუკა კაციტაძის, განცხადებით, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ე.წ. ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის ჯგუფში შემავალმა ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისათვის რამდენიმეპუნქტიანი გეგმა წარადგინეს, რომელშიც ერთ-ერთი სწორედ ბიომეტრული ფოტოსურათის კომპონენტი იყო, მისი აზრით, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც, მაგალითად, საარჩევნო სიების მონიტორინგია. „ახლების“ წევრი ფიქრობს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელიც არ არსებობს.

რადიო თავისუფლება ესაუბრა სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელს გიორგი ვაშაძეს. ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენად რეალურად მიაჩნია ნახევარ წელიწადში „ეროვნული ფორუმის“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივის განხორციელება. მან გვითხრა, რომ ჯერ მას „ფორუმიდან“ არავინ დაჰკავშირებია და მათ პროექტს არ იცნობს, თუმცა ფიქრობს, რომ, მოქალაქეთა ინერტულობის გამო, ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა და, მით უმეტეს, 6 თვეში დასრულება არც ისე ადვილი იქნება:
”ყველას თითის ანაბეჭდი რომ ავიღოთ, ექვს თვეში კი არა, ამას წლები დასჭირდება. ეს კი არა, დღეს საქართველოში პირადობის მოწმობა ვერ ავაღებინეთ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ კარდაკარ დავდიოდით, ფოტოს უფასოდ ვუღებდით, მოწმობის ასაღებად არ მოდიოდნენ და, ასეთი ინერტულობის ფონზე, არ ვიცი, როგორ განხორციელდება ეს პროექტი. თუმცა ჩვენ მზად ვართ „ეროვნულ ფორუმს“ მოვუსმინოთ და, თუ რეალური პროექტია, მათთან ერთად განვახორციელოთ.”
საყურადღებო ფაქტია, რომ დღეს საქართველოს 4 400 000 მოქალაქიდან მოქმედი პასპორტი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 15 წელია ეს დოკუმენტი გაიცემა, მხოლოდ მილიონ-ნახევარ ადამიანს აქვს. „ეროვნული ფორუმისა“ და მისი თანამოაზრე პარტიების ინიციატივა, ცხადია, ვერ მოესწრება და არც არის გათვლილი 30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG