Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენა განაახლა


ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცე კომერციული ფრენისთვის თანდათან იხსნება, ვინაიდან ზოგიერთ ადგილას ვულკანური ფერფლის ღრუბელი საშიშროებას აღარ წარმოადგენს. თუმცა ღრუბელი ახლა ისლანდიიდან ბრიტანეთს უახლოვდება. ამის გამო კვლავ გაურკვეველი რჩება როდის მოხერხდება საჰაერო მიმოსვლის სრული აღდგენა. მსოფლიოს აეროპორტებში ფრენის აღდგენას კვლავ ელოდება ათი ათასობით მგზავრი.

აეროპორტებში ჩარჩენილი მგზავრებისთვის დიდი შვება იყო ინფორმაცია, რომ ევროპის ზოგიერთ რეგიონში საჰაერო მიმოსვლა ნაწილობრივ განახლდა - მას მერე, რაც ის რამდენიმე დღის მანძილზე იყო შეწყვეტილი ისლანდიაში ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ღრუბლის გამო.

საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, პარიზში ორი მთავარი აეროპორტი თანდათანობით გაიხსნა, და დანიშნული საერთაშორისო რეისების ორი მესამედი უნდა შესრულდეს. კომპანია „ერ ფრანსი“ აცხადებს, რომ პარიზიდან შორი მანძილის რეისები „ნორმალურად“ განხორციელდება.

გერმანიაში „ლუფტჰანზამ“ გამოაცხადა, რომ სამშაბათს 200 რეისის განხორციელებას გეგმავს - და თანდათან კიდევ უფრო გააფართოვებს მომსახურებას. გერმანიის მთავრობის განცხადებით, თვითმფრინავებს, რომლებიც რეისებს შეასრულებენ, განსაკუთრებული სიფრთხილით შეამოწმებენ, რათა ნახონ ხომ არ დაგროვდა ფერფლი, რომელსაც ძრავების შეფერხება შეუძლია.

სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აეროპორტები ნორმალურად ფუნქციონირებს.

ევროკავშირის ტრანსპორტის კომისარმა, სიიმ კალასმა ვითარების გაუმჯობესების შესახებ ორშაბათს გააკეთა განცხადება:

„სამშაბათს დილიდან თანდათან უნდა მოიმატოს რეისების რიცხვმა - რაც კარგი ამბავია აეროპორტებში ჩარჩენილი ევროპელი მგზავრებისთვის, საჰაერო მიმოსვლის ინდუსტრიისა და ეკონომიკის იმ სხვა სექტორებისთვის, რომლებსაც ეს კრიზისი მძლავრად შეეხო.“

მაგრამ მეტეოროლოგების ცნობით, ისლანდიიდან ბრიტანეთის მიმართულებით ახალი ღრუბელი დაიძრა. ამის გამო ბრიტანეთში ყველა ახლო მანძილის რეისი გააუქმეს. ლონდონის საერთაშორისო აეროპორტები დახურული რჩება.

ექსპერტების თქმით, ისლანდიის მყინვარ ეიაფიატლაიოკუდლის მახლობლად მდებარე ვულკანის აქტივობა სამშაბათსაც შეინიშნებოდა. მაგრამ შეინიშნებოდა უფრო მეტი მიწაზე გადმოფრქვეული ლავა და ნაკლები ჰაერში ატყორცნილი ფერფლი და მკვრივი ნაწილაკები, ვიდრე წინა დღეებში. ამით კი, შესაძლოა, საბოლოო ანგარიშით, ჰაერის დაბინძურების პრობლემა გადაიჭრას.

საჰაერო მიმოსვლის ინდუსტრია აცხადებს, რომ ფრენის შეფერხება დღეში 200 მილიონ დოლარამდე უჯდებათ ავიაკომპანიებს და ევროპის საავიაციო უწყებებისგან მოითხოვს, შეამსუბუქოს ფრენის შეზღუდვა.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ჯოვანი ბისინიანიმ ევროპის ქვეყნების მთავრობებს ბრალი დასდო, რომ მთელ რეგიონში ფრენის აკრძალვისას საფრთხე სათანადოდ არ ჰქონდათ შეფასებული. მისი თქმით, მთავრობებმა „არც საფრთხეები შეაფასეს, არც კონსულტაციები აწარმოეს, არც კოორდინაცია გააკეთეს და არც ხელმძღვანელობის ნება გამოავლინეს.“

აეროპორტებში ასიათასობით მგზავრი რჩება ჩარჩენილი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ნიო-იორკში იმყოფება, ამბობს, რომ 7 დღის განმავლობაში სახლში დაბრუნებას ვერ შესძლებს:

„ცხადია, ძალიან გვეხმარებიან - მაგრამ ახლა ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ, სანამ საჰაერო სივრცე გაიხსნებოდეს. ბილეთს, ყველაზე ადრე, 27 აპრილს მპირდებიან.“

ლონდონის და მიუნხენის გარდა, ევროპის მიმართულებით ავიარეისები განახლდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხი. რამდენად საშიშია ფერფლის ღრუბელი ევროპის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის? ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამშაბათს განაცხადა, რომ ფერფლის ნაწილაკები ატმოსფეროში მაღლა რჩება და ჯერჯერობით ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. თუმცა ექიმები სასუნთქი გზების ან ფილტვების პრობლემების მქონე ხალხს მაინც ურჩევენ გარკვეული ზომების გატარებას - შეძლებისდაგვარად სახლებში დარჩენას, ან, თუკი ხმარობენ, ინჰალატორების თან ქონას.
XS
SM
MD
LG